ექსკლუზიური ინტერვიუ პავლე ხორგუაშვილთან

AutoSharing Option
მარტის შუა რიცხვებში ფინურმა MTV 3-მა გაავრცელა ინფორმაცია ამ ქვეყნის ფეხბურთში აგორებული სკანდალის შესახებ - 16 მარტს ფინეთის პოლიციამ მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი 6 ფეხბურთელი დააკავა, რომელთაგან 4 ფინეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (ვეიკაუსლიგა) გადასული "როვანიემის" წევრი გახლდათ - ზამბიელები ჩანდა მვაბა, ჩილეშე ჩიბვე, ნჩიმუნია მვეეტვა და პავლე ხორგუაშვილი, მანამდე კი პოლიციის ყურადღება კრისტოფერ მუსონდამ მიიქცია.

პოლიცია 10 შარშანდელ საეჭვო მატჩს იკვლევდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პოლიციის დეპარტამენტის შეფმა იუკა ლაკალამ აღნიშნა, ჯერ იმის თქმაც არ შემიძლია, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან თუ არა,
მათ წინააღმდეგ საქმე ჯერ არ აღძრულაო.

შარშან იკონენლიგაში გუნდი პირველ ადგილზე ქართველი ტყუპი ძმების, 23 წლის პავლე და ვალტერ ხორგუაშვილების კარგი თამაშის წყალობითაც გავიდა. პავლე ფლანგის შემტევი ნახევარმცველია და გასული სეზონის 24 მატჩში 10 გოლი მიითვალა, ვალტერი მარცხენა მცველია და 16 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა. სხვებიც "როვანიემის" შარშანდელი შემადგენლობის ლიდერები იყვნენ: მვეეტვამ 13 გოლი გაიტანა, მუსონდამ - 8, ჩიბვემ - 9 და მვაბამ - 6, ანუ "როვანიემის" 61-დან გოლიდან 46 ხუთი დაკავებულის ანგარიშზეა, პავლე კი იკონენლიგის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზე გავიდა. სწორედ მან გაიტანა 6 მარტს ფინეთის ლიგის თასზე "ოულუსთან" გასვლით მატჩში (0:1) ერთადერთი გოლი. ამ დროისთვის კი ფინეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა.

შემდეგ სამართალდამცველებმა დაკითხვაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიბარეს, მათ შორის ვალტერ ხორგუაშვილიც, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. ამას მალე პავლეს გათავისუფლებაც მოჰყვა, რაზეც საქართველოს კონსულმა ფინეთში დავით ბაქრაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლოზე საქმის პირველადი მოსმენის დროს მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთაო.
პავლეს ფინეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ჩვენ მხოლოდ ფინური მედიის და შენი კლუბის ინფორმაციებს ვეყრდნობოდით, თქვენი კომენტარი კი ჯერ არ მოგვისმენია.
- ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაიჭირეს ბიზნესმენი, რომელიც მატჩების ჩაწყობაში იყო ეჭვმიტანილი. ეს კაცი ჩემს თანაგუნდელთან ერთად ნახეს და ეჭვიც ამის გამო დაიბადა, მაგრამ ჩემთვის ბრალი არ წაუყენებიათ, დაკითხვაზე დამიბარეს, ჩაწყობილ თამაშებზე რამე ინფორმაციას თუ ფლობო. ფინეთის პოლიციას აქვს უფლება, დაკითხვის დასრულებამდე, მაქსიმუმ ორი კვირა, სახლში არ გაგიშვას. სულ დაკითხვაზე 12 კაცი დაგვიბარეს, მათ შორის, ჩემი ძმაც.

- თუ ჩაწყობილ თამაშებზე არაფერი იცოდი, ამის თქმა ერთი ფრაზით შეიძლებოდა და დაკითხვაც დასრულდებოდა, ერთი კვირა “არ ვიცოდის” თქმას დასჭირდა?
- მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ რაღაც ვიცოდი, კითხვებს ათასგვარად მიტრიალებდნენ, ამიტომ გამაჩერეს ამდენი ხანი, მაგრამ არაფერი ვიცოდი და რა უნდა მეთქვა? პირადად ჩემს მონაწილეობაზე კითხვა არც დაუსვამთ.

- კლუბის ვებგვერდი წერდა, ეჭვმიტანილები არიანო.
- მესმის თქვენიც, ერთი კვირა გამაჩერეს და ბუნებრივად გიჩნდებათ კითხვები, მაგრამ მე რომ უდანაშაულო ვარ, ამას ფინეთის პოლიციაც დაგიდასტურებთ და ჩემი თხოვნა იქნება, დაუკავშირდეთ მათ, ჩემს ადვოკატს და მოისმინოთ მათი პოზიცია. წესიერ ოჯახში ვარ გაზრდილი და არ მინდა, ხორგუაშვილებზე ეჭვები ვინმეს კიდევ გაუჩნდეს.

ძირითადად 2007 წლიდან 2010 წლამდე ჩატარებულ შეხვედრებს იკვლევდნენ, მე კი “როვანიემში” 2010 წელს ჩავირიცხე. ლაპარაკი იყო ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელშიც ვალტერს არ უთამაშია, მე კი მოედანზე მხოლოდ ათი წუთი შევედი. გინდა თუ არა, გვითხარი, რამე ხომ არ იცი ჩაწყობილ შეხვედრებზეო, გაგონილი გექნებოდაო, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი?

ამ პერიოდში სწავლობდნენ ჩემს კავშირებს, საბანკო ანგარიშებს, საეჭვო მისამართებზე ხომ არ მქონდა თანხა ჩარიცხული, ან მე ხომ არ ჩამერიცხა დაუსაბუთებელი შემოსავლები. დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ჩემს დაკითხვას აზრი არ ჰქონდა.

დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ციხეში ჩამსვამდნენ, ფინეთში ხელს ნაღდად არ დამაფარებდნენ, აქ საქმის გაჩარხვა შეუძლებელია. ჩემზე ეჭვი რომ ჰქონდეთ, ფინეთში მუშაობის უფლებას ჩამომართმევდნენ და დეპორტაცია გარანტირებული მექნებოდა. ეს ძალიან მარტივი ლოგიკაა. ფინეთში უდანაშაულო ხალხს ციხეში არ სვამენ.

- ეს გასაგებია, მაგრამ კლუბმა კონტრაქტი რატომ გაგიწყვიტა?
- იციან, რაც მოხდა, მაგრამ კლუბის იმიჯისთვის ასე აჯობებსო. ეს ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო და აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ კლუბმა და იმ საინფორმაციო საშუალებებმა, რომლებმაც ბრალდებულად გამომაცხადეს, საჯაროდ ბოდიში მომიხადონ. თუმცა დღემდე “როვანიემის” ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და არავის უთქვამს, დაცალეო. საეჭვო ხალხს ასე არ ექცევიან. არც მინდა თავის მართლება, უდანაშაულო ვარ და ამაში ფინელებიც დარწმუნდნენ.

- ამის მიუხედავად, მომხდარი ძნელი გადასატანი იქნებოდა.
- მორალურად განადგურებული ვარ, ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა მაინც იციან, როგორი ადამიანი ვარ და როგორ ვცხოვრობდი. სიმართლე არ დაიკარგება და ცილისწამებისთვის პასუხი ყველას მოეთხოვება

ჯერ კი გონზე უნდა მოვიდე. ძნელია ამხელა სტრესის გადატანა, მართალი ვარ, მაგრამ უგუნდოდ დავრჩი. დაკითხვაც შეურაცხმყოფელი იყო. ახლა ველოდები, მოწმის სახით დაბარებას და მერე საქართველოში დავბრუნდები. არადა, ყველაფერი რა კარგად მიდიოდა... ფინეთის უმაღლეს ლიგაში თამაში ჩემთვის პატარა საქმე არ იყო. თუმცა მომხდარი ჩემს კარიერას ვერ შეეხება, რადგან დისკვალიფიკაცია არ მოუციათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან განვიცადე, რომ დაუმსახურებლად ატკინეს გული, მაგრამ წაუქცევლად და წაბორძიკების გარეშე წარმატებას ვერავინ ვერ აღწევს, მთავარია წაქცევის შემდეგ ადგე და ისევ გააგრძელო გზა. გზას დაგილოცავთ კარგო ადამიანებო!
tina
19:23 30-03-2011
0
იმედია, პავლეც და ვალტერიც მალე მოახერხებენ სტრესიდან გამოსვლას და მაშინ, დარწმუნებული ვარ, კარგ დონეზეც ითამაშებენ. მშრომელი და წესიერი ხალხია.
dato
12:07 30-03-2011
0

სიახლეები პოპულარული