ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ გამარჯვებით დაიწყო რუსული სამწვრთნელო კარიერა, პოლონეთში ქართველი ლეგიონერი უთამაშებლად შეწვდა ქვეყნის სუპერთასს, ლატვიასა და ფინეთში ქართული გოლები გავიდა, ხოლო კახა ცხადაძე დიდი ხანია, დაუმარცხებელია

* * *
კახა ცხადაძის "ქაირათი" 13 მატჩია, დაუმარცხებელია - ქართველი მწვრთნელის გუნდმა სტუმრად მოუგო "აკჟაიკს" - 1:0. მეორე ადგილზე მყოფი "ქაირათი" 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ასტანას".

გოგიტა გოგუას "ოკჟეტპესი" "აკტობეს" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუ" შინ დამარცხდა "თარაზთან" - 1:3. დვალიშვილმა მეორე ტაიმი
ითამაშა, ლობჟანიძე არ გამოჩენილა.

ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" დღეს სტუმრობს "ირტიშს".

* * *
ფინეთის რანგით მეორე ლიგა იუკონენში ქართული გოლი გავიდა - მე-12 ტურში კპვ-მ "ჰონკას" შინ 3:0 მოუგო. მეორე გოლი 43-ე წუთზე ვეტერან ირაკლი სირბილაძის ანგარიშზეა. მან შეუცვლელად ითამაშა. კპვ 27 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და "ჰონკას" უკვე სამი ქულით უსწრებს.

* * *
შვედეთის ჩემპიონატში ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნა" სტუმრად "სირიუსთან" დამარცხდა - 0:1. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, "ესკილსტუნა" კი ბოლო ადგილზეა.

* * *
რუსეთში დაიწყო I დივიზიონის გათამაშება. პრემიერლიგიდან გავარდნილმა "ორენბურგმა" პირველ ტურში შინ "ტამბოვი" დაამარცხა - 2:1. ასეთი წარმატებული აღმოჩნდა თემურ ქეცბაიას ოფიციალური დებიუტი "ორენბურგში".

"რთული დასაწყისი იყო, ბევრიც ვინერვიულეთ, მაგრამ მთავარია, რომ გამარჯვებით დავიწყეთ სეზონი", - განაცხადა ქეცბაიამ.

აღსანიშნავია, რომ "ორენბურგის" საჩემპიონატო განაცხადში არ არის ელგუჯა ლობჯანიძე, ისევე, როგორც "კრილია სოვეტოვის" განაცხადში ვერ ვხედავთ გიორგი ლორიას.

* * *
ლუკა ზარანდია პოლონეთის სუპერთასის მფლობელია, თუმცა ტრავმის გამო ქართველს "ლეგიასთან" თამაშში მონაწილეობა არ მიუღია - მატჩი 1:1 დამთავრდა, პენალტების სერიაში კი 4:3 მოიგეს გდინიელებმა.

* * *
ლატვიის თასის მერვედფინალში 4:0 იმარჯვა "რიგასმა" "ოლაინესთან" მატჩში. ერთი გოლი ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა.

* * *
ესტონურ მეისტრილიგაში "ფლორა" "ლევადიას" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ზაქარია ბეგლარიშვილმა "ფლორას" რიგებში 67-ე წუთამდე ითამაშა. "ფლორა" 48 ქულით ლიდერია.

* * *
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელ "ტისტედს" შეხვდა და 3:1 მოუგო. თბილისის "დინამოს" ექსნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

იქვე, "ესბიერგმა" 2:6 წააგო საკონტროლო შეხვედრა "სონდერიისკესთან". წაგებულთაგან ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ