მართალია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი გამონაკლისი აღმოჩნდა. გულშემატკივართა ნაწილი მისი პოსტიდან გადაყენებას მოითხოვს. მიზეზი მოლდოვასთან ფრედ დასრულებული მატჩია - ეს არ გვეკადრებაო.
ჯგუფიდან გასვლა კარგია და, რა თქმა უნდა, მიღწეულითაც არ უნდა დავკმაყოფილდეთ - პრობლემები რომ არსებობს, მოლდოვასთან ფრემ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, მაგრამ ლოგიკურია ამის გამო მწვრთნელის გათავისუფლება?
ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, კახა დევდარიანმა გააკეთა.
"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა რეალობაში
გამოდის, რომ არა ეროვნულ ჩემპიონატს, არამედ თბილისის ღია პირველობას ვატარებთ.
არადა, ნებისმიერ სფეროში რეგიონებია მასაზრდოებელი წყარო. როდესაც ეს წყარო გადაიკეტა, ნაკრების მწვრთნელს დიდი არჩევანი აღარ რჩება.
ეს ერთი მხარეა, რაც პროფესიონალური კუთხით აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ნაკრებს ასათიანი გაწვრთნის თუ სხვა ვინმე, ამ პრობლემას ყველა წააწყდება.
მეორე ფაქტორი: ბოლო სამი წელიწადია, ფუტსალში დიდი ჩავარდნაა. მოლდოვის ნაკრები ვითარდება. ჩვენგან განსხვავებით, ყოველწლიურად ბევრ საკონტროლო შეხვედრასაც ატარებს და ნამდვილად არ არის სუსტი გუნდი. ამიტომ მათთან ფრე ჩვენნაირი პრობლემების მქონე ქვეყნის ნაკრებს ტრაგედიად ვერ ჩავუთვლი.
მესამე: მალტაზე არ ვყოფილვარ და თამაშები არ მინახავს. ვიცი, რომ მოლდოვასთან პირველი ნახევარი მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ბიჭები დაიღალნენ და ის შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს, რაც ჩვენს ფუტსალს გააჩნია.
ეს არის არა ასათიანის, არამედ იმის ბრალი, რომ ნაკრებს არ გააჩნია კარგი საფუძველი. დიახ, ოფიციალურ მატჩებამდე ნაკრებმა მალტის ტურნირზე ითამაშა, მაგრამ გუნდს სჭირდება ბაზა, ბევრი საკონტროლო შეხვედრა, კარგი სავარჯიშო პირობები, შესაბამისი კვება, ვიტამინიზაცია, ყოველდღიური სამედიცინო დახმარება და ა.შ. ამის გარეშე ევროპაში მაღალ დონეზე თამაში ძალიან ძნელია.
ბოლო სამი წელიწადია, ფუტსალი და მთელი ქართული ფეხბურთი არასწორად ვითარდებოდა და სტრუქტურული ცვლილებები ესაჭიროება. თუ მთა არ არსებობს, მწვერვალი როგორ იქნება? ნაკრები კი მთის მწვერვალია, რომელსაც საფუძველი უნდა შევუქმნათ.
ბიჭებმა თავი დადეს, მაგრამ დღეს არსებულ პირობებში, შესაძლოა, მეტი არც შეუძლიათ. ეს არის არა ქება ან ძაგება, არამედ, რეალობა.
ამ პრობლემების ასათიანზე გადაბრალება, სულ მცირე, არასწორია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენს პირობებში მოლდოვასთან ფრე არც ისე ცუდი შედეგია. და თუ სისტემა არ შეიცვლება, შესაძლოა, შედეგი კიდევ უფრო გაუარესდეს", - ამბობს დევდარიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ასათიანი: ბიჭები აეროპორტში ისხდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ
საქართველოს ნაკრებს მოლდოვა ისევ ყელში გაეჩხირა