ლეგიონის უქმეების ყოველკვირეულ მიმოხილვაში სისტემატურად აღვნიშნავდით, რომ საზღვარგარეთ მოთამაშე ჩვენებურთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სეზონი განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა, თუმცა სასიამოვნო გამონაკლისებიც იყო.
გადავწყვიტეთ, ქართული ლეგიონის მონაგარს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლოთ და თითოეული ლეგიონერის მიერ ჩატარებული სეზონი ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ.
ამჯერად მიმოხილვის პირველ ნაწილს გთავაზობთ, გაგრძელებას კი "ლელოს" 31 მაისის ნომერში იხილავთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ იმ ლეგიონერებს შევეხებით, რომლებიც ამ დრომდე უცხოეთში ასპარეზობდნენ და საქართველოში სეზონის მსვლელობისას არ დაბრუნებულან.
ფეხბურთელთა სტატისტიკაში წარმოდგენილია
კახა კალაძე (ჯენოა, იტალია)
27 მატჩი
კახა კალაძემ კარიერის უკანასკნელი სეზონი "ჯენოას" შემადგენლობაში გაატარა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არ უჭირდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მხოლოდ რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ისიც ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო.
ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია)
31 მატჩი, 2 გოლი
ლევან კობიაშვილი "ჰერტას" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და ითამაშა როგორც მარცხენა მცველის, ასევე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, გუნდი მოედანზე არაერთხელ გაიყვანა კაპიტნის სამკლავურით და ბრაზილიელი ზე რობერტოს მრავალგზის ნახსენები რეკორდიც გაიმეორა.
თუმცა "ჰერტა" ბუნდესლიგიდან გავარდა და შესაბამისად, სეზონი კობიაშვილისთვისაც წარუმატებელი გამოდგა. ლევანის მომავალი ჯერ გაურკვეველია.
ლევან ყენია (შალკე, გერმანია)
0 მატჩი
ლევან ყენია მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ მხოლოდ "შალკეს" ახალგაზრდულ გუნდში, ისიც ამხანაგურ მატჩებში თამაშს დასჯერდა.
იმედია, ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს მალე იპოვის.
ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია)
32 მატჩი, 8 გოლი
ალექსანდრე იაშვილს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია, მაგრამ ქართველი კაპიტნის რვა გოლი "კარლსრუეს" მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად არ ეყო.
კობიაშვილის მსგავსად, ჯერაც უცნობია, როგორ გაგრძელდება იაშვილის კარიერა.
ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია)
13 მატჩი, 1 გოლი
"ბოხუმში" სადებიუტო მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა და გამარჯვების გოლიც გაიტანა, თუმცა ეს ბურთი მის გერმანულ კარიერაში ჯერჯერობით ერთადერთია.
იმედია, გელაშვილი გერმანულ ფეხბურთთან ადაპტაციას მალე დაასრულებს და მომავალი სეზონიდან საკუთარ ბომბარდირულ თვისებებს იქაც გამოავლენს.
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
24 მატჩი, 1 გოლი
ისე, როგორც წინა სეზონებში, ლევან მჭედლიძეს ამჯერადაც არ უწევდა სისტემატურად თამაში. "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა და ერთზე მეტი გოლი ვერ გაიტანა.
შესაბამისად, მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას წარმატებულს ვერაფრით ვუწოდებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ლევანი მასზე წლების წინ გაცემული ავანსების გამართლებას მომავალი სეზონიდან მაინც დაიწყებს.
ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია)
1 მატჩი
სერია B-ში მხოლოდ ერთხელ ათამაშეს. სამაგიეროდ, შეგვიძლია გავიხსენოთ მის მიერ იტალიის თასზე "ფიორენტინას" კარში გატანილი გოლი.
გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი)
27 მატჩი
ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელმაც წარმატებული სეზონი ჩაატარა, გიორგი მაკარიძეა. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მეორელიგელი "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში და სეზონის დასკვნითი ნაწილი მხოლოდ ტრავმის გამო გამოტოვა.
ამირან სანაია (ბასტია, საფრანგეთი)
8 მატჩი
"ბასტიას" ძირითად შემადგენლობაში სეზონის ბოლოსკენ გამოჩნდა, მაშინ, როცა "ბასტიას" ლიგა 1-ში აღზევება გარანტირებული ჰქონდა.
სანაიას მომავალი გაურკვეველია. ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ მას დაიტოვებენ და ფრანგულ ელიტაში თავის გამოჩენის შესაძლებლობასაც მისცემენ.
ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი)
15 მატჩი, 1 გოლი
ჯანო ანანიძისთვის სეზონი უფერული და, ფაქტობრივად, არაფრისმომცემი გამოდგა. მას იშვიათად ათამაშებდნენ და უმეტესად მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთს ატარებდა.
უკვე აშკარაა, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედს კლუბის შეცვლა სჭირდება, თორემ სხვაგვარად, მისი წინსვლა და განვითარება უკვე შეუძლებლად მოჩანს.
საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი)
8 მატჩი, 1 გოლი
იმის მიუხედავად, რომ "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, საბა კვირკველიასთვის გასული სეზონი მაინც წარმატებული იყო. მან ხომ "რუბინის" დუბლშემადგენლობიდან გზა ძირითად გუნდამდე გაიკვალა და მართალია, მოედანზე არცთუ ხშირად გადიოდა, მაგრამ 18-კაციან განაცხადში, ფაქტობრივად, სისტემატურად ხვდებოდა.
იმედია, მომავალი სეზონიდან მას მეტი თამაშის საშუალება მიეცემა.
ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)
11 მატჩი (+26 მატჩი "ანჟიში")
ნუკრი რევიშვილმა წელიწადნახევრიანი რუსული სეზონი "ანჟიში" დაიწყო, სადაც ძირითადი მეკარე იყო. ხოლო როცა სასტარტოდან ამოვარდნის საფრთხე დაემუქრა, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და მართალია, ნაკლებად ამბიციურ "კრასნოდარში" გადავიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, სათამაშო პრაქტიკა შეინარჩუნა და ამით ნაკრებს გამოადგა.
რევიშვილმა ცალსახად დადებითი სეზონი ჩაატარა.
ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)
37 მატჩი, 1 გოლი
მისი ტრანსფერიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როცა "კრასნოდარის" კაპიტნად აირჩიეს - ამხელა ნდობა ყველაფერზე მეტყველებს და ამისულაშვილმაც ეს ნდობა სრულად გაამართლა.
იგი "კრასნოდარის" წამყვან მცველად იქცა და პრემიერლიგის გამორჩეულ უკანახაზელებს შორისაც ხშირად მოიხსენიებდნენ.
ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი)
22 მატჩი, 3 გოლი ("ვოლგაში": 13 მატჩი, 5 გოლი)
"კრასნოდარში" გოლები ისეთივე სიხშირით ვეღარ გაჰქონდა, როგორც "ვოლგაში", მაგრამ ეპიზოდურად მაინც ახერხებდა საკუთარი კლასის დემონსტრირებას.
რუსეთში მოთამაშე ქართველებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
ლევან გვაზავა (ტერეკი, რუსეთი)
22 მატჩი
წელს "ტერეკის" შემადგენლობაში საერთოდ აღარ გამოჩენილა, არადა, სეზონის პირველ ნახევარში სისტემატურად თამაშობდა.
გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი)
31 მატჩი
"ვოლგაში" სეზონი ბევრმა ქართველმა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ერთმა დაასრულა. გრიგალავას პოზიციები ეჭვქვეშ არ დამდგარა. იგი ნიჟნინოვგოროდელთა დაცვის შეუცვლელი წევრი იყო.
დავით სირაძე (სპარტაკი ნ. რუსეთი)
33 მატჩი, 2 გოლი
ნალჩიკის "სპარტაკი" პრემიერლიგიდან გავარდა და ამის გამო სირაძისთვის განვლილი სეზონი კარგად გასახსენებელი ვერ იქნება.
მან შედეგიანობასაც მოუკლო და მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო.
უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა)
24 მატჩი
გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, ხოლო როცა ჯანმრთელად იყო, ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად თამაშობდა.
ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა)
23 მატჩი
ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ, როგორც იქნა, კანკავას სრულფასოვანი სეზონის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა და დაკისრებულ ფუნქციებს თავი ნორმალურად გაართვა.
ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა)
23 მატჩი, 7 გოლი
კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერია და რაც მთავარია, "არსენალში" ეფექტურ თამაშთან ერთად, იგი ნაკრებისთვისაც სასარგებლო იყო.
ნახევარმცველისთვის 7 გოლი მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგია.
დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა)
9 მატჩი, 2 გოლი ("ოლექსანდრიაში": 17 მატჩი, 4 გოლი)
თარგამაძეს კობახიძეზე არანაკლები პრესა ჰქონდა და ნაკრებშიც არანაკლებ შედეგიანად თამაშობდა. შემთხვევითი არც ის ყოფილა, დონეცკის "შახტარმა" რომ შეიძინა.
მართალია, იგი შედარებით მოკრძალებულ "ილიჩევეცშია" განათხოვრებული, მაგრამ კარიერაში დიდი ნაბიჯების გადადგმა იქაც შეუძლია.
თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა)
9 მატჩი
სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, თუმცა ბოლოს უკვე მწყობრში იყო და რამდენიმე მატჩის ჩატარების საშუალებაც მიეცა.
მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა)
9 მატჩი
ცნობილი მოვლენების გამო ნახევარი წელიწადი "ზესტაფონის" დუბლებში გაატარა და "კარპატის" ზამთარშიღა შეუერთდა. შესაძლოა, საუკეთესო კონდიციები ბოლომდე არ ჰქონდეს აღდგენილი, მაგრამ ფაქტია, რომ ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო.
ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა)
27 მატჩი, 4 გოლი
ფაქტია, რომ "ზარიასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვეულ სტილში მოქმედებს და მხოლოდ წინა ხაზზე კი არა, მოედნის საკმაოდ დიდ ნაწილშია აქტიური.
ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ცალსახად დადებითი სეზონი ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"