ლევან გეგეჭკორი: რა მოხდა "ორენბურგში"? ეს ჩემთვისაც გამოცანაა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ორი ფეხბურთელი, ელგუჯა ლობჯანიძე და ლევან გეგეჭკორი, "ორენბურგში" სინჯებზე იმყოფებოდა. ლობჯანიძე "საბურთალოსთან" ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის ბოლოს გამოჩნდა, გეგეჭკორს კი არ უთამაშია, ისევე, როგორც ორენბურგელთა მეორე შეხვედრაში, რომელიც რუსებმა ყაზახურ "ტობოლთან" ჩაატარეს. ლობჯანიძე კი ამ სპარინგში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

"იმიტომ არ მითამაშია, რომ "ორენბურგიდან" წამოვედი და ახლა საქართველოში ვარ, - გვითხრა გეგეჭკორმა, - რა მოხდა? ეს ჩემთვისაც გამოცანაა.

გუნდს მეორე შეკრებაზე ვახლდი და, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო... ჩასვლისთანავე სამედიცინო შემოწმება გავიარე, ყველა საკონტროლო მატჩში ვითამაშე, მთავარ მწვრთნელსა და
პრეზიდენტსაც მოვწონდი... კონტრაქტზეც მელაპარაკნენ, მაგრამ... ბოლოს, ღამის 11 საათზე ვიგებ, რომ წამოსვლა მომიწევდა.

დილის ხუთ საათზე, როცა წამოსასვლელად გამოვდიოდით, აზრი ისევ შეიცვალეს და მითხრეს - დაგტოვებთ, ოღონდ, ოდნავ უარესი პირობებითო. ესეც მაწყობდა, რადგან მათი ცუდი პირობებიც კი საქართველოსთან შედარებით მშვენიერია.

მაგრამ შევატყვე, რომ ბოლომდე არ მენდობოდნენ და მარტო ფულისთვის გადასვლა ჩემს კარიერას არ წაადგებოდა. ამიტომაც წამოვედი".

ვისარგებლეთ შემთხვევით და გეგეჭკორს ლობჯანიძეზეც ვკითხეთ:

"ის კლუბში დარჩა და კონტრაქტსაც გააფორმებს. ბათუმის "დინამოშიც" ერთად ვითამაშეთ, ამ შეკრებაზეც ერთად ვიყავით და ცხადია, მისი გულშემატკივარი ვარ. დიდი იმედი მაქვს, რუსულ კლუბში წარმატებით ითამაშებს".

საინტერესოა, სად ითამაშებს თავად გეგეჭკორი ახალ სეზონში?

"კონტრაქტი დღემდე მარტვილის "მერანთან" მაქვს. ბათუმის "დინამოდანაც" იმიტომ წამოვედი, რომ იჯარა დასრულებული იყო. მაგრამ პრობლემა არ მაქვს, სხვა გუნდში გამიშვებენ. ახლა ორი გუნდი დამიკავშირდა - ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა". მაგრამ ჯერ საჩხერელები მელაპარაკნენ და მართალია, კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ სიტყვიერად შევუთანხმდი".

ბუნებრივია, "ორენბურგის" ქართველი თავდამსხმელით, ანზორ სანაიათიც დავინტერესდით:

"სანაია რუსეთში გაზრდილი ბიჭია, ქართული არ იცის და როგორც თავად გვითხრა, საქართველოში სულ ერთხელ არის ნამყოფი. მაგრამ ამის მიუხედავად, სისხლი თავისას შვრება, ჩვენი ჩასვლისთანავე მოვიდა, გაგვეცნო და მეგობრულად ვიყავით.

საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და გუნდშიც პატივს სცემენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოცანა ის არის ჩემო კარგო რომ საქართველოს მესამე ადგილოსანი გუნდიდან, რუსეთის ბოლოდან მესამე ადგილოსან გუნდში სინჯებზე არ უდა წახვიდე. პასუხი ის არის ამ გამოცანის რომ ქართველი ფეხბურთელები უამბიციოები და რაც ყველაზე მთავარია თქვენი თავების უპატივცემულები ხართ
beqa
18 თებერვალი 2017 13:26
0

სიახლეები პოპულარული