იბერია ისტორიული შედეგის მიჯნაზე

AutoSharing Option
ფუტსალში "იბერია სტარი" ისტორიული შედეგის მიჯნაზეა - ერთი მოგებაც და საქართველოს ჩემპიონი ევროპის საუკეთესო გუნდების ოთხეულში მოხვდება.

ზაფხულში, "ლელოსთან" ინტერვიუში, "იბერიას" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა თქვა, ამ სეზონში ჩვენი მიზანი ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალში გასვლაა, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებსო. მაშინ ეს ამბიციური განცხადება ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის წლევანდელი გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავია.

შეგახსენებთ, რომ "იბერიამ" ჩეხეთში ჩატარებული ძირითადი ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეტოქეებად ყაზახური "კაირატი", სლოვაკური "სლოვ-მატიკი" და პოლონური "აკადემია" ერგო - ჯგუფური
ტურნირი ალმატიში დაინიშნა.

შაბათს, პირველ მატჩში "იბერია" სლოვაკეთის ჩემპიონს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში ბეტინიომ 77-ე წამზე გახსნა. ჩვენები ისედაც ფავორიტებად ითვლებოდნენ და გოლის მერე ტაიმმა "იბერიას" შეტევებში განვლო. შესვენებამდე ჩვენებს შვიდი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ორი გოლად აქციეს, მეორე რონიმ გაიტანა.

ტაიმის ორბურთიან სხვაობით წაგების შემდეგ სლოვაკებს უკან დასახევი გზა მოეჭრათ და მეორე ნახევრის საწყის წუთებში უპირატესობასაც ფლობდნენ, რაც ვოიტეკ ვარადის გოლში აისახა.

მატჩის დასრულებამდე 8 წუთი რჩებოდა, რომელიც პირველი ტაიმის მსგავსად, იბერიელთა შეტევებში გაილია, ბრუნო მელოს მესამე გოლითა და საქართველოს ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

სლოვაკებთან "იბერიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: აკოფოვი, კუბლაშვილი, ძაბირაძე, ბრუნო მელო, რომარიო, ტონი, ჯამბურია, ალთუნაშვილი, ბეტინიო, ფუმასა, რონი, მაისაია.

პირველი ტურის მეორე მატჩში ტურნირის მასპინძელმა "კაირატმა" "აკადემია" იოლად დაამარცხა – 5:0. საინტერესოა, რომ მეოთხე და მეხუთე გოლები ყაზახებმა ბოლო 32 წამში გაიტანეს.

მეორე ტურში, რომელიც კვირას გაიმართა, "იბერიას" მეტოქე "აკადემია" იყო და ამ მატჩის სცენარიც იბერიელთა პირველი მატჩისას ჰგავდა. "იბერია" აქაც ორი ბურთით დაწინაურდა, მეტოქემ ერთი გაქვითა და ბოლოს საქართველოს ჩემპიონმა კვლავ 3:1 მოიგო. ჩვენებიდან თავი ვასორამ, ბეტინიომ და რონიმ გამოიჩინეს, პოლონელთაგან ერთადერთი ბურთი რაფალ ფრანცმა გაიტანა.
პოლონელებთან "იბერიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ტონი, კუბლაშვილი, ძაბირაძე, ბრუნო მელო, რომარიო, აკოფოვი, ჯამბურია, ალთუნაშვილი, ბეტინიო, ფუმასა, რონი, მაისაია.

პირველ მატჩის შემდეგ "იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ოლეგ სოლოდოვნიკმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, მეკარე ერიკ აკოფოვი ბრაზილიელი ტონით შეცვალა. მოგვიანებით კი კარის დაცვა ჯაბა ჯამბურიას დაევალა და სამივე მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია – ერთ შეხვედრაში სამი მეკარის თამაში კი ფუტსალში იშვიათი ამბავია.

ამგვარად, "იბერია სტარმა" ელიტ-რაუნდის ორ მატჩში 6 ქულა დააგროვა და გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინშია. ექვსი ქულა აქვს "კაირატსაც", რომელმაც "სლოვ-მატიკს" 3:1 მოუგო. გათამაშების დებულებიდან გამომდინარე, საქართველსო ჩემპიონს ფრე ხელს არ აძლევს და ყაზახური კლუბის 9 ბრაზილიელი ლეგიონერის წინააღმდეგ მხოლოდ მოგება სჭირდება.

მატჩი 23 ნოემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

კაირატი 2 2 0 0 8:1 6
იბერია სტარი 2 2 0 0 6:2 6
სლოვ-მატიკი 2 0 0 2 2:6 0
აკადემია 2 0 0 2 1:8 0



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული