გიორგი ფოფხაძე: ყველაზე მეტად "ზესტაფონთან" შეხვედრა არ მინდოდა

AutoSharing Option
24 წლის მცველმა გიორგი ფოფხაძემ ავსტრიულ "შტურმთან" კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. ახლა იგი ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც.

რატომ არ დარჩა "ზესტაფონში" და სურდა თუ არა ყოფილ კლუბთან თამაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? ამ და სხვა საკითხებზე "ლელო" გიორგი ფოფხაძეს ესაუბრა.

- "შტურმში" "ზესტაფონიდან" გადახვედი, შემდეგ გაირკვა, რომ იმერლებს შენი დატოვება სურდათ, მაგრამ აღარ დარჩი. რატომ?
- ბევრი მიზეზი იყო. თავდაპირველად კონტრაქტი 6 თვე + 2 წელი სისტემით გავაფორმეთ, პირველი, საცდელი პერიოდის მერე
შემდგომზე უნდა მოგველაპარაკა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარ დავრჩებოდი. შვიდმა თუ რვა თამაშმა მომიწია, ხანაც გაციებული ვიყავი. დანიაში ოთხი წელი ვიცხოვრე და ზესტაფონში დარჩენა ძალიან გამიჭირდა. გუნდზე ამას ვერ ვიტყვი, კარგად შევეწყვე, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ, როდესაც კონტრაქტზე დავილაპარაკეთ, შემოთავაზებულ პირობებზე ვეღარ შევთანხმდით და წამოვედი "ზესტაფონიდან".

- ამბობენ, რომ "შტურმთან" რეკომენდაცია თავად გია გეგუჩაძემ, "ზესტაფონის" მაშინდელმა მწვრთნელმა გაგიწია. მართალია ეს ამბავი?
- გიასთან ამაზე არ მილაპარაკია, არც ის ვიცი, რეკომენდაცია გამიწია თუ არა, ფარულად თუ აკეთებდა ამას, ვერ გეტყვით. "შტურმი" წელიწადნახევარი მაკვირდებოდა, თანაც კარგად მიცნობდნენ. ნახეს, რომ თავისუფალი აგენტი ვიყავი და ჩემმა მენეჯერმა იმუშავა ამ კონტრაქტზე.

- როგორც ვიცი, "შტურმს" მაშინაც უნდოდი, "ვიბორგში" რომ თამაშობდი, მაგრამ დანიელებმა საკმაო თანხა მოითხოვეს.
- კი, ასე იყო. შემოთავაზება მართლაც მოვიდა, მაგრამ "შტურმმა" "ვიბორგის" მიერ დასახელებული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და რადგან ფული არ გადაიხადა, "ვიბორგში" დავბრუნდი. მერე, ავსტრიელებმა რომ გაიგეს, თავისუფალი აგენტი ვიყავი და თანხის გარეშე შეეძლოთ ჩემი წაყვანა, 1+2-წლიანი სისტემით გავაფორმეთ კონტრაქტი. დღესდღეობით ყველაფერი კარგად მიდის და, სავარაუდოდ, მალე ორწლიან კონტრაქტს გავაფორმებ.

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შტურმი" "ზესტაფონს" დაუპირისპირდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაცია გქონდა? მწვრთნელი, ფრანკო ფოდა თუ გელაპარაკა თამაშამდე?
- ყველაზე მეტად მე არ მინდოდა, "ზესტაფონს" რომ შევხვედროდით. იქ ექვსი თვე ვითამაშე, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ გუნდზე, ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მინდოდა, რომ "ზესტაფონს" გზა გაეგრძელებინა ევროტურნირზე. არ გამიმართლა, ჩემს ყოფილ გუნდთან მომიწია დაპირისპირებამ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რადგან "ზესტაფონს" ვხვდებოდით, მის წინააღმდეგ არ მეთამაშა. ფრანკო ფოდას თამაშამდე ნამდვილად არაფერი უკითხავს ზესტაფონელთა ტაქტიკაზე ან სხვა რამეზე. გუნდს ჰყავს სკაუტები და ის ადამიანები, ვინც თამაშებს აკვირდება, ფეხბურთელს ამას არ ეკითხებიან. მხოლოდ ის მითხრა, თუ გრძნობ, რომ ვერ ითამაშებ, არც ითამაშოო, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, მოედანზე გავსულიყავი.

- "შტურმმა" ევროპის ლიგაზე ათენში აეკი დაამარცხა, ბერძნებმა კი მანამდე თბილისის "დინამო" გამოთიშეს ტურნირს - შენი მხრიდან ეს ერთგვარი შურისძიება იყო აეკზე?
- ამის შეგრძნება ნამდვილად მქონდა. მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" გამოვთიშეთ ჩემპიონთა ლიგას, მინდოდა, რომ "დინამო" მაინც გასულიყო ევროტურნირის შემდეგ ეტაპზე. ვუყურე "დინამო" - აეკის თამაშს და გულდაწყვეტილი დავრჩი, ბერძნებს არაფრით უჯობნიათ ქართველებისთვის, ვიტყოდი, რომ "დინამოს" არ გაუმართლა. ამიტომ ძალიან გამახარა იმან, აეკს რომ მოვუგეთ და თუ ქართველებს ჰგონიათ, რომ შური ვიძიე, ამას რა სჯობს.

- "შტურმში" დავით მუჯირს, ილია კანდელაკსა და გიორგი შაშიაშვილს უთამაშიათ. როგორ ფიქრობ, შენი ავსტრიული კარიერა მათსაზე უკეთესი იქნება?
- ამას ვერ გეტყვით. მუჯირი ძალიან კარგად თამაშობდა, საერთოდაც, ყველა ქართველმა კარგი სახელი დატოვა აქ. მეც იგივეს ვაპირებ, მიმაჩნია, რომ "შტურმის" ოჯახის წევრი ვარ, გულშემატკივარს ვუყვარვარ და თამაშით სიამოვნებას ვიღებ. ქართულ ფეხბურთს და მის სახელს ნამდვილად არ შევარცხვენ.

- ევროპაში მოთამაშე ბევრი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს ელიტურ ლიგაში. შენ ევროპა ლიგაზეც ასპარეზობ და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ნაკრებში მაინც არ გიძახებენ...
- თუ მწვრთნელი არ თვლის საჭიროდ, ნაკრებში გამომიძახოს, ეს ჩემი საქმით უნდა დავუმტკიცო. მე ჩემი გეგმები და მოთხოვნები მაქვს საკუთარი თავისადმი, სად, როგორ ვითამაშო, თემურ ქეცბაიასაც აქვს თავისი გეგმა, ტაქტიკა, მონახაზი. ნაკრებში ჩემს პოზიციაზე მას კახა კალაძე ჰყავს, უგამოცდილესი და ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელიც "შტურმზე" უკეთეს გუნდში თამაშობს, ამიტომ პრეტენზია არც მაქვს.

- როგორ ფიქრობ, იმსახურებ გამოძახებას?
- ვერც ამას გეტყვით. აქაურმა ჟურნალისტმაც მკითხა ამის თაობაზე და მანდ ისე თარგმნეს, თითქოს გაკვირვებული ვარ ნაკრებში გამოუძახებლობით. მე ეს არ მითქვამს. ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვთამაშობ. ბუნებრივია, მინდა, რომ ნაკრებში ვითამაშო, მთავარი ესაა, ჯერი კი ბატონ თემურზეა. ერთი ვიცი, რომ არ დავიჩაგრები!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ღირსეულ მამულიშვილს!!!
lali
09:51 11-10-2011
0
ჯიგარი ხარ ფოფხა ;)
Burton
15:07 10-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული