აღარაფერს ვამბობთ ფინანსებზე - უკვე აღარავის უკვირს, ახლო თუ შორეული წარსულის ვარსკვლავები სიხარულით რომ თანხმდებიან რუსული კლუბების წინადადებებს. რა თქმა უნდა, ზღაპრული ხელფას-პრემიების გარდა, ზოგიერთ უცხოელ ვარსკვლავს პროფესიული ინტერესიც ამოძრავებს: ბოლო წლებში რუსული კლუბები ხომ საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ ევროტურნირებზე და ამის ნათელი დადასტურებაა
იმავეს თქმა შეიძლება ბოლო წლების კიდევ ერთ წარმატებულ რუსულ კლუბზე ყაზანის "რუბინზე", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი რომ ჩაუტარებია (თუნდაც, "ბარსელონასთან" გამართული პაექრობები რად ღირს). თუმცა, რუსეთის ჩემპიონატში ყველა კლუბს როდი აქვს აღმავლობის პერიოდი - უმწვავესი ფინანსური კრიზისის გამო ბოლო წლებში რამდენიმე გუნდი გაბანკროტდა და ზოგმა არსებობა შეწყვიტა, ზოგიც სამოყვარულო სტატუსღა დასჯერდა ("მოსკვა", "სატურნი", "ტორპედო"). თუმცა, საერთო ჯამში, რუსული საკლუბო ფეხბურთის დონე აშკარად მაღალია და სოლიდური ინვესტიციების გარდა, ამ საქმეში უდიდეს როლს იქაური პრესა და ტელევიზიაც ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ფართოდ რეკლამირებულ-გაპიარებული ჩემპიონატი ევროპაში, ალბათ, ერთი-ორი თუ იქნება.
რუსეთის ჩემპიონატი სტატს დღეს აიღებს, სულ ახლახან დაიწყო ირლანიდიისა და ყაზახეთის ჩემპიონატები, დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და ისლანდიის ჩემპიონატები. მოკლედ ის ქვეყნები ვახსენეთ, სადაც საფეხბურთო სეზონი "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით ტარდება. თუმცა, დღეიდან ამ ჩამონათვალში რუსეთი აღარ უნდა ვახსენოთ: 2011-12 წლების საფეხბურთო სეზონი ამქვეყნის ჩემპონატისთვის გარდამავალი იქნება და მომავალი წლიდან რუსებიც "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემაზე გადავლენ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს დაწყებული სეზონი მომავალი წლის მაისის ბოლოს დამთავრდება (ანალოგს, თანამედროვე ფეხბურთში, რაღაც ვერ ვიხსენებთ) და ეს გარდამავალი ჩემპიონატიც სამ წრედ ჩატარდება. ანუ, 16 გუნდი წლეულს ორ წრედ იასპარეზებს, რის შემდეგაც 2012 წლის მარტში I-VIII ადგილზე გასული გუნდები ბრძოლას მედლებისა და ევროტურნირების საგზურისათვის გააგრძელებენ, ხოლო IX-XVI ადგილზე გასული გუნდები კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე იზრუნებენ.
ასეთი მარათონული (ფაქტობრივად, წელიწადნახევრიანი) ჩემპიონატისადმი ჩვენ განაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტიც იწვევს, რომ ამ საკმაოდ მაღალი დონის პირველობაში ოცამდე ქართველი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. თანაც, მათგან უმრავლესობა თავიანთი გუნდის ძირთადი შემადგენლობის წევრადაც მოიაზრება და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია.
ქართული ინტერესი
მარათონული სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავოიტად მოქმედი ჩემპიონი, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" მიიჩნევა. ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდში არაერთი მაღალი კლასის შემსრულებელია: დანი, ფერნანდო მეირა, ბრუნო ალვეში (სამივე-პორტუგალია), დანკო ლაზოვიჩი, ალექსანდრ ლუკოვიჩი (ორივე-სერბეთი), ზაბოლტ ხუშტი (უნგრეთი), ალექსანდრ კერჟაკოვი, სერგეი სემაკი, კონსტანტინ ზირიანოვი, ალექსანდრ ანიუკოვი (ყველა-რუსეთი). "ზენიტის" შემადგენლობაშია რუსეთის მოქალაქე, 19 წლის იგორ ჩემინავა.
სანკტ-პეტერბურგელების მსგავსად ასევე საჩემპიონო ამბიცია ექნება მოსკოვის ცსკა-ს - რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად მიჩნეულ ლეონიდ სლუცკის გუნდში რამდენიმე მაღალი კლასის ლეგიონერიც (ვაგნერ ლავი, მარკ გონსალესი, ალექსანდრ ცაუნია, ტომაშ ნეციდი, კეიკუსე ჰონდა) თამაშობს და რუსეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელებიც (იგორ აკინფეევი, ძმები ბერეზუცკები, ალან ძაგოევი).
ასევე ჩემპიონობისათვის იბრძოლებს ბოლო წლების რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი, ყაზანის "რუბინი". თურქმენი სპეციალისტი ყურბან ბერდიევი უკვე მეათე სეზონია, ამ გუნდს წვრთნის და "რუბინმაც" ამ დროის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია როგორც რუსეთის ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე. კარლოს ედუარდო, გიოქდენიზ კარადენიზი, სესარ ნავასი, სალვატორე ბოკეტი, კრისტიან ანსალდი - ამ ცნობილი ლეგიონერების გვერდით ამ სეზონში უკვე ვეღარ ვიხილავთ ლაშა სალუქვაძესა და დავით კვირკველიას, მაგრამ "რუბინი" უქართველებოდ მაინც არ დარჩენილა. ოღონდ, ორი პერსპექტიული ქართველი ჭაბუკი, ავთანდილ ბრაჭული და სოლომონ კვირკველია "რუბინის" დუბლშემადგენლობაში იქნებიან, ისე როგორც რუსეთის მოქალაქე, 17 წლის მერაბ ურიდია.
ზემოთდასახელებული სამივე გუნდი "ინაწილებდა" კიდევ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონის "ტიტულს", თუმცა ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ კლუბად კვლავაც მოსკოვის "სპარტაკი" რჩება. რუსების "სახალხო გუნდის" მიმართ ქართველებს მუდამ არაერთგვაროვანი დამოკიდებუელბა გვქონდა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე მეორე წელია "სპარტაკის" მიმართ განსაკუთრებულ ინეტერსს ვიჩენთ. ამის მიზეზი კი 18 წლის ქართველი ბიჭის, ჯანო ანანიძის მართლაც შთამბეჭდავი და ასაკთან შეუფერებელი ოსტატური ასპარეზობაა.
ჯანოს ნიჭის აღიარებას არავინ "ერიდება", - რუსული მედია იქნება თუ სპეციალისტები; აი, ორიოდ დღის წინ პოპულარულმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვიქტორ გუსევმა ჩემპიონატის დაწყების წინ საგანგებოდ ისაუბრა "სპარტაკის" წარმატებულ თამაშში ჩვენი თანამემამულის როლზე და ისიც დასძინა, რომ ალბათ, უკვე დრო მოვიდა, ეს ბიჭი მხოლოდ სახელით ("ჟანო") კი არა, უკვე გვარით მოვიხსენიოთო.
სხვათა შორის, ჯანო ანანიძის პროფესიულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა მწვრთნელის ფაქტორმაც: ვალერი კარპინი თავის დროზე ურიგო ფეხბურთელი ნამდვილად არ გახლდათ და ამჟამად "სპარტაკის" თავკაცის რანგში ქართველ ვუნდერკინსაც ყოველმხრივ ხელს უწყობს. "სპარტაკის" განაცხადში ქართული წარმოშობის კიდევ ერთი ჭაბუკია: 16 წლის თემურ ბუკია. თუმცა, ასეთი მაგალითები სხვა გუნდებშიც არის: "როსტოვში" (მთავარი მწვრთნელი - ოლეგ პროტასოვი) 19 წლის დავით ტყებუჩავა ასპარეზობს.
აი, დანარჩენ გუნდებში კი ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული: უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, ხოლო ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე, მათე ვაწაძე და გია გრიგალავა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად მოიაზრებიან. ისე, როგორც მახაჩყალის "ანჟიში" ნუკრი რევიშვილი, ვისაც ჩინებული შანსი აქვს, გაჯი გაჯიევის გუნდის ძირითადი მეკარე გახდეს.
შეგახსენებთ, რომ დაღესტნურმა გუნდმა ამ სეზონის დაწყების წინ სახელგანთქმული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი და მისი ცნობილი თანამემამულეები, ჟუსილეი და დიეგო ტარდელი დაიმატა. თუმცა, ჩვენთვის უმთავრესი სიახლე მაინც ის არის, რომ "ანჟიში" გააგრძელებს კარიერას ირაკლი კლიმიაშვილი, დუბლშემადგენლობაში კი 18 წლის პერსპექტიული ფორვარდი გიორგი ილურიძე იასპარეზებს.
უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, "კრასნოდარს" გამოცდილი სერბი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი უხელმძღვანელებს, თუმცა არანაკლებ კი არა, მართლაც განსაკუთრებული ფაქტია ამ გუნდის ახალწვეულის, ალექსანდრე ამისულაშვილის კაპიტნად არჩევა.
ერთი ქართველი იასპარეზებს გროზნოს "ტერეკშიც" - 30 წლის ნახევარმცველს ლევან გვაზავას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება ამჯერად წარსულში ცნობილ ჰოლანდიელი ფეხბურთელისათვის და შემდგომში დიდი ვერაფერი მწვრთნელისათვის, რუუდ გულიტისთვის მოუწევს.
აი, დავით სირაძეს კი არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება - საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდის შედეგიან თამაშზე ხომ დიდად იქნება დამოკიდებული ნალჩიკის "სპარტაკის" წარმატება - წარუმატებლობა.
ზემოთ, რობერტო კარლოსი, დანი, კეისუკე ჰონდა, ვაგნერ ლავი და დიეგო ტარდელი ვახსენეთ; არანაკლები დონის მოთამაშეები არიან კევინ კურანი, ზვეზდან მისიმოვიჩი, ანდრეი ვორონინი (სამივე მოსკოვის "დინამოში" ითამაშებს) და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მართლაც მარათონული ჩემპიონატის განმავლობაში სხვა ფეხბურთელებიც ხშირად მოხვდებიან საერთო ყურადღების ცენტრში. რაღა თქმა უნდა, ჩვენს თანამემამულეებს ვგულისხმობთ: ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ასპარეზობა თითოეულ მათგანსაც ხომ წაადგება და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთსაც...
.