ქართველები და რუსეთის პრემიერლიგა: განსაკუთრებული სეზონი

AutoSharing Option
რუსულ პრემიერლიგაში სამთვიანი შესვენება გამოცხადდა - ჩემპიონატში მონაწილე 16-ვე გუნდი ასპარეზობას მომავალი წლის მარტის დასაწყისიდან გააგრძელებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს სეზონი რუსულ პრემიერლიგაში მართლაც განსაკუთრებულია: აქამდე ჩემპიონატი ორ წრედ, "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით თუ ტარდებოდა, ახლა გათამაშების ფორმატიც შეიცვალა და ვადებიც. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ჩემპიონატი წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო: 2011 წლის მარტში დაწყებული გათამაშება მომავალი წლის მაისში დასრულდება.

ყოველივე ეს კი იმიტომ გაკეთდა, რომ უკვე 2012 წლიდან რუსული პრემიერლიგა "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემაზე გადავა და ეს ცვლილებაც იქაური კლუბების ევროტურნირებზე წარმატებული
ასპარეზობის საწინდარი უნდა გახდეს.

ბევრს შეიძლება ეუცნაუროს რუსული ფეხბურთის ხელმძღვანელთა ასეთი გადაწყვეტილება (ამ ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით), მაგრამ თუნდაც საქართველოსგან განსხვავებით, იქაური საფეხბურთო მეურნეობა ისეთ დონეზეა, რომ ვერანაირი უამინდობა ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარებას ხელს ვერ უშლის. ანუ, ბუნებრივსაფარიანი მოედნები ხელოვნური გათბობის სისტემით არის აღჭურვილი, ხელოვნური საფარის თოვლისგან გაწმენდა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

კიდევ ერთი სიახლე ისიც იყო, რომ ორწრიანი გათამაშების შემდეგ საუკეთესო რვა გუნდი მედლებისა და ევროტურნირების საგზურებისათვის გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენი რვა გუნდი კი - უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად (პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულების შენარჩუნებით). პირველი ეტაპის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი არ მომხდარა: საუკეთესო რვა გუნდიდან შვიდის ("ზენიტი", ცსკა, "დინამო", "სპარტაკი," "ლოკომოტივი", "რუბინი", "ანჟი") იქ მოხვედრა ადვილად პროგნოზირებადი იყო და, ფაქტობრივად, ერთადერთი ინტრიგაღა რჩებოდა.

საბოლოოდ, ეს ვაკანტური ადგილი ფინანსურად საკმაოდ ძლიერმა "ყუბანმა" დაიკავა; არადა, სეზონის დაწყებამდე ბევრი ფიქრობდა, რომ "დიდი შვიდეულის" გვერდით ან "ტერეკი" უნდა აღმოჩენილიყო, ან - "კრასნოდარი" (ისევ და ისევ, ამ გუნდების სოლიდური ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით), თუმცა წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელის, დან პეტრესკუს დამოძღვრილმა "ყუბანმა" უპრობლემოდ შეძლო საუკეთესო რვა გუნდში დამკვიდრება.

საქართველოსი არ იყოს, რუსულ პრემიერლიგაშიც ჰყვარებიათ ჩემპიონატის რეგლამენტის დარღვევა; ამას კი იმიტომ ვამბობთ, რომ კალენდრის თანახმად, მეორე ეტაპი 2012 წლის მარტში უნდა განახლებულიყო, თუმცა 16-ვე გუნდს ორი-ორი მატჩის ჩატარება წლეულსვე მოუწია.

ისე, ორივე ტურნირს (საუკეთესო რვაგუნდიანსაც და ქვედასაც) ინტრიგას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ; ჯერ, რა თქმა უნდა, "ელიტური" რვაგუნდიანი ტურნირი ვახსენოთ: ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, სამი კი - ევროპის ლიგაზე (პლუს, თასის მფლობელიც); არანაკლებ ინტერესს იწვევს მეორე ტურნირიც: XV-XVI ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად ტოვებენ პრემიერლიგას, XIII და XIV ადგილზე გასული გუნდები კი პლეი ოფის მატჩებს ჩაატარებენ პირველ ლიგაში მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებთან.

ვარსკვლავთცვენა
უკვე წლებია, რუსული პრემიერლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ფინანსური პრობლემა არ აწუხებს; თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სწორედ უფულობის გამო შეწყვიტეს არსებობა ისეთმა გუნდებმა, როგორებიც იყვნენ "მოსკვა" და "სატურნი", ცოტაც და, იგივე ბედს გაიზიარებდა "ტომი". მაგრამ, ეს უფრო გამონაკლისია, რამეთუ დანარჩენ გუნდების უმრავლესობას სოლიდურზე-სოლიდური ბიუჯეტი აქვს და თითქმის ყველა "ბობოლა" კლუბში, სულ მცირე, სამი-ოთხი საერთაშორისო დონის ფეხბურთელიც ასპარეზობს.

პორტუგალიელები - დანი და ბრუნო ალვეში (ორივე - "ზენიტი"), უკრაინელი - ანდრეი ვორონინი, გერმანელი - კევინ კურანი და ბოსნიელი - ზვეზდან მისიმოვიჩი (სამივე - "დინამო"), ირლანდიელი - ეიდინ მაკგიდი, ბრაზილიელები - არი და ველილტონი, არგენტინელები - პარეხა და როხო (ყველა - "სპარტაკი"), ეკვადორელი - ნობოა, თურქი - კარადენიზი, იტალიელი - ბოკეტი, ესპანელი - ნავასი (ყველა - "რუბინი"), ბრაზილიელი - ვაგნერ ლავი, იაპონელი - კეისუკე ჰონდა, კოტდივუარელი - სეიდუ დუმბია (ყველა - ცსკა), - აი, ასეთი ცნობილი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ რუსულ პრემიერლიგაში სეზონის დასაწყისიდანვე;

თუმცა, ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაზე ხმაურიანი შენაძენი მაინც მახაჩყალის "ანჟიმ" გააკეთა, როცა საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ყველაფრის მომგები, 38 წლის ბრაზიელიელი რობერტო კარლოსი (პლუს, მისი თანამემამულეები - ჟუსილეი, ჟოაო კარლოსი, დიეგო ტარდელი) მიიწვია. მაგრამ, ჯერ სად ვიყავით: ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რუსული გრანდები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო, ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები შეიძინეს და ყოველივე ეს კი, იქაური პრემიერლიგის დონეზეც უნდა ასახულიყო.

ახლა თანხებს აღარ იკითხავთ? 24 წლის იტალიელი მარცხენა მცველი დომენიკო კრიშიტო "ზენიტს" 11 მილიონი ევრო დაუჯდა, უფრო მეტი, 14,5 მილიონი ევრო გადაიხადა "ანჟიმ" 24 წლის უნგრელ გარემარბ ბალაშ ჯუჯაკში, რომელსაც მალე გვერდი დაუმშვენა რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, 28 წლის იური ჟირკოვმა ("ჩელსიდან" გადმოიყვანეს); აღარაფერს ვამბობ "ანჟის" და, საერთოდ, რუსული პრემიერლიგის ყველაზე ხმაურიან შენაძენზე: "ბარსელონასა" და მილანის "ინტერის" ყოფილი ვარსკვლავი, 30 წლის სამუელ ეტო დაღესტნურ გუნდში თუ გააგრძელებდა კარიერას, ამას ვინ იფიქრებდა; თუმცა, როცა სეზონში ათ მილიონ ევროზეა (დაუზუსტებელი ინფორმაციით) ლაპარაკი, მახაჩყალაში კი არა, უფრო "ეგზოტიკურ" ადგილასაც შეიძლება წასულიყო, - მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ შარშან ეტოს ცოტა დააკლდა უზბეკეთში რომ გაეგრძელებინა კარიერა.

ჰოლანდიელი დემი დე ზეუვი, ნიგერიელი ემანუელ ემენიკე (ორივე - "სპარტაკი"), ნიგერიელი ვიქტორ ობინა, პორტუგალიელი მანუელ და კოშტა (ორივე - "ლოკომოტივი"), პარაგვაელი ნელსონ ჰაედო ვალდესი, ნიგერიელი ობაფემი მარტენსი (ორივე - "რუბინი"), - აი, არასრული ჩამონათვალი იმ ფეხბურთელებისა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რუსულ კლუბებში რომ ჩაირიცხნენ.

ამას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება: იანვარში, როცა ზამთრის "სატრანსფერო ფანჯარა" გაიხსნება, ბევრად უფრო "ხმაურიან" და ცნობად გვარ-სახელებსაც უნდა ველოდოთ. თუმცა, რუსული პრემიერლიგისადმი ჩვენი ინტერესი სულ "სხვა" ფაქტორით არის განპირობებული და სწორედ ქართველი ფეხბურთელების წლის "მონაგარი" გვინდა გავიხსენოთ.

ჯანო და საბა
ამ წელს რუსულ პრემიერლიგაში ოცამდე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა: ვინ მუდამ ძირითადში იყო, ვის - დუბლებში ასპარეზობა უწევდა; სხვადასხვა გუნდში მრავლად იყვნენ ქართულ გვარ-სახელის მქონე მოთამაშეებიც, რუსეთის მოქალაქეობა რომ აქვთ (მათგან უმეტესობა, ახალგაზრდა ფეხბურთელებია), თუმცა ჯობს თანმიმდევრულად, უფრო ზუსტად, სატურნირო ცხრილს "მივყვეთ."

მოქმედი ჩემპიონისა და ამ გათამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის "ზენიტის" შემადგენლობაში, "როგორც წესი", ქართველ ფეხბურთელს ვერ შეხვდებით. სამაგიეროდ, ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ლუჩანო სპალეტის დამოძღვრილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა რუსეთის მოქალაქემ, 20 წლის მცველმა იგორ ჩემინავამ.

ანალოგიური სიტუაციაა მეორე ფავორიტის, ცსკა-ს შემთხვევაშიც: შეგახსენებთ, რომ შარშან ამ გუნდის დუბლებში ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი პლეიმეიკერი ნიკა ძალამიძე ასპარეზობდა; ახლა კი არმიელთა დუბლშემადგენლობაში 22 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა 18 წლის ნახევარმცველმა დავით ხურციძემ (რუსეთის მოქალაქემ).

არცერთი ჩვენებური თამაშობს მოსკოვის "დინამოში", არადა ეს უძველესი რუსული კლუბი მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც ხანგრძლივზე-ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად გაუჩნდა.

მართლაც "მძიმე" და ერთობ არასტაბილური სტარტის მერე საგრძნობლად გამოაკეთა სატურნირო მდგომარეობა მოსკოვის "სპარტაკმაც"; თანაც, ბევრისთვის გასაკვირვად, რუსების "სახალხო გუნდის" ხელმძღვანელობა ჯიუტად ენდობოდა მთავარ მწვრთნელს ვალერი კარპინს (ამავდროულად, კლუბის გენერალური დირექტორიც გახლავთ) და თანამდებობა შეუნარჩუნა.

რუსეთის ნაკრებისა და ესპანური გუნდების ("სელტა", "სოსიედადი") ყოფილ ვარსკვლავს ვერავინ დასწამებს, ქართველების მიმართ არასამართლიანად იქცეოდაო; ყოველ შემთხვევაში, 19 წლის ჯანო ანანიძის პროგრესში დიდი წვლილიც აქვს შეტანილი - მესამე სეზონია, ქართული ფეხბურთის იმედს საკუთარი ნიჭის გამოვლენაში ეხმარება. სამწუხაროდ, ნიჭიერ ქართველ შემტევს ამ წელს ტრავმის გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია - 32 ტურიდან მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი). აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "სპარტაკის" დუბლებში რუსეთის მოქალაქეები, ირაკლი ჭეჟია (მცველი) და თემურ ბუკია (თავდამსხმელი) თამაშობდნენ.

რუსულ პრემიერლიგაში, საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, სამწვრთნელო გადაადგილებები ლამის ყოველ მეორე-მესამე ტურში ხდებოდა; თუმცა, გამონაკლისიც არის და ეს, უპირველეს ყოვლისა, ყურბან ბერდიევს ეხება - უკვე მეორე ათეული წელიწადი დაიწყო, ეს სპეციალისტი "რუბინს" რომ თავკაცობს. ბერდიევის ხელმძღვანელობით (პირველ ლიგაშიც და უმაღლესშიც) არაერთ ქართველ ფეხბურთელს უასპარეზია და ამ სპეციალისტის სამწვრთნელო თუ პედაგოგიურ შესაძლებლობებზე ბევრი ჩვენებურისგანაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გვსმენია; რაც მთავარია, ბერდიევი მუდამ მაღალი აზრის გახლავთ ქართულ ფეხბურთზე და ერთი ჩვენებურის დაწინაურებას წლეულსაც შეუწყო ხელი: 19 წლის საბა კვერკველიაზე მოგახსენებთ, ტანმაღალ ცენტრალურ მცველზე, ჯერ დუბლშემადგენლობას რომ "შეაჩვია" (18 მატჩი), მერე კი "რუბინის" ძირითადშიც ანდო ადგილი!

კვერკველიამ რუსული პრემიერლიგაში 5 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადებიუტო გოლიც გაიტანა ("ამკართან", გასვლაზე) და, რაც მთავარია, სავსებით ღირსეულად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზეც: კიევის "დინამოსა" და "ლიონის" წინააღმდეგ ჩატარებულ ოთხივე მატჩში "რუბინის" დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა!

"რუბინის" დუბლებშია კვერკველიას თანატოლი და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ავთანდილ ბრაჭული, - ამპლუით მცველმა 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. არცთუ დიდი ხნის წინ "რუბინის" დუბლებში კიდევ ერთი ჩვენებური გამოჩნდა: 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძე, რომელმაც ჯერჯერობით მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. შეგახსენებთ, რომ წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის ვაჟი მანამდე ოდესის "ჩერონომორეცსა" და ვორონეჟის "ფაკელში" ასპარეზობდა. "რუბინის" დუბლებში თამაშობენ რუსეთის მოქალაქეები, პერსპექტიული ფორვარდი 18 წლის მერაბ ურიდია (ვისაც 28 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი) და 18 წლის ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილი (25 მატჩი, 12 გოლი).

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კევინ კურანი გერმანელია და არა უნგრელი
Dato
11:41 02-12-2011
0
ეიადან მაკგიდი კი ირლანდიელი
Dato
11:42 02-12-2011
0

სიახლეები პოპულარული