ალექსანდრე ამისულაშვილი: ...სწორედ ეს არის შოთა წარმატების საიდუმლო

AutoSharing Option
მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის, გუნდის ცენტრალური მცველის ამპლუაში კი ალექსანდრე ამისულაშვილის ოფიციალური დებიუტი თურქულ "ქაისერისფორში" წარმატებული აღმოჩნდა. ქაისერელებმა გუნდმა სტამბულში "ისთანბულსფორი" 2:0 დაამარცხა და ცხრილში მეორე საფეხურზე დაიკავა ადგილი. ბუნებრივია, ამ წარმატების შემდეგ, თურქეთში ჩვენებურებთან დალაპარაკება გადავწყვიტეთ. თუმცა შოთასთან დაკავშირება ვერ შევძელით და სამომავლოდ გადავდეთ. ამისულაშვილს კი დაველაპარაკეთ და საკლუბოს გარდა, სანაკრებო თემებზეც ვესაუბრეთ.

- სეზონი რიხით, სტუმრად მოპოვებული 3 ქულით დაიწყეთ. არადა, ფაქტობრივად ახალი გუნდი გყავთ...
- ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ახალი სეზონისთვის გუნდის მოსამზადებლად დიდი
სამუშაო ჩაატარა. პატარა საქმე ხომ არ არის, გუნდიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და შოთას ხელახლა მოუწია გუნდის აშენებამ. ჯერ თურქეთში ვემზადებოდით, მერე ავსტრიაში და მოსამზადებელი შეკრება ფაქტობრივად დაუმარცხებლად ჩავატარეთ. ერთი სიტყვით, მოკლე ხანში, არველაძის გარჯა გამოჩნდა კიდეც, ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ.

- სასტარტო მატჩი ყველას უჭირს, მით უმეტეს სტუმრად, მაგრამ შეძელით და 2:0 მოიგეთ. ამ თამაშს დღეს როგორ იხსენებთ?
- "ისთანბულსფორი" საკმაოდ კარგი გუნდია. გასულ სეზონში ფავორიტებსაც წაართვა ქულები, ცხრილში "ქაისერისფორზე" წინა პოზიციაზე, მე-6 ადგილზე გავიდა და ამ ჩემპიონატშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. მართლაც, პირველი მატჩი ყველასათვის რთულია, მით უმეტეს ახალი გუნდისთვის და თანაც სტუმრად. დაძაბული მატჩი გამოვიდა, პირველ ტამში მეტოქემ მცირედით გვაჯობა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა ჩვენს კართან. სანახაობრივად მეორე ტაიმი უკეთესი იყო. შესვენების შემდეგ აშკარად დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე და ორი ბურთი გავუტანეთ. 2:0-ის შემდეგ, დაცვაზე გადავაწყვეთ თამაში და პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ მაშინ ჰქონდათ სტუმრებს, მაგრამ ჩვენმა მეკარემ აშკარა გოლისგან გვიხსნა.

- ამ შეხვედრის 41-ე წუთზე გაფრთხილება მიიღეთ...

- დიახ, ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო. შეიძლებოდა არბიტრს ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა, მაგრამ ეს მაინც გააკეთა.
- ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურა გაქვთ, თქვენს პოზიციაზე თამაშობთ?
- დიახ, 5 ნომერი ავირჩიე. 4 მცველით ვთამაშობთ და შუაში მარცხენა მხარეს ვარ გამწესებული.

- თურქული საიტები წერენ, მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ თქვა, ალაჰმა მოგვაგებინაო...

- არა, ასე არ უთქვამს. შოთამ იღბალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, ბევრჯერ ხდება, როცა ერთი გუნდი მეორეს სჯობს, მაგრამ გოლი ვერ გააქვს და თამაშს ვერ იგებსო. იქვე დაამატა, ღმერთმა გადმოგვხედა, საგოლე მომენტები გამოვიყენეთ და მატჩი მოვიგეთო. ეს იყო და ეს... შოთას აქამდეც დიდ პატივს სცემდნენ თურქეთში. აქ დღემდე ახსოვთ თავდამსხმელი არველაძეები. ამ წარმატებითკი შოთა უკვე მწვრთნელის ამპლუაში გაიცნეს. კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შოთასი დიდად ეიმედებათ.

- სეზონი წარმატებით დაიწყეთ. ალბათ "ქაისერისფორს" ამბიციური გეგმა აქვს...

- ყველას ძალიან გვიხარია ჩემპიონატის მოგებით დაწყება. რაც შეეხება მიზნებს, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ახალი გუნდი გვყავს, "ისთანბულსფორთან" გასული სასტარტო შემადგენლობიდან, მხოლოდ 3 ფეხბურთელი, მათ შორის მეკარე იყო ძველი შემადგენლობიდან. დანარჩენი, ყველანი, ახალწვეული ვიყავით. ბოლო წლების განმავლობაში "ქაისერისფორი" ყოველთვის მოწინავეთა 5-6 გუნდს შორის იყო და ახლაც ამ მიზნისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანია ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ და შემტევი, გამართული ფეხბურთი ვაჩვენოთ.

- პარასკევს, 20 აგვისტოს სუპერლიგის დებიუტანტ "ქარაბუქსფორს" უმასპინძლებთ. შინ მხარდაჭერა არ მოგაკლდებათ და წესით, ეს თამაშიც უნდა მოიგოთ...

- ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე. სხვათა შორის, "ქარაბუქსპორი" დებიუტაანტი კი არის, მაგრამ პირველ ტურში მშვენივრად ითამაშა. ვნახეთ იმ მატჩის ჩანაწერი და გამართული, აგრესიული თამაში აჩვენა.

- თურქულ სუპერლიგაზე რა წარმოდგენა გაქვთ?

- სხვათა შორის, ნებისმიერ გუნდს შორის დაძაბული თამაშია. მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ცხრილის ზევით მყოფი აუტსაიდერს ეთამაშებოდეს. აქაურ ჩემპიონატში იოლი მატჩი თითქმის არ არსებობს.

- შოთა არველაძეს თავდასხმის გაძლიერება უნდოდა. მალე ალბათ ფორვარდის ტრანსფერს უნდა ველოდოთ...

- იმედია, მალე კარგ თავდამსხმელს დავიმატებთ, თორემ წინა ხაზზე გვიჭირს. "ისთანბულსფორთან" 2:0 კი მოვიგეთ, მაგრამ ფაქტობრივად ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ვითამაშეთ. შოთამ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ფრანკო კანგელე გაამწესა თავდასხმაში. მანაც გაუმართლა არველაძეს - ანგარიში სწორედ კანგელემ გახსნა. ასე რომ, კარგი თავდამსხმელი ძალიან გვჭირდება.

- საოცარია, ფორვარდის გარეშე ახალმა გუნდმა სტუმრად 2:0 როგორ მოიგო?

- სწორედ ეს არის შოთასა და ჩვენი გუნდის წარმატების საიდუმლო. სწორ, გამართულ და თანამედროვე ფეხბურთს გვათამაშებს. არველაძემ ფსიქოლოგიურადაც სათანადოდ განაწყო გუნდი და ფეხბურთელებს საჭირო დავალებები მოგვცა. ამას გარდა, შოთა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეტოქის შესწავლას და ჯამში ყოველივე ეს შედეგს განაპირობებს.

- რუსეთში თამაშის შემდეგ, თურქეთში ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდა?

- თავიდანვე ვიცოდი, სად მივდიოდი. ვიცოდი, რომ ენობრივი ბარიერის დაძლევა მომიწევდა. "ქაისერისფორში" გადასვლა შოთა არველაძის ფაქტორმა გადამაწყვეტინა. თავდაპირველად ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ ეს პერიოდი უკვე დავძლიე.

- მწვრთნელ შოთა არველაძის გვერდით პირველად გიწევთ მუშაობა. მას როგორ დაახასიათებდით?

- მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ეს შოთასთვის სადებიუტო სეზონია. შრომისმოყვარეა, კონტაქტური და თავისი საქმეც კარგად ესმის. შოთას კარგი შტაბი ჰყავს, რომელშიც ჰოლანდიელი სპეციალისტები მუშაობენ და საკმაოდ კარგადაც.

- ქაისერი მოგწონს?

- ქაისერი დედაქალაქ ანკარასთან ახლოს, მთებში გაშენებული ქალაქია 1 მილიონზე მეტი მცხოვრებით, ფეხბურთი ძალიან უყვართ და ბევრი ერთგული გულშემატკივარი გვყავს. ქართველები ძალიან უყვართ და დიდ პატივს გვცემენ.

- ახლა სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. მოლდოვასთან თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ამ მატჩში დადებითი და უარყოფითი მომენტები იყო. ფაქტია, მოლდოვა ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და წინა შეხვედრებშიც ვერ ვაჩვენეთ სათანადო თამაში. ადგილობრივი დროით 7 საათზე იყო თამაში, ხვატმა და სიცხემ ორივე გუნდზე იმოქმედა და ტემპზეც აისახა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინც ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდში მოთამაშეთა, ნახევარს კლუბში სეზონი ჯერ არ აქვს დაწყებული... ამ ფაქტორების დასახელებით თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით, თორემ დიდი მტკიცება არ უნდა იმას, რომ უკეთ თამაში გვმართებდა. საერთო ჯამში, ფრე ლოგიკური იყო. დადებითი მომენტია ის, რომ კაცნაკლულებმა ერთი ტაიმი ვითამაშეთ და მშრალად შევინახეთ კარი. ეს მეორე გასვლითი მატჩი იყო, რომელშიც გოლი არ გაგვიშვია.

- საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა. პირველი მატჩები სტუმრად საბერძნეთთან და შინ ისრაელთან გველის. შესარჩევში ასეთი თამაშით "ვერ გავფრინდებით"...

- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წარმატებულ სტარტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი აზრი არ არებობს, წინ რთული მატჩები გვაქვს, მაგრამ სრული კონცენტრირებით, ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე მოლდოვაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს მატჩებში შედეგიანად ჩავატაროთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული