გიორგი ჭედია: აზერბაიჯანში მივდივარ

AutoSharing Option
11 აგვისტოს აზერბაიჯანულმა ინტერნეტსააგენტო აპა-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თოვუზის "თურანის" (აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგა) პრეზიდენტი მუსა სულეიმანოვი საქართველოში ვიზიტს და ორ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას გეგმავდა. ლაპარაკი იყო დიმიტრი ტატანაშვილსა და გიორგი ჭედიაზე.

ტატანაშვილმა გაცილებით საინტერესო წინადადება მიიღო და ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, ჭედიას ამბავი კი სარწმუნოდ არ ჩანდა, რადგან რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა და ეროვნული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კლუბი შეელეოდა. არადა, სააგენტო აპა-ს მტკიცებით, კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა. მანამდე კი, "თურანში" კიდევ სამი ქართველი გასინჯეს, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკიტა
ალიევმა მომზადების დონე დაუწუნა და სახლში გაუშვა.

საბოლოოდ, "თურანში" "სამტრედიას" ყოფილი ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა და თბილისის "ლოკომოტივის" ექსფორვარდი გიორგი მოდებაძე ("ოლიმპის" თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძის ძმა) ჩაირიცხნენ, გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად კი რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა და ჭედიას ტრანსფერიც რეალობას დაემსგავსა - დიდი ხანია, მას ბატონი რეზო მფარველობს, "უგუნდოთა ნაკრებშიც" ავარჯიშებდა და ბუნებრივია, სადაც წავიდოდა, ჭედიასაც იქ წაიყვანდა...

გუშინ გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- აზერბაიჯანში თქვენი გადასვლა დაუჯერებლად გვეჩვენა. "ტრაბზონი" აკვირდებაო და, ამის შემდეგ "თურანში" როგორღა მოხვდით?
- რა არის დაუჯერებელი? სერიოზული წინადადება იყო და დავთანხმდი. კლუბის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მოვილაპარაკეთ და ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია.

- როგორც ჩანს, აზერებს შენი კანდიდატურა ძოძუაშვილმა ურჩია.
- ფაქტია, რომ კლუბში ბატონი რეზო მიიწვიეს, ის კი მენდობა და ჩემი სჯერა. "თურანში" დანიშვნისთანავე, პრეზიდენტს ჩემი მიყვანა ურჩია. ვფიქრობ, იმედებს არ გავუმტყუნებ.

- კონტრაქტი რა ხნით უნდა გააფორმო?
- ერთწლიანს მთავაზობენ. ახალგაზრდული ნაკრების თამაშების შემდეგ ჩავალ და ადგილზე ყველაფერს დავაზუსტებ.

- მხოლოდ 22 წლის, ახალგაზრდული ნაკრებში სისტემატურად გიწვევენ და აზერბაიჯანში წასვლა შენი ასაკის და პერსპექტივის ფეხბურთელისთვის ნაადრევი არაა?!
- ახლა ისეთი ვითარება შეიქმნა... მოკლედ, აზერბაიჯანში წასვლას დავთანხმდი. ერთწლიანზე მეტი ხელშეკრულება არ მაწყობს, რადგან სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გავხდები, გუნდის მოძებნა გაცილებით გამიიოლდება და ბევრად უკეთესი დონის პირველობაზე მოხვედრას ვიმედოვნებ.

- რუსთავის "ოლიმპის" ხელმძღვანელობამ იოლად გაგიშვა?
- რუსთაველებს გაშვება მე ვთხოვე, თორემ ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ. კლუბს ისედაც არ ჰყავს ბევრი მოთამაშე და ეს ჩემთვისაც არ იყო იოლი სათხოვარი, მაგრამ რა ვქნა, საკუთარ კარიერაზე უნდა ვიფიქრო. ბოლოს ადამიანურად გამიგეს და გამათავისუფლეს. საქმე ისაა, რომ "ოლიმპთან" კონტრაქტი ორ წელიწადში მიმთავრდებოდა, ანუ 24 წლის რომ გავხდებოდი და იმ დროისთვის უცხოეთში წასვლა კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. რამენაირად, ახალ გუნდს ერთი წელი გავუძლებ და იმედია, მერე ისეთ კლუბში გადავალ, სადაც მეც ძალიან გამიხარდება თამაში და გულშემატკივარსაც.

- აზერბაიჯანში მარტო მიდიხარ, თუ ძოძუაშვილი კიდევ იწვევს ქართველებს?
- გიორგი მოდებაძე და შალვა ფირცხალავა უკვე აიყვანეს, მესამე მე ვარ. მოდებაძემ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და კლუბში ქართველების იმედი გაუჩნდათ. სხვების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, არაა გამორიცხული, ძოძუაშვილმა კიდევ რამდენიმე დაიმატოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული