ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" ტოვებს - სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია: სეზონი მორჩება თუ არა, 25 წლის გარემარბი ავთო ებრალიძე პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის "ჟილ ვისენტეს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელებს.

სეზონის ბოლო ახლოვდება და ებრალიძის ტრანსფერით ჩვენი დაინტერესებაც მატულობს.

ეჭვგარეშეა - თუ ის კარგ გუნდში ჩაირიცხება და სათამაშო პრაქტიკაც ექნება, აუცილებლად გაუჩნდება საქართველოს ნაკრებში (სადაც ჯერ 3 მატჩი აქვს ჩატარებული) დაბრუნების ჯანსაღი ამბიციაც. ვფიქრობთ, ის არ უნდა იყოს უინტერესო ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისისთვის.

ებრალიძის პორტუგალიური კარიერა კი მართლაც მისაბაძია: ამ ქვეყნის უმდაბლესი ლიგებიდან დაიწყო და მოკლე ხანში
იმხელა პროგრესი განიცადა, უმაღლეს ლიგაშიც არაერთი მატჩი ჩაატარა.

როგორც თავად ებრალიძემ გვითხრა, მისით დაინტერესებულ პორტუგალიურ და უცხოურ კლუბებს კიდევ ერთი, ადგილობრივი გუნდი დაემატა - "პაკუშ ფერეირა", რომელიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-12 ადგილზეა და არცთუ დიდი ხნის წინ, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია.

"ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში ვარ. მაისის ბოლოს ჩემპიონატი მორჩება და სატრანსფერო პერიოდიც მაშინ მოიკრებს ძალას. ამ ეტაპზე მაქვს შემოთავაზებები პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდებიდან და საზღვარგარეთიდანაც, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია...

პორტუგალიიდან ახალი ის არის, რომ გაჩნდა ინტერესი "პაკუშ ფერეირას" მხრიდან. 25 მაისის მერე იქნება კონკრეტული წინადადებები და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც მაქსიმალურად წაადგება ჩემს კარიერას", - გვითხრა ებრალიძემ, რომელსაც პორტუგალიაში დავუკავშირდით.

ებრალიძეს აქამდეც უნდა დაეტოვებინა "ჟილ ვისენტე" და, ვინძლო, ეს მისი კარიერისთვის უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ძალიან მოსწონდა ქართველი ფეხბურთელი და როგორც კი საშუალება გაუჩნდებოდა, მაშინვე ბლოკავდა ტრანსფერს.

ახლა კი ებრალიძეს გზა ხსნილი აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ჟილ ვისენტესთან" მისი კონტრაქტი მთავრდება, ახალ ხელშეკრულებაზე კი უარი თქვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული