ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნუკრი რევიშვილის ბენეფისი გრძელდება!

AutoSharing Option
რუსეთი. პრემიერლიგა. XVIII ტური

ტომი-ტერეკი 0:1
გოლი: 0:1 ალსიდაროვი (51)

რუბინი-ანჟი 0:3
გოლები: 0:1 გაჯიევი (51), 0:2 პრუდნიკოვი (66), 0:3 ბუსუფა (90+2, პენალტით).

დინამო-ვოლგა 2:0
გოლები: 1:0 სემშოვი (59), 2:0 სამედოვი (90+5)
გაძევება: გრიგალავა (ვოლგა)

კრასნოდარი-ცსკა 1:1
გოლები: 0:1 ჰონდა (7), 1:1 მიხეევი (60)
32-ე წუთზე მოვსისიანმა (კრასნოდარი) ვერ გამოიყენა პენალტი
გაძევება: მარტინოვიჩი (კრასნოდარი), ნაბაბკინი (ცსკა)

ზენიტი-სპარტაკი (ნალჩიკი) 1:0
გოლი: 1:0 ფაიზულინი (23)

როსტოვი-ლოკომოტივი 0:3
გოლები: 0:1 ლოსკოვი (8), 0:2 სიჩოვი (56, პენალტით), 0:3 ტარასოვი (81)
გაძევება: ხაგუში (როსტოვი)

სპარტაკი (მოსკოვი)-ყუბანი
1:1

გოლები: 0:1 ტრაორე (37, პენალტით), 1:1 ველიტონი (52)

კრილია სოვეტოვი-ამკარი 1:1
გოლები: 1:0 კორომანი (10), 1:1 მიხალიოვი (82)

ერთთვიანი პაუზის მერე განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში ორი ტური ჩატარდა და ყველაზე თვალშისაცემი, სტუმართა დომინირება იყო. თავად განსაჯეთ: ამ ორ ტურში მხოლოდ ოთხი შეხვედრა დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით; თანაც, ამ ოთხივე მატჩში უპირობო ფავორიტები (ცსკა, "ზენიტი", "დინამო", "ლოკომოტივი") აუტსაიდერებს ხვდებოდნენ.

ჩემპიონატის მეორე და გადამწყვეტი ეტაპის დამთავრებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ, ფაქტობრივად, გარკვეულია იმ რვა გუნდის ვინაობა, გაზაფხულზე (ანუ, მესამე ცდაზე) მედლებისათვის რომ იბრძოლებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შვიდი გუნდის ვინაობაა ცნობილი, აი, მერვე საგზურისათვის კი პრეტენზიას ერთი ქალაქის გუნდები აცხადებენ - "ყუბანი" და "კრასნოდარი". არ არის გამორიცხული ამათ დავაში კიდევ ერთი სამხრეთული გუნდი "ტერეკიც" ჩაერიოს, თუმცა გროზნოელები, ცოტა არ იყოს, არასტაბილურად ასპარეზობენ და ამას გარდა, შემადგენლობითაც ჩამოუვარდებიან ორივე კრასნოდარულ კლუბს.

სულ ცოტა ხნის წინ ცსკა-ს პოზიციები ისეთი მყარი იყო, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდი ლამის წინასწარ გამოაცხადეს ჩემპიონად; თუმცა, "კრასნოდართან" სტუმრად ნათამაშები ფრეს შემდეგ არმიელებს "ზენიტი" მიუახლოვდა და ამ ორი ლიდერის გარდა საჩემპიონო დავაში მოსკოვის "დინამოც" უნდა ჩაერიოს - სერგეი სილკინის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა.

თუმცა, ჯობს ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ და, როგორც ყოველთვის, ძირითადი ყურადღება იმ მატჩებს დავუთმოთ, სადაც ქართველები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენებურებზე საუბარი კი, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისა და მახაჩაყალის "ანჟის" 24 წლის მეკარით ნუკრი რევიშვილით უნდა დავიწყოთ.

ზედიზედ მეორე ტურია რევიშვილი შთამბეჭდავად ასპარეზობს, თანაც იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, რა დონის გუნდებთან გამოავლინა მაღალი კლასი ქართველმა მეკარემ - "ზენიტთან" და "რუბინთან" შეხვედრებში, უდავოდ, გამორჩეული რომ გახლდათ. ჰო, ჯერ წინა ტურის მატჩი გავიხსენოთ: "ზენიტის" ვარსკვლავებმა, დანკო ლაზოვიჩმა, დანიმ და ალექსანდრ კერჟაკოვმა ვერაფერი მოუხერხეს ჩინებულად მოასპარეზე ქართველ მეკარეს; ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან რევიშვილმა, ალბათ, კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და სამართლიანადაც დაიმსახურა რუსი ჟურნალისტებისაგან შექება და უმაღლესი შეფასებაც.

რევიშვილი უშეცდომო იყო "რუბინთან" მატჩშიც: ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ქართველმა მეკარემ უაღრესად დამაჯერებლად და საიმედოდ იასპარეზა და მისი დიდი დამსახურებაც იყო, "ანჟიმ" ძლიერ მეტოქეს სტუმრად დიდი ანგარიშით რომ აჯობა. რევიშვილის ასეთი შთამბეჭდავი თამაში ფეხბურთის ქართველ ქომაგს, რაღა თქმა, უნდა ძალიან ახარებს; თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიასაც გვარიანი თავსატეხი გაუჩნდა: რევიშვილის მსგავსად ხომ ასევე ჩინებულად თამაშობს თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია...

ისევ რუსულ პრემიერლიგას დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ ბოლო ტურში რევიშვილის გარდა მხოლოდ ერთი-ორი ჩვენებურის თამაში თუ მიიქცევდა ყურადღებას. ბოლო მატჩების მსგავსად, კვლავაც ძირითადში ვიხილეთ "ტერეკის" 28 წლის ნახევარმცველი ლევან გვაზავა, თავისი გუნდის შეტევებს უნარიანად რომ წარმართავდა. ისე, "ტერეკმა" ერთობ კურიოზული გოლის წყალობით გაიმარჯვა - ბურთი 28 წლის შამილ ალსიდაროვმა გაიტანა.

საერთოდაც, ამ ტურში არაერთი კურიოზული გოლი ვიხილეთ: "ანჟის" ნახევარმცველმა 23 წლის მახაჩ გაჯიევმაც ასე გახსნა ანგარიში და "ლოკომოტივის" უბერებელმა კაპიტანმა, 27 წლის დიმიტრი ლოსკოვმაც. სხვათა შორის, "ლოკომოტივს" აშკარად დაეტყო ახალი მწვრთნელის "ხელი": პორტუგალიელი ჟოზე კოუსეიროს მოსვლის შემდეგ "რკინიგზელებმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს დიდი ანგარიშით (4:0, 3:0). თანაც, მომავალი ტურიდან "ლოკომოტივს" სამი ცნობილი ახალწვეულიც დაემატება: ფელიპე კაისედო (ეკვადორი), მანუელ და კოშტა (პორტუგალია) და ვიქტორ ობინა (ნიგერია).

მოგეხსენებათ, რომ რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" პირველ აგვისტოს გაიხსნა და მოახლოებულ შაბათ-კვირას ზემოთჩამოთვლილი სამეულის გარდა სხვა ცნობილი ფეხბურთელების დებიუტსაც ვიხილავთ: იტალიელი დომენიკო კრიშიტო "ზენიტში" იასპარეზებს, უნგრელი ბალაშ ჯუჯაკი - "ანჟიში", ჰოლანდიელი დემი დე ზეუვი - "სპარტაკში" და ასე შემდეგ. ასევე მომავალ ტურში ველოდებით ოთარ მარცვალაძის გამოჩენასაც, თუმცა ვიდრე პირველი ეტაპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს დაიხმარდა, "კრასნოდარმა" შეძლო და ცსკა-ს ქულები დააკარგვინა!

სერბი სპეციალისტის, სლავოლიუბ მუსლინის გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა ფავორიტ მეტოქეს და პირველ ტაიმში სომხეთის ნაკრების ფორვარდს, იური მოვსისიანს პენალტი რომ გამოეყენებინა, შესაძლოა თამაში მოეგო კიდეც. თუმცა, "კრასნოდარი" არც ერთი ქულით იქნებოდა უკმაყოფილო და ბარე იმასაც დავძენთ, რომ გუნდს კაპიტნის სამკლავურით კვლავაც 28 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი გაუძღვა.

აი, "ვოლგას" ასპარეზობა კი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს: ომარ თეთრაძის ნაცვლად დანიშნული დიმიტრი ჩერიშევის ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე 6 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთხელ მოიგო, ხუთი კი წააგო. კიდევ კარგი, სხვა აუტსაიდერებიც ქულებს კარგავენ, თორემ "ვოლგა" ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდებოდა. ბევრისთვის მოულოდნელად, "დინამოსთან" მატჩში "ვოლგას" ძირითადში მხოლოდ ერთი ქართველი, 21 წლის გია გრიგალავა თამაშობდა. სამწუხაროდ, ქართველი მცველისათვის ეს შეხვედრა უაღრესად წარუმატებლად დამთავრდა: პირველ ტაიმში, მასპინძელთა ნახევარმცველ ალექსანდრ სამედოვთან ორთაბრძოლისას ყვითელი ბარათი ხომ მიიღო, რამდენიმე წამში (!) იმავე სამედოვს კვლავაც წესების დარღვევით ეთამაშა და კვლავაც გაფრთხილება დაიმსახურა! აი ასე - დაახლოებით 30-წამიან (!) მონაკვეთში მიღებული ორი გაფრთხილების გამო გრიგალავას მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს და მატჩის შემდეგ, წაგებაც ქართველ ფეხბურთელს დაბრალდა - "დინამომ" ორივე გოლი შესვენების შემდეგ, რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა გაიტანა. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ 22 წლის მათე ვაწაძე მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა, 26 წლის გოჩა ხოჯავა კი სათადარიგო გახლდათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"