მახაჩყალის "ანჟიმ", რომელიც ავსტრიაში ემზადება, მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. დაღესტნელებმა ზურაბ მენთეშაშვილის ყოფილი გუნდი, ისრაელის ჩემპიონი თელ ავივის "ჰაპოელი" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მახაჩყალელთა რიგებში ორმა ჩვენებურმა ითამაშა - ეროვნული ნაკრების წევრები, მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი დავით კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრაც დაასრულეს. ნახევარმცველებს - გოჩა ხოჯავასა და ზურაბ არზიანს, ასევე თავდამსხმელ გიორგი ილურიძეს თამაშმა არ მოუწიათ.
ვასილ გიგიაძის სიმფეროპილის "ტავრიამ" დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. თასის მფლობელი ჩვენებურის გუნდი, რომელიც სუპერთასისთვის 4 ივლისს ჩემპიონ დონეცკის "შახტარს"
დაუპირისპირდება, ლუცკის "ვოლინთან" 3:5 დამარცხდა. გიგიაძე ძირითადში იყო და მხოლოდ პირველი 45 წუთი დაჰყო მოედანზე.
სხვათა შორის, გიგიაძის გუნდის მძლეველი ლუცკის "ვოლინი" დღეს უკრაინაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფ თასის მფლობელ "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრება.
დავით ცაბაძე