თავის დროზე პანტელი და ქეცბაია "ანორთოსისში" ერთად მუშაობდნენ. ამ დროისთვის, კვიპროსულ კლუბს მე-9 ადგილი უჭირავს შინაურ ჩემპიონატში. გუნდს ებრაელი სპეციალისტი რონი ლევი ხელმძღვანელობს.
"თემურ ქეცბაიას დაბრუნება? ეს ოცნების ახდენას ჰგავს. რაც მთავარია, მას ეს კლუბი უყვარს, დანარჩენს კი ერთად ვნახავთ. დადგება მომავალში დღე, როცა ქეცბაია ისევ მოვა "ანორთოსისში". მისი ადგილი აქ მუდამ იქნება", - თქვა პრეზიდენტმა პანტელიმ.
"ახლა ის დრო არ არის, როცა მომავლის ტრანსფერებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: გავიხარებდით იმ შემთხვევაში, თუ კაჭარავა ჩვენთან გადმოვიდოდა", - ესეც პანტელის სიტყვებია.
23 წლის კაჭარავათი, ვისაც უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სხვა კვიპროსული კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის, იქაური გრანდი - აპოელ-ი.
ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, რა პოზიცია ექნება "როსტოვს", ვის ხელშიც არის კაჭარავას სატრანსფერო უფლებები (ქართველი "ეთნიკოსში" იჯარით თამაშობს). ანუ ფორვარდის ბედი რუსული კლუბის ხელშია.
ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ რუსეთის ვიცე-ჩემპიონიდან საშუალოკვიპროსულ კლუბში გადასვლამ გაამართლა. თუ "როსტოვში" კაჭარავას საერთოდ არ ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი, კვიპროსზე მან აუცილებელი სათამაშო პრაქტიკა მიიღო და გოლების გატანაც დაიწყო.
რაც შეეხება ქეცბაიას, ის ორჯერ (1992-94 და 2002-06) თამაშობდა "ანორთოსისში". სწორედ ამ გუნდში დაასრულა მან ფეხბურთელის შესანიშნავი კარიერა და იქვე გააგრძელა მუშაობა მთავარ მწვრთნელად. 2004-09 წლები "ანორთოსისისთვის" ნამდვილი "ოქროს ხანა" იყო - ქეცბაიას თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
ბოლოს ქეცბაია ათენის აეკ-ს წვრთნიდა. ბერძნული გრანდიდან წასვლის შემდეგ მის სამწვრთნელო კარიერაში პაუზაა, რომელსაც, იმედია, მალე საქმე შეცვლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"