"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი კახა კალაძე "მილანში" უთამაშებლობას ვერ შეეგუა და "ჯენოაში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. გასულ სეზონში უთამაშებლობის პერიოდში ქართველმა მცველმა არაერთხელ გამოთქვა პროტესტი,
ახლა კი იმაზე, თუ რა თქვა კალაძემ პრეზენტაციაზე: "დიახ, "იუვენტუსში" ჩემს გადასვლაზე იყო საუბარი, მაგრამ აღარ მინდა ამაზე საუბარი. ახალ გუნდში გადასვლაზე ზრუნვისას არჩევანი "ჯენოაზე" შევაჩერე და მჯერა არ შევმცდარვარ. ამ ნაბიჯის გადადგმაში რამდენიმე ფაქტორი იყო გადამწყვეტი. "ჯენოა" ძველი კლუბია და სკუდეტო არაერთხელ აქვს მოპოვებული. კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზისა და მთავარი მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის მხრიდან დიდი ნდობა და ენთუზიაზმი ვიგრძენი. გარდა ამისა, გუნდის შემადგენლობაც არ ყოფილა ჩემთვის მეორეხარისხოვანი. ეს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თუნდაც ლუკა ტონის დამატება რად ღირს", - აღნიშნა კალაძემ.
ჩვენებურმა "ჯენოას" თავკაცი ჯან პიერო გასპერინი ლეგენდარულ უკრაინელ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკის შეადარა.
"კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია. კარგი სპეციალისტებისგან ბევრი ვისწავლე. განსაკუთრებით ვალერი ლობანოვსკის გამოვარჩევდი, რომელმაც ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ჯერ საბჭოური, მერე კი უკრაინული ფეხბურთის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ლობანოვსკი ამას ქადაგებდა. ჯან პიერო გასპერინის კრედოც ეს არის. ის ლობანოვსკივით გამოცდილი სპეციალისტია და აქამდეც დიდ პატივს ვცემდი".
საინტერესოა თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებს კალაძე "ჯენოაში" დაცვის ცენტრში თუ მარცხენა ფრთაზე? ამ კითხვით იტალიელი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და კახას მიმართეს. "მცველი ვარ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ცენტრალურ მცველად ვითამაშებ თუ მარცხენა ფრთაზე. ამ ფუნქციებიდან ჩემთვის არცერთია უცხო. გუნდის თავკაცი თავად გადაწვეტს თუ სად გამამწესოს. საჭიროების შემთხვევაში, ორივე ამ პოზიციაზე შემიძლია თამაში", - განმარტა კალაძემ.
ჩვენებურს ფიზიკურ კონდიციებზეც ჰკითხეს: "ბოლოს მუხლის ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ახლა ჩინებულად ვგრძნობ თავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და ახლახანს, 4 დღის შუალედით, ეროვნული გუნდის რიგებში ორივე მატჩში სრულად ვითამაშე. კარგ კონდიციაში ვარ, მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება და უკეთ წარმოვჩნდები".
რა მიზნისთვის იბრძოლებს "ჯენოა"? ამ კითხვით კალაძესაც მიმართეს: "ჩინებული შემადგენლობა გვყავს, კარგი მწვრთნელი და პრეზიდენტი, რომლებიც წარმატებული შედეგისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ მეოთხე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძოლოთ. ეს სულაც არ არის გადაჭარბებული ამბიცია. ლიგის საგზურის მოპოვება ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება".
"როსონერისთან" გამოთხოვებამდე კალაძემ "მილანის" ბოსები პრესაში გააკრიტიკა და პრეზენტაციაზე ამ კითხვამაც თავი იჩინა.
"მილანის" მესვეურებთან კამათის გაგრძელებას არ ვაპირებ. "როსო ნერიში" ცხრანახევარი წელი გავატარე და ამ გუნდის გულშემატკივრის ტაში და აპლოდისმენტები ბევრჯერ დავიმსახურე. მათი მადლიერი ვარ. თუმცა ახლა "ჯენოაში" ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ვიბრძოლებ".
"ჯენოაში" კალაძე 13 ნომრით ითამაშებს. სხვათა შორის, სწორედ ამ ნომრით დაიწყო ჩვენებურის კარიერა "მილანში", მერე კი კახამ 4 ნომრიანი მაისურა მოირგო.
"დიახ, "ჯენოაში" 13 ნომრით ვითამაშებ. ამ ნომრით დავიწყე თამაში "მილანში" და ყველაფერი კარგად აეწყო, პირველად სკუდეტო ამ ნომრით მოვიგე და მინდა, "ჯენოაშიც" წარმატებული სტარტი მქონდეს", - განმარტა კახა კალაძემ.
დაბოლოს "ჯენოა", რომელმაც სასტარტო ტურში "კატანია" სტუმრად 1:0 დაამარცხა და მე-6 ადგილზეა მომდევნო ტურში "კიევოს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა კვირას, 12 სექტემბერს გაიმართება და შესაძლოა "ჯენოაში" კალაძის ოფიციალური დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს.