მჭედლიძე ოქროს მაღაროში

AutoSharing Option
იტალიურ სერია B-ში მოასპარეზე "ემპოლიში" დაბრუნებულმა ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში სამიდან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. "ფროზინონესთან" და "პესკარასთან" ჩატარებული თამაშების შემდეგ, მჭედლიძეს 5 სექტემბერს "ვარეზესთან" უგოლო მატჩში არ უთამაშია. ჩვენი ინფორმაციით, ლევანი ტრავმამ შეაწუხა და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფორვარდი გუნდს ამიტომ ვერ დაეხმარა.

ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, მჭედლიძეზე იტალიაში კვლავაც დიდ იმედს ამყარებენ და ამის დასტურად იტალიურ ვებგვერდ datasport.it-ზე გამოქვეყნებული მასალაც გამოდგება, რომლის სათაური ასეთია - "ემპოლის ოქროს მაღარო: ახლა მჭედლიძე"...
"ემპოლის" სტრატეგია იგივე რჩება, ახალგაზრდა
ფეხბურთელების მოძიება, მათთვის კლასის ამაღლება, წარმოჩენა და გამორჩეულ კლუბებში გასხვისებით კლუბის სალაროს შევსება. ამ მომგებიანი სტრატეგიით "ემპოლიდან" არაერთი ფეხბურთელი კარგ კლუბში გადავიდა. მოთამაშეებმა კარიერა აიწყვეს, კლუბმა კი ფინანსურად იხეირა.

ამჯერად ყურადღების ცენტრში 20 წლის ლევან მჭედლიძეა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უკვე რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული. მართალია, გასულ სეზონში "იუვენტუსის" კარში მის მიერ ჯანლუიჯი ბუფონისთვის გატანილი მნიშვნელოვანი გოლი, "პალერმოში" უთამაშებლობამ და შემდგომმა პაუზამ გააფერმკრთალა, თუმცა ფსონი ისევ ლევანიზე დევს. მჭედლიძის გადაბირება ზამთარში "ნაპოლის" უნდოდა", მაგრამ "პალერმომ" ქართველი დასაჯა და არ გაუშვა. ლევანის სისუსტე მისი ფიცხი ბუნებაა, რამაც ზამთარში დაშვებული შეცდომა და ფეხბურთელის 6-თვიანი უქმობა განაპირობა. მჭედლიძის პლუსი კი ბრძოლისუნარიანობა, მიზანსწრაფულობა და ტექნიკურობაა.

"ემპოლიში" ქართველს სრული ნდობა აქვს და თუ მალე შეძლებს ჩვეული ფორმის დაბრუნებას შესაძლოა, უკვე ზამთრის პაუზისას სერია A-შიც კი დაბრუნდეს", - წერს სტატიის ავტორი ალფრედო პედულია საიტ დატასპორტ.იტ-ზე.
როგორც გავიგეთ ლევან მჭედლიძე ტრავმის შემდეგ უკეთ გრძნობს თავს. თუმცა დღეს, 11 სექტემბერს, "ტრესტინასთან" მე-4 ტურის მატჩში ლევანის თამაში მაინც საეჭვოა. რაც შეეხება "ემპოლის", ჩვენებურის გუნდი 3 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-8 ადგილზეა.
"ემპოლის" მეორე ქართველზე ირაკლი შეყილაძეზეც უნდა გაცნობოთ. შეყილაძეს დუბლებში, ე.წ. პრიმავერაში იშვიათად უწევს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა. ბოლოს, "ემპოლის" სარეზერვო გუნდი "ჯენოას" დუბლებთან" შინ 1:2 დამარცხდა. შეყილაძე სათადარიგოთა შორის იყო მაგრამ თამაშმა არ მოუწია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული