სამწრიანი ჩემპიონატი რუსებს იმიტომ დასჭირდათ, გათამაშების ახალ სისტემაზე რომ გადასულიყვნენ: მომავალი წლიდან რუსული პრემიერლიგა "შემოდგომა-გაზაფხულის" პრინციპით ჩატარდება. ამ სიახლის გარდა, წლევანდელი ჩემპიონატი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ გუნდების უმრავლესობას ფინანსური პრობლემა არ აწუხებს და რუსულ პრემიერლიგაში არა მხოლოდ "ჩამოწერილ ვარსკვლავებს",
რობერტო კარლოსი, ანდრეი ვორონინი, კევინ კურანი, კეისუკე ჰონდა, ვაგნერ ლავი, დიეგო ტარდელი, დანი, ბრუნო ალვეში, კრისტიან ნობოა, სალვატორე ბოკეტი - ეს უცხოელი ვარსკვლავები პირველ წრეში ასპარეზობდნენ და ვიდრე ჩემპიონატში შესვენებაა, ცნობილ ლეგიონერთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ასე, მაგალითად: "ანჟიმ" 14,5 მილიონ ევროდ ჰოლანდიური პსვ-სა და უნგრეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ბალაშ ჯუჯაკი გაიფორმა; 11 მილიონი ევრო დაუჯდა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" იტალიური "ჯენოას" მარცხენა მცველის, 24 წლის დომენიკო კრიშიტოს ტრანსფერი; "სპარტაკში" გამოცდილი ჰოლანდიელი მცველი, 28 წლის დემი დე ზეუვი ჩაირიცხა; "ლოკომოტივში" - ნიგერიელი ფორვარდი, 24 წლის ვიქტორ ობინა და პორტუგალიელი მცველი, 25 წლის მანუელ და კოშტა.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია: ამ ზაფხულს რუსეთში ისეთ ფეხბურთელებსაც ელოდებიან, როგორებიც არიან 24 წლის სედარ ტასკი (გერმანია), 33 წლის დანიელ ვან ბუიტენი (ბელგია), 33 წლის გაბრიელ ჰაინცე (არგენტინა), 24 წლის ანდრეა კარაჩოლო (იტალია), 28 წლის ლისანდრო ლოპესი (არგენტინა), 22 წლის მაურისო ისლა (ჩილე) და სხვანი.
ეგ კი არა, "ანჟის" ყოვლისშემძლე პატრონებს "პორტუს" ბრაზილიელი თავდამსხმელის ჰალკის შეძენა უნდათ და წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ჰპირდებიან! თუმცა, ნურავის გაუკვირდეს, ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 19 წლის ნეიმარიც "ანჟიში" რომ აღმოჩნდეს; ყოველ შემთხვევაში, ბრაზილიური "სანტოსის" ვარსკვლავბიჭუნას შესაძენად საჭირო 45 მილიონი ევრო "ანჟის" პატრონებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ისე, მართლაც უცნაურია: ნეიმარმა არჩევანი "რეალს", "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "ანჟის" შორის უნდა გააკეთოს.
11 გამორჩეული ქართველი
შესაშური ფინანსური გარემო, გამართული ინფრასტრუქტურა, სავსე სტადიონები - რუსულ პრემიერლიგაში ფეხბურთის დონე წლიდან წლამდე იზრდება და უცხოელი ვარსკვლავების მოზღვავებაც ამას უნდა მივაწეროთ. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის უფრო არის, რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელი კარიერაში გამორჩეულ სეზონს რომ ატარებს. მართლაც ასეა: თითქმის ყველა ჩვენიანი თავისი კლუბის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა და ტური არ გავა, რომელიმე სხვადასხვა გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში არ მოხვდეს.
რუსული სეზონი 17 ივლისს სათასო მატჩებით განახლდება. პრემიერლიგის გუნდები 1/16 ფინალიდან ერთვებიან გათამაშებაში და თექვსმეტივე სტუმრად ითამაშებს. თუმცა ისევ ჩვენებურთა მონაგარს დავუბრუნდეთ და სატურნირო ცხრილს "გავყვეთ". ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა მახაჩყალის "ანჟის" დამაჯერებელი ასპარეზობაა - გამოცდილი სპეციალისტის, გაჯი გაჯიევის ხელმძღვანელობით გუნდი მედლების მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და ამაში ლომის წილი საქართველოს ნაკრების მეკარემ, 24 წლის ნუკრი რევიშვილმა დაიდო. რევიშვილი "ანჟის" ძირითადი მეკარეა (მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა) და არცთუ ურიგო შედეგითაც მოიწონებს თავს - 14 შეხვედრაში 12 ბურთი აქვს გაშვებული.
რუსული მედია ამ სეზონის საუკეთესო მეკარეებში იგორ აკინფეევისა (ცსკა) და ვიაჩესლავ მალაფეევის ("ზენიტი") გვერდით ნუკრი რევიშვილიც ხშირად ასახელებს.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა ქართული ფეხბურთის იმედს, 18 წლის ჯანო ანანიძეს - მოსკოვის "სპარტაკის" უნიჭიერესმა შემტევმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა; თუმცა ანანიძეს ჩინებული დაბრუნება გამოუვიდა: "ლოკომოტივთან" და "როსტოვთან" მოგებულ შეხვედრებში თავადაც გაიტანა, მეტოქის მცველს ავტოგოლიც გაატანინა და საგოლე პასებიც, ჩვეულებისამებრ, არაერთი "ჩამოარიგა".
რუსულ პრემიერლიგაში გუნდის კაპიტნად ქართველს რომ დანიშნავენ (გნებავთ, აირჩევენ), ესე იგი, განსაკუთრებული ავტორიტეტიც უნდა ჰქონდეს. სწორედ ასე მოხდა ალექსანდრე ამისულაშვილის შემთხვევაში - 28 წლის მცველი "კრასნოდარში" სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და მაშინათვე კაპიტნის სამკლავურიც უბოძეს! ტრავმის გამო ამისულაშვილს 4 მატჩის გამოტოვება მოუხდა, დანარჩენ შეხვედრებში მუდამ ძირითადში იყო და სიმბოლურ ნაკრებშიც არაერთხელ მოხვდა.
საზაფხულო შესვენების შემდეგ ამისულაშვილის გვერდით "კრასნოდარში" კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს - 26 წლის ოთარ მარცვალაძე, რომელიც პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ არა მხოლოდ თავის ყოფილ კლუბში ("ვოლგა"), არამედ, საერთოდ, რუსულ პრემიერლიგაში. "ვოლგას" შემადგენლობაში მარცვალაძემ 13 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო ტურში, "ტომთან" მართლაც ბენეფისი მოიწყო: ერთი-მეორეზე უკეთესი ორი ბურთი ხომ გაიტანა, მერე საგოლე პასიც მიითვალა. მარცვლაძემ იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, რომ რუსული მედია ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარებს...
რუსული პრემიერლიგის ყველაზე "ქართული" გუნდი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაა", სადაც მარცვალაძის გარდა ხუთი ჩვენი თანამემამულე თამაშობდა. ამათგან ყველაზე გამოცდილი 29 წლის ლაშა სალუქვაძეა - საქართველოს ნაკრების მცველმა 13 მატჩი ჩაატარა (ყველა - ძირითადში) და ერთი გოლი გაიტანა. ასევე ძირითადის შეუცვლელი წევრია 21 წლის უნივერსალი მცველი გია გრიგალავა, რომელსაც ამას წინათ საქართველოს ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა 26 წლის ნახევარმცველ გოჩა ხოჯავას. არადა, ამ ნიჭიერმა გამთამაშებელმა სეზონი ჩინებულად დაიწყო (5 მატჩი, 2 გოლი), მაგრამ 23 აპრილს "ყუბანთან" მატჩში დაშავდა და თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდა.
"ვოლგას" წარმატება-წარუმატებლობა დიდად არის დამოკიდებული კიდევ ერთ ჩვენებურზე, 27 წლის გოგიტა გოგუაზე, ვინც პირველ ეტაპზე 12 მატჩი ჩაატარა. გოგუასგან განსხვავებით, რუსეთში სადებიუტო სეზონს ატარებს 22 წლის მათე ვაწაძე, რომელსაც თავიდან უფრო ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, შემდეგ კი ძირითადშიც ხშირად ჩნდებოდა და დღესდღეობით მისი მონაგარი 9 მატჩში გატანილი 1 გოლია. მარცვალაძის "კრასნოდარში" გადასვლით ვაწაძის ძირითადში დამკვიდრების შანსი უფრო იზრდება და ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს ბოსნიელ მერსუდინ ახმეტოვიჩთან, აზერბაიჯანელ ვაგიფ ჯავადოვთან და რუს ანტონ ხაზოვთან მოუწევს კონკურენცია.
მწვრთნელის შეცვლამ აშკარად არგო გროზნოს "ტერეკის" 30 წლის ნახევარმცველ ლევან გვაზავას - ბოლო ტურებში თამაშს ძირითადში იწყებდა. სამწუხაროდ, არა და არ დაადგა საშველი გვაზავასთვის ორმაგი მოქალაქეობის პრობლემის გადაჭრას, არადა, ეს გამოცდილი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს უდავოდ გამოადგებოდა.
სამწვრთნელო საკითხი არანაკლებ აქტუალური იყო ნალჩიკის "სპარტაკშიც" - ყაბარდო-ბალყარელთა გუნდმა წინა სეზონი VI ადგილზე დაამთავრა და ეს წარმატება გუნდის ქართველი ლეგიონერის დავით სირაძის დამსახურებაც იყო. თუმცა სეზონის დაწყების წინ ნალჩიკელთა მთავარი მწვრთნელი იური კრასნოჟანი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, მის ნაცვლად მისულმა ვლადიმერ ეშტრეკოვმა კი სრული კრახი განიცადა. პირველი ეტაპის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ეშტრეკოვი გაათავისუფლეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნალჩიკელებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ჩვენთვის დამაიმედებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ახალი მწვრთნელი სერგეი ტაშუევი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად 29 წლის დავით სირაძეს მოიაზრებს...
ნაცნობ-უცნობი ფეხბურთელები
ზემოთ ნახსენები ქართველი ფეხბურთელების გარდა რუსული პრემიერლიგის გუნდების განაცხადში სხვა ჩვენებურებიც ირიცხებიან, ოღონდ, ისინი ჯერ დუბლიორთა ტურნირში მონაწილეობენ. ასეა თუ ისე, სეზონის ბოლომდე ამათგან რამდენიმეს ძირითადში გამოჩენასაც უნდა ველოდოთ; მით უფრო, რომ ყაზანის "რუბინის" 19 წლის მცველი საბა კვირკველია რამდენჯერმე ძირითადის 18-კაციან განაცხადშიც მოხვდა. კვირკველიამ "რუბინის" დუბლებში 14 მატჩი ჩაატარა, მისმა თანატოლმა ავთანდილ ბრაჭულმა (ისიც მცველია) კი 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
ასევე ორი ქართველი თამაშობს მახაჩყალის "ანჟის" დუბლშემადგენლობაშიც: 19 წლის ფორვარდმა გიორგი ილურიძემ 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მასზე ბევრად გამოცდილმა ირაკლი კლიმიაშვილმა კი 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ 23 წლის კლიმიაშვილს ტრავმამაც შეუშალა ხელი, თორემ ამ ასაკის ფეხბურთელს "ანჟის" მსგავს ამბიციურ გუნდში მხოლოდ დუბლიორად არავინ მიიწვევდა.
ბოლოს ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ქართული გვარ-სახელები რომ აქვთ და რუსეთის მოქალაქეები არიან. ამათგან ძირითადში მხოლოდ "ზენიტის" 20 წლის მცვლმა იგორ ჩემინავამ ითამაშა; დანარჩენები კი დუბლებში არიან: 18 წლის დავით ხურციძე (ცსკა), 18 წლის მერაბ ურიდია, 18 წლის მიხეილ გორელიშვილი (ორივე-"რუბინი"), 19 წლის ირაკლი ჭეჟია, 17 წლის თემურ ბუკია (ორივე -"სპარტაკი", მოსკოვი), 18 წლის კახა ხალვაში ("ყუბანი"), 18 წლის ასლან ტოხოსაშვილი ("ტერეკი"), 18 წლის დავით კოხია ("ვოლგა"). და კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც: მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლშემადგენლობაში 17 წლის სანდრო ცვეიბა თამაშობს, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას ვაჟი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"