საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით კვირკველიამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მისამართი. შეგახსენებთ, რომ 30 წლის მარცხენა მცველი კონტრაქტით რუსეთის ჩემპიონ ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის. ყაზანელებმა ზამთარში ჩვენებური მახაჭყალის "ანჟიში" გაანათხოვრეს. საიჯარო ხელშეკრულების ვადა 30 ივლისს ამოიწურა. "ანჟის" კი უნდოდა კვირკველიას შენარჩუნება, მაგრამ "რუბინთან" პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც არ შედგა. მახაჭყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი დათოს ვერ ელეოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა და მის ნაცვლად გუნდში მეორე ჩვენებური, ოთარ ხიზანეიშვილი აიყვანა. შესაბამისად, დათო ყაზანელთა რიგებში დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი დაკავებული
ცნობისათვის, კვირკველიას მახაჭყალაში სათამაშო პრაქტიკა არ აკლდა. მან ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა "ანჟის" რიგებში. კვირკველია რუსეთში ცნობილი ფიგურაა, ზედიზედ ორჯერ 2008 და 2009 წელს, "რუბინთან" ერთად გახდა ჩემპიონი.
რაც შეეხება კვირკველიას ახალ გუნდს, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ "სიბირი" მძიმე მდგომარეობაშია. იგორ კრიუშჩენკოს გუნდი რუსულ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩნებისთვის იბრძვის. ციმბირელებმა 16 მატჩში მხოლოდ 9 ქულის მოგროვება შეძლეს. ნოვოსიბირსკელებს დაცვაში უჭირთ, თორემ 16 თამაშში 35 გოლს არ გაუშვებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ციმბირელებს ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა - რუსეთი პირველობის გარდა, "სიბირი" თასის ფინალისტის რანგში ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობას აგრძელებს. ციმბირელებმა კვიპროსულ "აპოლონს" შინ 1:0 სძლიეს, ლიმასოლში 1:2 კი წააგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით "აპოლონის" ბარიერი გადალახეს და პლეი ოფში ჰოლანდიურ "პსვ ეინდჰოვენთან" მოუწევთ დაპირისპირება.
"სიბირს" პსვ-სთან პირველი მატჩი შინ 19 აგვისტოს აქვს. მანამდე კიდევ 6 დღეა დარჩენილი და წესით, ნოვისიბირსკელებმა უეფასთვის წარდგენილ განაცხადში დავით კვირკველიას შეყვანაც უნდა მოასწრონ. ჰოლანდიელებამდე, "სიბირი" რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში, 14 აგვისტოს გოგიტა გოგუასა და დავით სირაძის ნალჩიკურ "სპარტაკს" სტუმრად ეთამაშება. ვნახოთ, სად შედგება კვირკველიას დებიუტი ახალ კლუბში, "სპარტაკთან" თუ ჰოლანდიელებთან...
ლელო