თენგიზ ჩიკვილაძე ფუტსალში გადავიდა: აქ მეტი წესიერებაა

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრა, GIEC-სა და თელავის "ბურჯს" შორის (6:5), დიდ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ერთი ფაქტი - თელაველთა კარში ერთ-ერთი გოლი თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა.

გადავამოწმეთ და დადასტურდა: დიახ, GIEC-ის მოთამაშე სწორედ ის ჩიკვილაძეა, რომელიც კლასიკურ ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ეროვნულის კანდიდატი გახლდათ.

ნიჭიერი მოთამაშე უმაღლეს ლიგაში 2003 წელს თბილისის "სპარტაკის" შემადგენლობაში გამოჩნდა. უთამაშია "ზესტაფონში", "ბათუმში", ბოლნისის "სიონში", "ამერში", რუსთავის "ოლიმპში", თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში".

მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატი ისევ "სიონში" დაიწყო, მაგრამ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ
გუნდიდან გაათავისუფლეს.

ჩიკვილაძე ცნობილია იმით, რომ შეტევებში წარმატებით და ეფექტურად ერთვებოდა. მას საკმაოდ ბევრი გოლი დაუგროვდა: 2009-10 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" ფორმით 7 გოლიც გაიტანა, სულ კი კარიერის განმავლობაში ანგარიშზე 44 გოლი ჩაიწერა - დამეთანხმებით, მარცხენა მცველის კვალობაზე, ჩინებული შედეგია.

როგორ აღმოჩნდა 29 წლის მოთამაშე ფუტსალში და რა განსხვავებაა კლასიკურ ფეხბურთსა და მის შვილობილს შორის? ამ და სხვა საინტერესო ამბებზე "ლელოს" თენგიზ ჩიკვილაძე ელაპარაკა.

- თავიდან მეგონა, რომ ფუტსალში შენი სეხნია და მოგვარე თამაშობდა...
- მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ფეხბურთელისთვის სასურველ ასაკში ფუტსალში თუ გადავიდოდი, მაგრამ ცხოვრებაში წარმოუდგენელი არაფერია. ფუტსალში ბევრია ასეთი მოთამაშე: კახა ახალაძე, მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ტიკურიშვილი... სხვათა შორის, ბოლო ორი თბილისის "ამერში" თამაშობდა და საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშედაც ითვლებოდა.

- GIEC-ში როგორ აღმოჩნდი?
- "სიონიდან" ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო გამომიშვეს და უგუნდოდ დავრჩი. მეგონა, ახალგაზრდულ ნაკრებსა და ყველა წამყვან ქართულ გუნდში ნათამაშები სადმე ჩავირიცხებოდი. წინადადება როგორ არ იყო, მაგრამ ნორმალურ გუნდში მსურდა მოხვედრა.

არაფერი გამოჩნდა და უგუნდოდ ამიტომაც დავრჩი. ფორმის შესანარჩუნებლად ფუტსალის გუნდში ვვარჯიშობდი და შემდეგ ბიჭებმა GIEC-ში თამაში შემომთავაზეს.

- "სიონიდან" რატომ გაგიშვეს?
- გახსენება აღარ მსურს. ის მაინც მახარებს, რომ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი, რომ ახლა იქ კარგი ვითარებაა.

- როგორც ვიცი, გარკვეული დრო არის საჭირო, მოთამაშე კლასიკური ფეხბურთიდან ფუტსალში რომ გადავიდეს.
- შეზღუდვები არსებობს, მაგრამ ხანმოკლე - კლასიკურში ორი თვე არ უნდა ითამაშო. მე კი დეკემბრის შემდეგ უგუნდოდ ვარ. სხვათა შორის, თელაველებთან მატჩი ფუტსალში ჩემთვის სადებიუტო იყო, სულ სამი დღე ვივარჯიშე და განაცხადში შემიყვანეს.

- რომელში უფრო დიდი დატვირთვებია?
- რა თქმა უნდა, ფუტსალში! დიდი ფეხბურთი ვერც ტემპით შეედრება და ვერც მოძრაობის ინტენსივობით. გაუთავებლად უნდა იმოძრაო და გაცილებით დიდხანს გიწევს ბურთთან შეხება. ამიტომაც ცვლიან ფეხბურთელებს ხშირადაც და სათამაშო დრო მხოლოდ 20 წუთია. შეუცვლელად ბოლომდე ვერავინ გაძლებს.

მოკლედ, საშინელი სათამაშოა, რასაც ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. აქ არა მხოლოდ ფორმის შენარჩუნებას მოვახერხებ, არამედ მშვენივრადაც მოვემზადები.

- გადართვა არ გაგიჭირდა?
- ცხადია, სირთულეები იყო. სხვა თუ არაფერი, არ დავმალავ და, წესები ბოლომდე დღემდეც არ ვიცი. ფუტსალის თამაში ბევრს არც შეუძლია. მე ადრეც სიამოვნებით ვთამაშობდი და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მიჭირს. პირიქით, მსიამოვნებს კიდეც. უბრალოდ, შეგუება მჭირდება - ფუტსალში სხვაგვარი პასები, გადაცემები და დარტყმებია საჭირო.

- ფუტსალს ისეთ დონეზე ითამაშებ, ამ სახეობის ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდე?
- ამას დრო გვაჩვენებს. ნაკრების მწვრთნელთა მოთხოვნებსაც არ ვიცნობ. მაგრამ მე მაინც კლასიკურ ფეხბურთში დაბრუნებაზე ვფიქრობ.

- შენი აზრით, ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი რა დონისაა?
- ყველა ტურნირის დონეს წამყვანი კლუბები განაპირობებენ. ჩვენ კი უეფას თასის ოთხთა ფინალში მოხვედრილი "იბერია სტარი" გვყავს, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, სულ ევროპის საუკეთესოებს ეომება და მასთან დაპირისპირებაში მისი მეტოქის მოთამაშეებიც იზრდებიან.

მიმაჩნია, ასეთი გუნდი რომ გვყავს, ფუტსალს მეტი ყურადღებაც უნდა მიექცეს. არადა, დღეს ამ სახეობაში ძალიან დაბალი ხელფასებია. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, საკმაოდ ძლიერი გუნდებისა და ნაკრებების ჩამოყალიბება და სოლიდური ჩემპიონატის ჩატარებაა შესაძლებელი.

- თუ საიდუმლო არ არის, ფუტსალის კლუბებში როგორი ხელფასებია?
- რაც ვიცი, "იბერიაში" და თსუ-ში არის მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასები. ყველა დანარჩენში სიმბოლური ანაზღაურებებია. პირადად მე GIEC-ში ხელფასს არ ვიღებ, მხოლოდ ფორმას ვინარჩუნებ.

- ბოლო დროს ფუტსალი პოპულარული გახდა, მაგრამ გულშემატკივრისთვის ბევრი რამ უცნობია. მაგალითად, რა ინტენსივობით ვარჯიშობთ?
- კვირაში ორი დღე ვისვენებთ. საკმაოდ ცოტა მოთამაშეა, არადა, ქართველებს ფუტსალის ნიჭი ნაღდად გვაქვს.

- კლასიკურ ფეხბურთში უფრო მეტი წესიერებაა თუ ფუტსალში?
- ფუტსალი ამ კუთხითაც შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაშია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მისით ჯერ ტოტალიზატორები მასობრივად არ დაინტერესებულან. კლასიკურ ფეხბურთში, მით უფრო ჩვენთან, რაც ხდება, ყველამ კარგად იცის - მეტისმეტ სიბინძურეშია ჩაფლული. ისეთი ამბები ხდება, შეგეზიზღება და ვერ მოვყვები. ბევრჯერ მიფიქრია, ამის შემდეგ კიდევ ძლიერი კლუბები და ნაკრებები როგორ გვყავს.

სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს, მაგრამ შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი რომ ვერ გავიზარდე და დიდ დონეზე ვერ ვითამაშე - ხშირად მოთამაშეს მოტივაციას ესეც უკლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული