ერთი სიტყვით, ეს სატრანსფერო გაცვლა აქტიურად განიხილება და საინტერესოა, თავად კალაძის პოციზია. კახას იტალიაში დავუკავშირდით და სატრანსფეროს გარდა სანაკრებო თემაზე ველაპარაკეთ. საუბარი "იუვენტუსით" დავიწყეთ.
- რამდენიმე დღეა, ეს ვარიანტი გამოჩნდა. თუმცა ამ საკითხზე, პირადად ჩემთან ჯერჯერობით არავის ულაპარაკია. ამ თემაზე მუშაობა გრძელდება და ვნახოთ, რა იქნება.
- თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, მაშინ თავად ფეხბურთელების თანხმობაც არის საჭირო. თქვენ რა აზრის ხართ?
- რამდენიმე თვეა, უთამაშებელი ვარ და ამას დიდად განვიცდი. ეს ჩემთვის მძიმე პერიოდია და მინდა ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს. თამაშის დიდი სურვილი მაქვს და ამიტომაც ძალიან მინდა "იუვენტუსში" გადავიდე. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე წავიდოდი ტურინში. მთავარია კლუბებმა მოილაპარაკონ და ჩემგან თანხმობას მიიღებენ.
- ტრანსფერისთვის აუცილებელია თქვენ მსგავსად ფაბიო გროსოც თანახმა იყოს "მილანში" გააგრძელოს კარიერა. მისი აზრი თუ იცით?
- არა, გროსოს პოზიცია ჩემთვის უცნობია.
- იტალიური წყაროებით გავრცელებული ბოლო ცნობებით, იზრდება შანსი, ტრანსფერი მალე რეალობად იქცეს...
- როგორც გითხარით, პირადად ჩემთან ჯერჯერობით არავის ულაპარაკია. ჩემამდე მოსული ინფორმაციით, წინ მიდის ეს საქმე და ვნახოთ.
- როგორც იტალიურ პრესაში დაიწერა, "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელნერიმ დაცვის ცენტრში ახალგაზრდა ლეონარდო ბონუჩის მეწყვილედ თქვენ აგირჩიათ. ეს შემთხვევითი არ უნდა იყო. ბუნებრივია, დელნერის თქვენზე კარგი წარმოდგენა აქვს...
- ალბათ ასეა. დელნერი გამოცდილი სპეციალისტია, კარგად იცნობს სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელებს. გააზრებული ფეხბურთი უყვარს და ბურთის მოგერიების ნაცვლად, მცველებისგანაც გააზრებულ თამაშს ითხოვს. მართალი გითხრათ, მომწონს ასეთი სტილის მწვრთნელები... "იუვენტუსი" ევროგრანდია, ტიტულოვანი და ამბიციური გუნდი და სწორედ ასეთ კლუბში მინდა გავაგრძელო კარიერა. აგვისტოს ბოლო ახლოვდება, სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე, 2 კვირაზე ნაკლები დარჩა. სერია A-ში ახალი სეზონი მალე დაიწყება, შესარჩევი ციკლიც კარს მოგვადგა, ყოველივე ამაზე ვფიქრობ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მალე შედგეს ჩემი ტრანსფერი. მინდა, ახალ გუნდს მალე შევერწყა და ჩვეულად ავთამაშდე და ნაკრებსაც მეტი სარგებელი მოვუტანო... არადა, მაის-ივნისში საქმეს სხვაგვარი პირი უჩანდა, თორემ ტრანსფერზე აქამდე ვიზრუნებდი და ახლა უკვე ახალ გუნდში ვიქნებოდი.
- სხვაგვარი ვითარება ახსენეთ. ზაფხულის შვებულებამდე კლუბის ხელმძღვანელობასთან გქონდათ შეხვედრა?
- დიახ, საკმაოდ ოპტიმისტურადაც ვიყავი განწყობილი. უფრო მეტიც, ჩემი ხელშეკრულების გაგრძელებაზეც კი ჩამომიგდეს სიტყვა და შესაბამისად, ველოდი, რომ თამაში მომიწევდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მდგომარეობა არ შეიცვლებოდა. არ ვიცი რა და რატომ მოხდა, მაგრამ, არაფერი შეცვლილა. თამაში მინდა და ამიტომაც გადავწყვიტე კლუბი შევიცვალო.
- მთხოვნელები ახლაც არ გაკლიათ...
- ვარიანტი მრავლად არის, აგენტი "ჯენოაზე", "სამპდორიაზე", "რომაზე" მესაუბრა, მაგრამ "იუვენტუსი" უფრო ამბიციური, უკეთესი გუნდია და უპირველესად სწორედ ამ ვარიანტზე ვარ კონცენტირებული.
- ზოგს უჭირს იტალიიდან სხვა ქვეყანაში გადაბარგება. სხვა ლიგის კლუბებმაც გამოთქვეს თქვენი დამატების სურვილი.
- იტალიიდან წასვლა ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ ეს გახდა საჭირო, ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამიჭირდება. ჩემთვის მთავარია, ძლიერ და ამბიციურ გუნდში, მაღალი დონის ჩემპიონატში გავაგრძელო კარიერა და იტალიაში ვიქნები თუ სხვა ქვეყანაში, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
- სხვა ქვეყნებიდან რომელი კლუბებში გადასვლის ვარიანტი გაქვთ?
- ვარიანტი ბევრია, მაგრამ საუკეთესო მინდა ავარჩიო. ადრე ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ კლუბებზე იყო ლაპარაკი. ბოლოს გერმანული ვარიანტები გამოჩნდა, საუბარი იყო "ვოლფსბურგსა" და "ლევერკუზენზე". ერთი სიტყვით, ჩემს ტრანსფერზე მიდის მუშაობა და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი შედეგიანად დასრულდება.
- მაინც რამდენ ხანში გადაწყდება თქვენი ტრანსფერის საკითხი?
- რაც მალე, მით უკეთესი. კარგი იქნება თუ "იუვენტუსის" საკითხი დღეს-ხვალ თუ არა, ამ კვირაში დადებითად გადაწყდება.
- ახლა სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. 11 აგვისტოს ჩვენი ეროვნული მოლდოვასთან გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში 0:0-ს დასჯერდა. ნაკრების თავკაცი ჩვენი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. რა აზრის არის კაპიტანი?
- თამაშის ხარისხით ძნელია კმაყოფილი იყო. ამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელების დიდი ნაწილს კლუბში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებია და მოსამზადებელ ეტაპს გადის. შესაძლოა, ამიტომაც ვერ ვითამაშეთ უფრო უკეთ. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა და მოლდოველებსაც და ალბათ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულად ჩავატარეთ, კარგია, რომ შევძელით და გოლი არ გავუშვით.
- შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა და ალბათ უპრიანი იქნება ნაკრების კაპიტანს მოსამზადებელი ეტაპის შეჯამება ვთხოვოთ...
- მართალია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, მაგრამ რამდენიმე პოზიტიური მომენტი უკვე გამოჩნდა და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. შარშან და წინა წლებში, ნაკრების შედეგები უარყოფითი იყო. იმდენი წაგება გვქონდა, რომ კარის მშრალად შენახვა კი არა, ფრეც კი სანატრელი გვქონდა. ახლა უკვე სხვაგვარად არის საქმე. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნაკრებმა სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ეს უკვე მცირედი პროგრესი მაინც არის. მხოლოდ ორი ბურთი გავიტანეთ და ამ მხრივაც დიდი მუშაობა გვჭირდება. ქეცბაიას მწვრთნელობისას ნაკრები დაუმარცხებელია და ღმერთმა ქნას, დიდხანს გაგრძელდეს ეს წაუგებელი სერია.
გარდა ამისა, მე ავსტრიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვნახე ჩანაწერი და აშკარად ჩანს, რომ კამერუნთან უკეთ ითამაშა ნაკრებმა, ვიდრე ესტონელებთან. შესაბამისად, მოლდოვაში უკეთესი თამაში გვმართებდა და მომდევნო მატჩებში უკეთ უნდა წარმოვჩნდეთ. შესარჩევი ციკლი სექტემბერში იწყება, ამ დროისათვის ჩვენი ყველა ფეხბურთელის კლუბს ექნება დაწყებული ახალი სეზონი და იმედი მაქვს, ფეხბურთელები უკეთ ითამაშებენ.
- ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საბერძნეთთან გასვლითი და ისრაელის ნაკრებთან საშინაო მატჩებით ვიწყებთ...
- დაძაბული და მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტარტს. ჩვენი ნაკრები ის აღარ არის, რაც ადრე იყო, იმედია, ტრავმების გამო დანაკლისი არ გვექნება და ყველასთან, მათ შორის საბერძნეთთანაც შეგვიძლია შედეგიანად ვითამაშოთ. ნაკრების თითოეული წევრ-კანდიდატი მხოლოდ 3 სექტემბრის მატჩზე უნდა იყოს კონცენტირებული და კლუბში საკუთარ თავზე იმუშაოს, რათა ამ და მომდევნო მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.