ოთარ ხიზანეიშვილი: ნაკრებში ანჟიდან დავბრუნდები

AutoSharing Option
პრემიერლიგაში დაბრუნებულ მახაჩყალის "ანჟის" კიდევ ერთი ქართველი დაემატა - გერმანიის მეორე ბუნდელიგის "აუგსბურგთან" საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მცველი ოთარ ხიზანეიშვილი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში დაბრუნდა. ხიზანეიშვილი გერმანიაში გადაბარგებამდეც ასპარეზობდა რუსეთში და იქაურ გულშემატკივარს ჩვენებური დღემდე ახსოვთ.
"ანჟის" ხელმძღვანელობამ ქართველი ახალწვეულის მიმართ ქომაგების დიდი ინტერესი გაითვალისწინა და გადაწყვიტა, დაღესტნელთა გუნდის თავკაცი გაჯი გაჯიევი პრესკონფერენციაზე ოთარ ხიზანეიშვილთან ერთად მისულიყო. ჩვენებურმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

- თავდაპირველად, მოკლედ გვითხარით თქვენს წარსულზე...
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო. ჯერ თბილისის "დინამოში" გამოვდიოდი,
საიდანაც რუსეთში გადავედი, მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", ასევე "როსტოვში" ვთამაშობდი. რუსეთიდან გერმანიაში გავაგრძელე კარიერა, სადაც "ფრაიბურგსა" და "აუგსბურგში" ვასპარეზობდი. "ანჟიმდე" ნალჩიკის "სპარტაკში" ვიყავი სინჯებზე, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით და ნალჩიკი მალევე დავტოვე. ჩემს ტრანსფერზე აგენტმა გააგრძელა მუშაობა და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ერთ დღესაც აგენტმა დამირეკა და "ანჟის" ვარიანტი შემომთავაზა. მახაჭყალაში ტესტირებაზე ჩამოვედი და როგორც ხედავთ, უკვე ამ კლუბის წევრი ვარ.

- ეროვნულ ნაკრებში კიდევ თამაშობთ?
- 2009 წლიდან მოყოლებული, ტრავმებმა გამტანჯა და წელიწადზე მეტი გამიცდა. ახლა ნელ-ნელა ვიმაღლებ კონდიციებს. ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ტელეფონით ვესაუბრე. ის დამპირდა - როგორც კი ჩვეულ ფორმას აღიდგენ, ნაკრებში დაბრუნების შანსს მოგცემო.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?

- გერმანიაში მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ყოველდღე დავრბოდი. ფიზიკურად კარგ კონდიციაში ვიყავი, მაგრამ "ანჟიში" თავდაპირველად მაინც გამიჭირდა. თუმცა ეს პერიოდი უკვე გადავლახე და ფორმას ნელ-ნელა ვიბრუნებ. ახლა უკვე შემიძლია ორი ტაიმი შეუცვლელად ვითამაშო.

- "ანჟიში" თანამემამულეები დაგხვდნენ და წესით ადაპტაცია არ უნდა გაგჭირვებოდათ...

- დიახ, ეგრეა. ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და გიორგი ილურიძე დამხვდა გუნდში. თანამემამულეთა გარდა, "ანჟის" ხელმძღვანელობის, მწვრთნელების თანადგომა უმალ ვიგრძენი და ადაპტაციის პერიოდი იოლად გადავიტანე. მათი დახმარებით მოკლე ხანში ჩვეულად ავთამაშდები და გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან.

- დაცვის ცენტრში უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ ფლანგზე თამაშისას?

- ვფიქრობ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე უფრო სასარგებლო ვარ. თუმცა ჩემთვის ფლანგზე თამაშიც არ არის უცხო.
- უკვე იცით, რას ითხოვს თქვენგან გუნდის თავკაცი?
- მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრი ჩემთვის გასაგებია. ის ხშირად მეხმარება, ფსიქოლოგიურად მამხნევებს ხოლმე, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.

- დაოჯახებული ხართ? შვილები თუ გყავთ?

- დიახ, ცოლ-შვილი მყავს. ისინი ჯერჯერობით მიუნხენში არიან.
- მახაჩყალაში სად ცხოვრობთ?
- ბაზაზე ვცხოვრობ. ასე ჩემთვისაც უკეთესია და ფეხბურთისთვისაც.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ფილმებს ვუყურებ, კომპიუტერით ვერთობი, "სკაპით" ჩემებს ველაპარაკები...
- რას ეტყვით თქვენებს დაღესტანზე, მახაჩყალაზე?
- სიმართლე გითხრათ, აქ ჩამოსვლამდე დაღესტანი სხვაგვარი წარმომედგინა. თუმცა ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი, რომ აქ ცხოვრებისა და მუშაობისთვის ნორმალური პირობებია. საცხოვრებლის გარდა, საფეხბურთო გაგებითაც კარგი პირობებია - ჩინებული ბაზა, სავარჯიშო და სათამაშო მოედნები... ასე რომ, დაღესტანში კარგად ვგრძნობ თავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული