დღეს ფუტსალის სეზონი იწყება

AutoSharing Option
დღეს ფუტსალის სეზონი განახლდება. ამ სახეობაში საქართველოს ჩემპიონატი სამ ლიგაში ჩატარდება. პროფესიულ "სუპერლიგაში" 6 გუნდი 4 წრედ ითამაშებს. დანარჩენი 2 ლიგა სამოყვარულოა ("ბიზნესის" და "ვეტერანთა" ლიგები) და თითოეულში 11 გუნდი გამოდის - სულ 28. თუ გავითვალისწინებთ, რომ კლასიკურ ფეხბურთში საქართველოში მხოლოდ 58 გუნდი შეგროვდა (უმაღლეს, პირველ და რეგიონალურ ლიგებში), ეს მშვენიერი მაჩვენებელია.

 


"ბიზნესის ლიგა" დღეს, 23 ოქტომბერს იწყება, "ვეტერანთა ლიგა" ხვალ, სუპერლიგა კი სტარტს ერთ კვირაში აიღებს. გუნდები ლიგებში სპორტული და ფინანსური კრიტერიუმებით განაწილდნენ. ახალ სეზონში გათამაშდება საქართველოს თასიც "სუპერლიგისა"

და "ბიზნესის ლიგის" გუნდების მონაწილეობით.


"ბიზნესის ლიგა" მესამე სეზონია ტარდება, მაგრამ ახლა სტატუსი შეიცვალა და საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატი გახდა.
"ბიზნესისა" და "ვეტერანთა" ლიგების ფორმატი ასეთია: რეგულარული ჩემპიონატი და პლეი ოფი. სამოყვარულო ჩემპიონატი დაცვის პოლიციის პარტნიორობით ტარდება.

საინტერესო შემადგენლობები იკრიბება ვეტერანთა ლიგაში, სადაც ითამაშებენ თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები: მეკარე დათო გვარამაძე, მცველი გოჩა ჩიქოვანი, ნახევარმცველი გელა ინალიშვილი და ასე შემდეგ.

 
გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას მალე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დაიწყებს. 20-24 იანვარს მაკედონიაში ჩვენი მეტოქეები იქნებიან მასპინძლები, ინგლისი და ესტონეთი. ოფიციალურ ტურნირამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს. რამდენიმე მიწვევა უკვე მიღებულია, მაგალითად, საფრანგეთიდან და ლატვიიდან. შეკრებების დაფინანსებაში ეროვნულ გუნდს ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარება. მომდევნო კვირას ფუტზალის ასოციაციის ხელმძღვანელები ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას სწორედ ამის თაობაზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.

ბოლო სანაკრებო მატჩებად ფუტსალელები საფრანგეთისა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ჩატარებულ ოთხ მატჩს ასახელებენ – ფრანგებს ორივე თამაში მოვუგეთ, 20 და 21 სექტემბერს პოლონეთთან კი ორივე ფრედ (3:3 და 5:5) დასრულდა. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, რა შუაშია ეროვნულთან ახალგაზრდულის შეხვედრა, მაგრამ ამ დაპირისპირებებს იგივე დატვირთვას ანიჭებდნენ, რასაც ქეცბაია სლოვენიასთან 17 ნოემბრის მატჩს, სადაც გასასინჯ ფეხბურთელებს იწვევს. ფუტსალის ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრმა მოთამაშემ ასაკობრივ ზღვარს მიაღწია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობდა, რამდენიმე კი, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.

საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" კი მალე ელიტ-რაუნდის მატჩებს ყაზახეთის ძველ დედაქალაქში გამართავს. გუნდი ალმატიში 19 ნოემბერს ჩავა, მეორე დღიდან კი ურთულესი მატჩები ელის. მისი მატჩების გრაფიკი ასეთია: 20 ნოემბერი – "აკადემია" (პოლონეთი), 21 ნოემბერი – "სლოვ-მატიკი" (სლოვაკეთი), 23 ნოემბერი – "კაირათი" (ყაზახეთი). შეიძლება ითქვას, რომ წილისყრაზე გაგვიმართლა და ჩვენი ჩემპიონი საუკეთესო ჯგუფში მოხვდა, რადგან ესპანეთის, რუსეთის, პორტუგალიის და იტალიის ჩემპიონები აგვცდა. გამომდინარე აქედან, "იბერიას" ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი გააჩნია. თუმცა, ოთხთა ფინალში მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების შემთხვევაში მოხვდება – ასეთ შემთხვევაში, "იბერიას" მატჩებს ~ევროსპორტის" პირდაპირ ეთერში ვიხილავთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული