შოთამ ქაისერისფორი შეკრიბა

AutoSharing Option
შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას შეუდგა. საზაფხულო პაუზის შემდეგ მან გუშინ პირველად შეკრიბა გუნდი. "ქაისერისფორში" გუშინ დილით სამედიცინო შემოწმება იყო, საღამოს კი შოთამ მსუბუქი წვრთნა ჩაატარა. არველაძის გუნდი ერთი გამონაკლისის გარდა სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. თურქული ვებგვერდების ინფორმაციით, ახალწვეული მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ქაისერელებს ამ დღეებში შეუერთდება.
"ბოლო სეზონს თუ არ ჩავთვლით, უკანასკნელი წლების განმავლობაში "ქაისერისფორი" მოწინავე 5-6 გუნდს შორის იყო. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავარძელოთ. ზაფხულის პაუზისას გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა. რამდენიმე მოთამაშე წავიდა, ფეხბურთელები დავიმატეთ და
გვინდა, კიდევ გავძლიერდეთ. ჩემი მიზანია კარგად შეკრული და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი ჩამოვაყალიბო", - აღნიშნა შოთამ თურქულ პრესასთან საუბარში.

ჟურნალისტები ახალ მწვრთნელსა და მის პირველ სამუშაო დღეზე კლუბის სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას აზრითაც დაინტერესდნენ. ჰურმამ აღნიშნა, რომ შოთა არველაძის დიდად ემედება და სჯერა, რომ ახალ სეზონში "ქაისერი" მოწინავე ხუთეულში დაიმკვიდრებს ადგილს.
არველაძემ პირველივე სამუშაო დღეს გუნდის კაპიტანი დანიშნა. ეს პატივი შემტევ ნახევარმცველ მეჰმეთ ერენს ერგო, რომელიც ბოლო 3 წელია "ქაისერისფორში" ასპარეზობს და 89 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

თურქული ვებგვერდების მიხედვით, არველაძე ჯერაც არ კარგავს იმედს, რომ გლაზგოს "რეინჯერსიდან" შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელ კრის ბოიდს გადაიბირებს. შეგახსენებთ, რომ ბოიდის აყვანა "ბირმინგემს", "ბლექბერნს", "მიდლსბროსა" და თურქულ - "ბურსასფორსა" და "ანკარაგიუჯუს" უნდათ. არველაძე მზად არის შოთლანდიის ნაკრების ფორვარდს კერძო თვითმფრინავი გაუგზავნოს, თუ ის ქაისერში კონტრაქტზე ხელმოსაწერად ჩავა.

"კრის ბოიდს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჩვენ მას ჩინებული ფინანსური პირობები შევთავაზეთ, რითაც უკმაყოფილო ნამდვილად არ არის. ბოიდის აგენტსაც ვესაუბრე, ის და მისი კლიენტი ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილნი არიან. აგენტმა საუბარში თურქეთამდე გადამღლელი მგზავრობა ახსენა. თუ კრის ბოიდი ჩვენს გუნდში თამაშს გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია მას გადაჯდომებით გადამღლელი მგზავრობა თავიდან ავაცილოთ. თუ ბოიდი მზად არის ჩვენს კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ჩვენ მზად ვართ კერძო თვითმფრინავი გავუგზავნოთ ქაისერში ჩამოსაფრენად. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ თუ კრის ბოიდი ხელშეკრულებას გააფორმებს. თუ არა და თურქეთში მხოლოდ ვითარების გასაცნობათ თვითმფრინავის გაგზავნა ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა", - აღნიშნა შოთა არველაძემ ევენინგტიმეს.ცო.უკ-სთან კომენტარში.

დავით ცაბაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული