ვინ ამოიღებს ბურთულას: კახა კალაძე თუ შოთა არველაძე?

AutoSharing Option
6 დეკემბერს ლოზანაში, უეფას აღმასკომზე გადაწყდა, რომ 2013 წლის ფუტსალის ევროპის თასის ოთხთა ფინალს თბილისი უმასპინძლებს.

25, 26 და 28 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში დიდი ზეიმი გველის - ფუტსალის უეფას თასს ერთმანეთს შეეცილებიან საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი გრანდი თბილისის "იბერია სტარი", "ბარსელონა" (ესპანეთი), "დინამო" (რუსეთი) და "კაირათი" (ყაზახეთი).

ამ დონის ტურნირი საქართველოში არასოდეს ჩატარებულა და მასთან დაკავშირებული დეტალების მიმართ ჩვენი ინტერესი გასაგებია.

უეფამ ქართული მხარის ინიციატივა გაიზიარა და ოთხთა ტურნირის ნახევარფინალური მატჩები პარასკევს, 26 აპრილს დანიშნა, ხოლო ფინალი და
მესამე ადგილისთვის შეხვედრები კი კვირას, 28 აპრილს, რათა მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწროს.

კენჭისყრა თბილისში
უეფას სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისში 29 იანვარს, ვითარების ადგილზე გასაცნობად და ინფრასტრუქტურის ინსპექტირებისთვის გვეწვევიან. ცნობილი იყო, რომ ამ დროისთვის უნდა გარკვეულიყო კენჭისყრის ჩატარების ადგილი და მატჩების დაწყების საათები, რაც ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლუზიური უფლების მქონე "ევროსპორტთან" არის შესათანხმებელი.

თუმცა "იბერიას" მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, უეფამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო:

"ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალების წილისყრა 27 მარტს გაიმართება და ამ ღონისძიებასაც თბილისი უმასპინძლებს. საქართველოს ესტუმრება უეფას დელეგაცია, გუნდების წარმომადგენლები და შესაძლოა, წილისყრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი "ევროსპორტმა" გადასცეს".

დარჯანიამ საინტერესო ამბავი გაიხსენა: 2012 წელს წილისწყრა "კამპ ნოუზე", "ბარსელონა"-"მილანის" მატჩის შესვენებისას ჩაატარეს, ლოტოტრონიდან ბურთულები კი ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავმა დავიდ ვილიამ ამოიღო.

შესაძლოა, მსგავსი რამ საქართველოშიც მოხდეს, მაგრამ ვინ იქნება ქართველი "ვილია"?

"ცხადია, ჩვენი სურვილია, კენჭისყრა მაღალ დონეზე, ცნობილი სახეების მონაწილეობით ჩავატაროთ.

როგორც ვიცი, ორი კანდიდატურაა - კახა კალაძე, რომელმაც ორჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი და შოთა არველაძე, რომელსაც ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბში უთამაშია.

თუმცა, შესაძლოა, ბურთულები ორივემ ერთად ამოიღოს. ეს საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია",
- ამბობს დარჯანია.

სავალდებულო შავი პარკეტი
ოთხთა ფინალის ჩასატარებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელშიც შევიდნენ: სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია...

ისინი არსებული პრობლემების მოგვარებას უეფასთან კოორდინაციით შეეცდებიან.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია თბილისის სპორტის სასახლეში პარკეტის შეცვლას ითხოვს. ამჟამინდელი კი მაღალი ხარისხის არის, მაგრამ ოთხთა ფინალის დონის ტურნირზე სხვადასხვა სახეობისთვის დახაზული საფარი შეუფერებელი იქნება.

ამის მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა შემდეგი მოთხოვნა - მიღებული პრაქტიკით, ამ ტურნირს შავი ფერის საფარზე ატარებენ, რომელიც საგანგებოდ მხოლოდ ფუტსალისთვის დაიხაზება:

"საფარის საკითხი მალე გადაწყდება. როგორც ვიცი, ფედერაცია ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს. უეფას დელეგაცია 30-31 იანვარს ჩამოდის და 2-დღიან სამუშაო შეხვედრებსა და ინსპექტირებაზე გადაწყდება, ყურადღება კიდევ რა საკითხებს უნდა მოვაქციოთ.

ჟურნალისტთა და ვიპ-ლოჟების გაფართოება-მოწესრიგება უეფას მედიაოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას აქვს დავალებული. სხვათა შორის, 2 წლის წინ უეფამ კვარაცხელია ანალოგიურ ტურნირზე ალმატიში მიავლინა, სადაც ტურნირზე აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობით რეკორდი დამყარდა.

ამ თემაზე მამუკას ველაპარაკე და დიდი სურვილი გვაქვს, რომ თბილისში რეკორდი გავაუმჯობესოთ".


იბერიას ახლები ფუტსალის ნბა-დან
ამასობაში საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. გუნდი ოთხმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა დატოვა, რომლებიც მის ძალას და წარმატებებს განაპირობებდნენ და ყველამ უკრაინას მაიშურა: ივანო-ფრანკოვსკის "ურაგანში" გააგრძელებს კარიერას რონი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაში სურდა.

"იბერიას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ სოლოდოვნიკმა კი კიევის "ინოკიევეცში" სამი ბრაზილიელი წაიყვანა - ბრუნო მელო, ბეტინიო და რომარიო.

"მათ ნაცვლად "იბერიაში" ასევე ოთხი ბრაზილიელი ითამაშებს. სამი უკვე ჩამოვიდა: ბრუნო დე ოლივეირა პალმა, რომლის ყოფილი კლუბი ბრაზილიური "მარეკოა"; პაულო ცეზარ დუტრა ჟუნიორი "პარანავაიდან" დავიმატეთ, ემერსონ გომეს დუ ნასიმენტო კი - "კოლეჟიო ლოდრინენსედან".

ბრაზილიიდან კიდევ ერთ მოთამაშეს ველოდებით.

რა თქმა უნდა, წასულები "იბერიასთვის" უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ და გუნდის მიღწევებში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მათ მიწვევები ჰქონდათ, წავიდნენ და გუნდის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

მაგრამ ბენატის შემადგენლობის დაკომპლექტებაში სრული თავისუფლება აქვს. მას აქვს დავალება, ოთხთა ფინალისთვის "იბერია" მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

რამდენად გაამართლებენ მისი არჩეულები, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ იმედიანად ვართ, რადგან ოთხივე ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა.

ევროპაში ბევრი ძლიერი ლიგაა - ესპანეთის, რუსეთის, იტალიის, პორტუგალიის, მაგრამ ბრაზილიის ფუტსალის ჩემპიონატი ისევე მაღლა დგას ყველა დანარჩენზე, როგორც საკალათბურთო "ნბა". ამიტომ მიმაჩნია, რომ წასულები, სულ მცირე, არანაკლებ ძლიერი მოთამაშეებით შევცვალეთ და ოთხთა ფინალსაც იმედიანად ველით",
- ამბობს დარჯანია.

დაბოლოს: ერთი კვირის წინ "იბერიას" ადმინისტრაციამ მასობრივი სინჯების დაწყება გამოაცხადა, რომელსაც კლუბის მთავარი მწვრთნელი, ბრაზილიელი სერჟიო ბენატი გაუძღვება. დარჯანიას თქმით, აქციის მიზანია, უახლოეს წლებში ბრაზილიელების ტოლფასი ერთი ქართული ოთხეული მაინც გაზარდონ.

საქართველოს ჩემპიონის ინიციატივამ ახალგაზრდა ფეხბურთელებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია და ცნობილია, რომ ტესტირებაში მონაწილეობას 70-მდე მოთამაშე მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული