27 წლის მცველი ტულის "არსენალში" წლეულს გადავიდა. გრიგალავამ კვიპროსის სუპერლიგის ახნას "ეთნიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთის პრემიერლიგის მკვიდრთან 1,5-წლიანი ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.
მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მძიმედ დაშავდა - თურქულ შეკრებაზე ტულელები სლოვენიის "მარიბორს" შეხვდნენ. "არსენალის" ვებგვერდის ცნობით, გუნდის ახალწვეული, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, "მეთოფეთა" სათამაშო სტილში კარგად ჩაეწერა, შეტევებშიც აქტიურად და თამამად ერთვებოდა, მაგრამ 54-ე წუთზე კუნთი გაუწყდა და შესაცვლელი
მკურნალობის პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, გრიგალავას ახალ გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია.
"არსენალის" პრესსამსახურის ცნობით, გრიგალავა საერთო ჯგუფს 4 აპრილს დაუბრუნდა, გროზნოს "ტერეკთან" 8 აპრილის მატჩისთვისაც ემზადებოდა და უახლოეს პერიოდში მოედანზე მის დაბრუნებასაც ამიტომ ვარაუდობენ.
"გრიგალავამ და მაქსიმოვმა რეაბილიტაცია დაასრულეს. ისინი ნოვოგორსკში, მოსკოვის "დინამოს" ბაზაზე მკურნალობდნენ, რისთვისაც მოსკოველ კოლეგებს მადლობას ვუხდი...
ბუნებრივია, რომ მათ ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდებათ, თუმცა გრიგალავასა და მაქსიმოვის იმედი უახლოეს თამაშებში უნდა გვქონდეს", - ამბობს "არსენალის" ექიმი ალექსანდრ რეზეპოვი.
ცხადია, გრიგალავას მომჯობინება საქართველოს ნაკრებისთვისაც კარგი ამბავია, რადგან რუსებს ნორმალური დონის ჩემპიონატი აქვთ და ასეთ ტურნირში ბევრი ქართველი არ თამაშობს.
რაც შეეხება "არსენალს", პირველი წრის შემდეგ ტულის გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე დაწინაურდა, რაც ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედს უტოვებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"