მოლდოვურ პრესაში ლევან კორღალიძისა და მამუკა ლომიძის ინტერვიუები გამოქვეყნდა.
"დაჩიას" ქართველი ნახევარმცველი ლევან კორღალიძე არ მალავს, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
"მილსამისთან" დაძაბული და საინტერესო მატჩი გვქონდა. მეტოქე დავჯაბნეთ და დამსახურებულად მოვიგეთ... დიახ, მატჩის მიწურულს გოლის გატანაც შემეძლო. კარში ძლიერად კი დავარტყი, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ამჟამად გუნდში კარგი შემადგენლობა ვართ შეკრებილი. ვფიქრობ შეგვიძლია ჩემპიონატში მაღალი ადგილის მოპოვება და საამისოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ზოგი შესაძლოა თვლის, რომ ჯერ მზად არ ვართ ოქროს მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. მარჩიელობას სჯობს სეზონის ფინიშს დაველოდოთ. ჩემპიონატის ბოლოს გამოჩნდება ვის რა შეუძლია", - მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ განაცხადა "დაჩიას" ქართველმა ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ.
მამუკა ლომიძესა და დავით გამეზარდაშვილს "ყვითელი მგლების" (ასე ეძახიან მოლდოვაში "დაჩიას") დაცვის ლიდერებად მიიჩნევიან. აღსანიშნავია ის, რომ ლომიძე ტრავმირებული იყო და პაუზის შემდეგ პირველივე რთულ მატჩში მოუწია თამაში. ლომიძემ პრესასთან საუბარში განვლილ და მომდევნო მატჩებზე ისაუბრა.
"ტრავმის შემდეგ სრულად ჯერ კიდევ არ გამოვჯანმრთელებულვარ. მთავარია ტკივილი აღარ მაწუხებს, ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გუნდს დავჭირდი და ამ პრინციპულ მატჩში ამიტომაც ვითამაშე. მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს მოგება როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ზიმბრუსთან" და "მილსამისთან" მატჩის შემდეგ, კიდევ ერთი რთული თამაში გველის, "ისკრა-სტალს" ვეთამაშებით. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია. კარგად ვიცით, რომ ქულების დაკარგვას მეტოქეც ვერ შეეგუება და ცხარე ბრძოლას ველით. იმედია თამაში სანახაობრივადაც კარგი იქნება, რომელიც ძალიან გვინდა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს".