მალხაზ ასათიანი შეწყალებას ითხოვს

AutoSharing Option
მოსკოვურ "დერბიში" ცსკა-სთან მოგებულ მატჩში (1:0) ჩვენი ნაკრებისა და "ლოკომოტივის" მცველ მალხაზ ასათიანს შეხვედრა არ ჩაუმთავრებია. ასათიანი, რომელიც იმ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, არმიელთა ჩილელ ნახევარმცველ მარკ გონსალესთან ჩხუბის გამო, სამხრეთამერიკელთან ერთად, 70-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან. რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე მოჩხუბარი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. თუმცა, როგორც ირკვევა არის შანსი, რომ დისკვალიფიცირებულებს სასჯელი გაუნახევრონ. რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო რეგლამენტის თანახმად, თუ ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ნახევარს მოიხდის და დანაშაულს აღიარებს, მაშინ ის დარჩენილ სასჯელს პირობითად მოიხდის და თამაში შეეძლება.

ასათიანმა ერთი მატჩი უკვე გამოტოვა (სტუმრად "ტომთან"), და კვირას 26 სექტემბერს გროზნოს "ტერეკთანაც" ვერ ითამაშებს. ამ ორი შეხვედრის გამოტოვება სასჯელის ნახევარი იქნება. მოსკოვის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ თადარიგი დაიჭირა და რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტს, ასათიანის დისკვალიფიკაციის განახევრების თხოვნით უკვე მიმართა. პრესასთან საუბარში ასათიანმა გაცხარება აღიარა და შეწყალება ითხოვა.

"ცსკა-სთან მატჩში ნერვები ვერ მოვთოკე, გავცხარდი და არასწორად მოვიქეცი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემსა და გონსალესს შორის კონფლიქტს მალე დავუსვით წერტილი და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ემოციების ტყვეობაში ვიყავი, თუმცა კარგად ვიცი, ეს ჩემს საქციელს არ ამართლებს. იმედი მაქვს იმასაც გაითვალისწინებენ, რომ ადრე ჩხუბის გამო გაძევება არასდროს დამიმსახურებია. ერთ მატჩში ორი გაფრთხილება მხოლოდ სათამაშო სიტუაციაში, თამაშის წესების გამო მაქვს მიღებული.

ვიმედოვნებ, ჩვენი საკითხის განხილვისას ყველა ნიუანსს გაითვალისწინებენ და მე და გონსალესს სანქციას გაგვინახევრებენ.
დისკვალიფიკაციას ჩემს საწვრთნელ პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ვარჯიში არ გამიცდენია და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვაგრძელებ მზადებას. ტომსკში გუნდს არ გავყოლილვარ, ის მატჩი ტელევიზიით ვნახე. დასანანია, ტომ "ტომთან" უპირატესობა შედეგში არ აისახა, მატჩი 1:1 დასრულდა და მხოლოდ ქულას დავჯერდით", - აღნიშნა მალხაზ ასათიანმა.

ჩვენებურის "ლოკომოტივი" 27 ქულით მერვე ადგილზეა და ქულითა და საფეხურით ჩამორჩება გროზნოს "ტერეკს", რომელსაც კვირას ეთამაშება. თუ ასათიანს შეიწყალებენ და სასჯელს გაუნახევრებენ, მაშინ მას მომდევნო კვირას, 3 ოქტომბერს "სატურნთან" გასვლით შეხვედრაში უკვე შეეძლება თამაში.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული