მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა

AutoSharing Option
მოულოდნელი ამბავი - მამუკა ღონღაძის გამოცხადებული ტრანსფერი ლუგანსკის "ზარიაში" ჩაიშალა.

21 გოლით ლატვიური ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გასული "დაუგავას" თავდამსხმელი იქაურმა გამოცემა "სპორტცენტრმა" წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭომ კი სეზონის 22 გამორჩეულ მოთამაშეს შორის ქართველი საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელად აღიარა.

სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელით უკრაინის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა - კრივოი როგის "კრივბასი", ლუგანსკის "ზარია" და ლვოვის "კარპატი". საბოლოოდ, დეკემბერში 26 წლის თავდამსხმელი "ზარიაში" მიიწვიეს, იქ ივარჯიშა კიდეც და შევიტყვეთ, რომ იანვრის დასაწყისში კონტრაქტს გააფორმებდა. ამის
თაობაზე ფეხბურთელის მენეჯერსა და ლუგანსკელთა ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.

"მამუკა ლუგანსკის "ზარიაში" ითამაშებს. ყველა პრობლემა მოგვარდა, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, "ზარიამ" დაუგავპილსელებისგან კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს და მამუკა "ზარიასთან" 9 იანვარს ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს", - გვითხრა დეკემბერში დალიბორ ლაცინას სამენეჯერო კომპანიის წარმომადგენელმა სერგო ქუთათელაძემ და დაამატა, რომ ფეხბურთელი "ზარიას" ნომერზეც შეუთანხმდა - მამუკას 33 სურდა, რადგან "დაუგავაშიც" ამ ნომრით თამაშობდა, მაგრამ ეს ნომერი "დაკავებული" აღმოჩნდა და 23 აირჩიაო.

ტრანსფერზე ლატვიური ინტერნეტგაზეთი "დელფიც" წერდა, მაგრამ "ზარიას" პრესსამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციები უარყო, ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ ისინჯებაო.

გუშინ კი შევიტყვეთ, რომ უკრაინელებმა სიტყვიერი შეთანხმების შესრულება აღარ ისურვეს, ბრაზილიელი თავდამსხმელის აყვანა გადაწყვიტეს და ღონღაძეს ან ისევ ლატვიაში დაბრუნება მოუწევს, ან შესაძლოა, საქართველოში გამობრუნდეს.

მისით დაინტერესებულები იყვნენ ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო", მაგრამ როდესაც უკრაინულ კლუბში მისი ჩარიცხვა გამოცხადდა, ისინიც გაჩერდნენ.
უცნობია, გაზაფხულიდან რომელი გუნდის ფორმას მოირგებს "კანუ", საამისოდ დაინტერესებულ კლუბს "დაუგავასგან" მისი ტრანსფერის გამოსყიდვა მოუწევს.

მამუკამ ხომ უცნაური პრობლემები თავად შეიქმნა: ხელშეკრულების გაფორმებისას უყურადღებობა ძვირად დაუჯდა - რომ ეგონა, "დაუგავას" ერთწლიან კონტრაქტზე მოუწერა ხელი, ქაღალდებში ორი წელი ჩაუწერეს. ამიტომაც ახლა ლატვიელები მასში 100 ათას დოლარს ითხოვენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული