გასულ უქმეებზე თურქულ სუპერლიგაში ახალი სეზონი დაიწყო. "ქაისერისფორმა", რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, პირველი მატჩი გუშინ გამართა. არველაძისა და ეროვნული ნაკრების მცველ ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდმა სეზონი რიხით დაიწყო - "ისთანბულსფორი" სტუმრად 2:0 დაამარცხა. ამისულაშვილმა სრულად ითამაშა და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
არველაძის გუნდმა ორივე ბურთი მეორე ტაიმში გაიტანა. 67-ე წუთზე ანგარიში არგენტინელმა თავდამსხმელმა ფრანკო კანგელემ გახსნა. მალე თამაშში ჩაერთო არგენტინული წარმოშობის პარაგვაელი ნახევარმცველი ჯონათან სანტანა, რომელმაც 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩვენებურთა გუნდს მომდევნო ტურის შეხვედრა უკვე სამ დღეში
ელის - 20 აგვისტოს ლიგის დებიუტანტს, წინა სეზონში პირველი ლიგის გამარჯვებულ "ქარაბუქსფორს" უმასპინძლებს.