იმიტომ, რომ ქართველი ვარ! - ფეხბურთელები, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ნაკრებია

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველი მცველი თემურ ფარცვანია უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეობას დაიბრუნებს. მიზეზი, რის გამოც უკრაინაში მცხოვრები 25 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა.

ფარცვანია არაა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საქართველოს გამო სხვა ქვეყნის მოქალაქეობასა ან უცხოურ ნაკრებზე უარს ამბობს და იმედი ვიქონით, რომ ის არც უკანასკნელი იქნება. ჯერ კიდევ ბევრი ფეხბურთელი გვყავს საქართველოში დასაბრუნებელი და სამწუხაროდ, ალბათ, მომავალშიც გვეყოლება...

ქვემოთ კი იმ ქართველ ფეხბურთელებს გავიხსენებთ, რომლებმაც შეთავაზებისა და უკეთესი პირობების მიუხედავად, თამაში მაინც საქართველოს
ეროვნული ნაკრების ფორმით ამჯობინეს.

კახა ცხადაძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი);
ცხადაძე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს და ვიდრე ქართული საფეხბურთო სამყარო დამოუკიდებლად არსებობას გადაწყვეტდა (ანუ, 1990 წლის მარტამდე), ის ამ გუნდში შეუცვლელ და წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა. 1990 წლის დასაწყისიდან, ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლად აპირებდა არსებობას და ცხადაძესაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ითამაშა კიდეც ორი წელი "იბერიაში" (მაშინდელი თბილისის "დინამო")...

1992 წელს ცხადაძე რთული არჩევნის წინაშე დადგა: რუსეთის ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი პაველ სადირინი დაჟინებით სთხოვდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას დსთ-ის ნაკრებში მოასპარეზე არარუსი ფეხბურთელების "გადმობირებას" და ყველა მათგანს (მათ შორის ცხადაძესაც) 1994 წლის მუნდიალზე გამგზავრების გარანტიას აძლევდა.

ცხადაძის არჩევანი ყველასათვის ცნობილია - საქართველოს ნაკრები!

მიხეილ ფოცხვერია (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი);
მამით ქართველ ფოცხვერიას, რომელიც ნოვოსიბირსკში დაიბადა და ლუგანსკში გაიზარდა, საქართველოს გამო უკრაინის ნაკრების მაისურზე გადაჭრით უარის თქმა არ გასჭირვებია. იმ პერიოდში ფოცხვერია დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა და ბრემენის "ვერდერის" დუბლებშიც ითამაშა.

"თუ უკრაინასა და საქართველოს შორის არჩევნის გაკეთება მომიწევს, ჩემს ისტორიულ სამშობლოს ავირჩევ", - თქვა მაშინ ფოცხვერიამ.

"შახტარის" ხელმძღვანელობა მის გადარწმუნებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ამას კლუბის მხრიდან ულტიმატუმი მოყვა - თუ არჩევანს უკრაინას სასარგებლოდ გააკეთებდა, გააგრძელებდა "შახტარის" მთავარ გუნდში თამაშს, თუ მაინც საქართველოს აირჩევდა - "შახტარის" დუბლებში გაუშვებდნენ. გადაწყვეტილება მაინც ვერ შეაცვლევინეს...

ეროვნული ნაკრებიდან უკრაინაში დაბრუნებულ ფოცხვერიას კარიერა მართლაც დაენგრა. ჯერ იყო და დუბლებში გადაიყვანეს, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო და 26 წლის ასაკში კარიერა ნაადრევად დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება მან სულ 4-ჯერ მოასწრო, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება არც შემდეგ უნანია: "ჩემი სამშობლო საქართველოა, იქაა მთელი ჩემი ოჯახი და მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებ".

ჯანო ანანიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი);
13 წლის ასაკში ანანიძე მისმა აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ კიევის "დინამოს" აკადემიაში მიიყვანა. იქ ყოფნის პერიოდში, მას უკრაინული მოქალაქეობა შესთავაზეს, რაზეც უარით უპასუხა: "სამშობლოს ვერ შევცვლი!".

"დინამოს" შემდეგ ჯანომ კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" გააგრძელა. მისი თამაშით მართლაც ყველა აღფრთოვანებული იყო და კითხულობდნენ კიდეც, ვინ არის ეს ბიჭი, სახელი ჯანო კი ზოგს ბრაზილიური ეგონა და, შესაბამისად, ანანიძეც - ბრაზილიელი. მისმა შესანიშნავმა თამაშმა უყურადღებოდ არ დატოვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც ჯანოს რუსული მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაში შესთავაზეს.

ჯანოს ხილვა ამ დროს საქართველოს ნაკრებშიც სურდათ და სწორედ ამიტომ, სფფ-ს მაშინდელი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ჯანოს მამას, ამირან ანანიძეს პირადად შეხვდა და ვაჟის მომავალზე ესაუბრა. როგორც ანანიძის მამა ამბობდა, ჯანოს მხოლოდ საქართველოს ნაკრებში სურდა თამაში და ის სხვა ვარიანტებს არც განიხილავდა.

ასეც მოხდა - 2009 წლის 5 სექტემბერს 16 წლის ფეხბურთელს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი.

შეკითხვას, თუ რატომ გააკეთა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ, ჯანომ მოკლე და მარტივი პასუხი გასცა: "იმიტომ რომ ქართველი ვარ!"

საბა კვირკველია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი);
იყო დრო, საქართველოში დაწუნებულ საბა კვირკველიას კარიერის გაგრძელება რუსეთში მოუხდა. 2011 წლიდან დღემდე საბა ყაზანის "რუბინის" ღირსებას იცავს და თუ არ ჩავთვლით ბოლო სეზონს, ის თავის ამპლუაში ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო რუსეთში.

2013 წელს კვირკველიას თამაშით აღფრთოვანებული რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო დარჩა და მისი ნაკრებში ხილვაც მოინდომა. მართალია, ფედერაციამ სცადა მისთვის თხოვნა შეესრულებინა და კვირკველიას რუსეთის მოქალაქეობაც შესთავაზა, მაგრამ... კვირკველიამ - ქართველი ვარ და ეს ამბავი არ გამოვაო!

მოგვიანებით, კვირკველიამ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ ისაუბრა. გთავაზობთ მონაკვეთს Sportall.ge-სთან მისი ინტერვიუდან:

"კი, ფეხბურთი კარგია, მაგრამ მას სულ ვერ ითამაშებ. დრო მალე გადის. ოდესღაც, ფეხბურთს თავს რომ დაანებებ, მერე გული დაგწყდება, შენი ქვეყნისთვის ვერაფერი რომ ვერ გააკეთე. გული დაგწყდება, შენი სამშობლოს მაისური რომ უარყავი და მას სხვა ქვეყნის მაისური ამჯობინე. შემეძლო რუსეთის მოქალაქეობა მიმეღო და ლეგიონერის სტატუსი აღარ მქონოდა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. საქართველო ავირჩიე და ზუსტად ვიცი, არასოდეს ვინანებ".

გიორგი არაბიძე (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი);
არაბიძე "შახტარში" 17 წლის ასაკში გადავიდა. ქართველ შემტევს ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებია, "შახტარის" სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თავს სტაბილურად კარგად წარმოაჩენდა. დონეცკელთა მთავარ გუნდში კი მას ჯერ მირჩა ლუჩესკუმ უხმო, შემდეგ - პაულო ფონსეკამ.

გიორგის კარგი თამაში არ გამოპარვიათ უკრაინელებს, მისი ხელში ჩაგდება პატარა ასაკშივე მოინდომეს და სწორედ ამ მიზნით, უკრაინული მოქალაქეობაც შესთავაზეს, რასაც არაბიძემ ასე უპასუხა: "ქართველი ვარ და თამაში მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მინდა".

გია გრიგალავა (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი);
გამოცდილმა ქართველმა მცველმა რუსეთში 9 წელი გაატარა, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ერთ-ერთი, ვისაც რუსები მოქალაქეობას და მათ ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ, სწორედ გრიგალავაა. გიამ რუსეთის მოქალაქეობა მართლაც მიიღო, მაგრამ შეინარჩუნა ქართულიც...

მოგვიანებით ის რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და მისი დებიუტი ფარერების ნაკრებთან შედგა.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე გრიგალავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წელს, მაშინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ უხმო. გია დაუფიქრებლად ჩამოვიდა: "რუსეთის პასპორტი მხოლოდ ფეხბურთისთვის მჭირდება, თორემ ქართველი ვარ!"

გიორგი ფოფხაძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი);

2006 წელს ფოფხაძე "ოლიმპიაკოსის" ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, როცა საბერძნეთის მოქალაქეობა შესთავაზეს. ზუსტად ამავე პერიოდში, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იხმეს და მანაც საქართველო აირჩია, რითაც ბერძნები იმედგაცრუებულები დატოვა...

ვაკო გვილია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი);
ვაკო გვილიაზე ბევრი დაწერილა და თქმულა, თუმცა რამდენმა იცის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო მას უკრაინელებისთვის უარის თქმა მოუხდა, არ ვიცით...

გვილია უკრაინაში 17 წლის ასაკში წავიდა. გარკვეული ხნის შემდეგ, მან ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ასაკობრივ ნაკრებებშიც ითამაშა, თუმცა ყოველთვის ღიად აცხადებდა, რომ მისი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო და მზად იყო, მოქალაქეობაც დაებრუნებინა.

ბორისოვის ბატე-ს ფეხბურთელმა 2016 წლის დასაწყისში მოქალაქეობა დაიბრუნა, გია გეგუჩაძემ კი ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა. მოგვიანებით ეროვნულში ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ვაკოს უკვე ვლადიმირ ვაისმა მისცა.

ლუკას ჰუფნაგელი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი);
საინტერესო ისტორია აქვს ჰუფნაგელს. მამით გერმანელი და დედით ქართველი ნახევარმცველი გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ციგემ მიიწვია, თუმცა ფეხბურთელმა დაუფიქრებლად უარი უთხრა, საქართველოს სასარგებლოდ არჩევანი უკვე გავაკეთეო.

ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით ჰუფნაგელმა სასწორზე დადო კარიერა, რადგან თქმა რად უნდა - გერმანიის ნაკრების წევრს ბევრად მეტი პერსპექტივა ექბებოდა, ვიდრე საქართველოს ნაკრებისას...

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ნათამაშები ლუკა, მოგვიანებით კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია.

ჰუფნაგელმა გერმანული კარიერა "ფრაიბურგში" გააგრძელა, დღეს კი იჯარის წესით "ნიურნბერგშია".
მკითხველის კომენტარები / 7 /
27 მაისი, 1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 55000
საქართველო 2:2 ლიტვა
გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12), 1:1 გია გურული (62, პენ), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81)
საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (კახი კაჭარავა 71), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (როსტომ თორღაშვილი 46), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (გოჩა გოგრიჭიანი 46)
ცხადაძის ფანებს!
13:39 13-02-2017
0
rac ar mocont ar ceren ))vai tkvnes patrons tkven tu saertod jurnalistebi gkviat ertmanetisgan icert kvelapers pu tkve zarmacebo)) midi axla dabloket iasnia )))
kkkk
03:39 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული