შოთა არველაძე: მწვრთნელობაში ჩემი ხელწერა მექნება

AutoSharing Option

არველაძე არგენტინას გულშემატკივრობს

37 წლის შოთა არველაძემ ჰოლანდიურ "ალკმაარში" გუნდის თავკაცის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, დამოუკიდებლად გადაწყვიტა გუნდის გაძღოლა. ქართველ მწვრთნელს მთხოვნელი არ აკლდა და მაისში არჩევანიც გააკეთა. შოთა არველაძე თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელია. მან ამ პოსტზე ახლო მეგობარი და ყოფილი თანაკლუბელი თოლუნაი კაფკაი შეცვალა.
შოთა უკვე შეუდგა დამოუკიდებლად მუშაობას, გუნდის მომზადებას. გუნდიც გააძლიერა და ერთ-ერთ ახალწვეულად ჩვენი ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი მიიწვია ნალჩიკის "სპარტაკიდან".
საინტერესოა, რა აზრისაა შოთა ახალ საქმეზე, გუნდზე, რას ფიქრობს მომავალზე, რას გეგმავს... ამ და
სხვა საინტერესო საკითხებზე შოთა არველაძეს გავესაუბრეთ. საკლუბო თემების გარდა, რაღა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატსა და სხვა საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ.


- შოთა, "ქაისერისფორზე" უკვე საკმაო წარმოდგენა გაქვთ. რას გვეტყვით ახალ გუნდზე?
- გასული სეზონის შემდეგ ამ გუნდში ცვლილებები მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. მთავარი მწვრთნელი რომ გავხდი, უმალ გუნდის გაძლიერებაზე დავიწყე ზრუნვა. რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის ალექსანდრე ამისულაშვილიც. კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მოთამაშეებთან და იმედი მაქვს, კარგ გუნდს ჩამოვაყალიბებთ. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და სტადიონი აქვს. ეს კი კარგი გუნდის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობაა. ქაისერი ლამაზი ქალაქია, გულშემატკივარიც ერთგული, გამორჩეული გვყავს და მათი თანადგომისა მჯერა.
- ისეთი ცნობილი მწვრთნელების თანაშემწე იყავით, როგორიც ლუის ვან გაალი, დიკ ადვოკაატი და რონალდ კუმანი არიან. მათგან ბევრი რამ ისწავლეთ და ვფიქრობ, დამოუკიდებლად მუშაობა არ უნდა გაგიჭირდეთ. ამ მწვრთნელებიდან რომელიმეს მიმდევარი ხომ არ იქნებით?
- დამოუკიდებლად მუშაობის იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ვფიქრობ, უკვე შემიძლია გუნდს ვუხელმძღვანელო და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაღალი დონის მწვრთნელებთან ასისტენტად მუშაობისას მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა, ყველა მათგანისგან საუკეთესოს ავიღებ, მაგრამ ჩემი საფეხბურთო კრედო ჩემი იდეებით და შეხედულებებით არის გაჯერებული. ასე რომ არავის მივბაძავ, როგორც მწვრთნელს, ჩემი ხელწერა მექნება.
- მოდით, მაშინ ასე გკითხავთ. რა სტილის ფეხბურთს ითამაშებს თქვენი ხელმძღვანელობით "ქაისერისფორი"?
- უპირველესად, გამართული, სწორი და გააზრებული თამაში უნდა ვაჩვენოთ. ამასთან შედეგზეც უნდა ვიზრუნოთ და არც თამაშის სანახაობრივი მხარეც უნდა დაგვავიწყდეს.
- ამისულაშვილი უკვე დაიმატეთ. თურქულ პრესაში დაიწერა, "ქაისერისფორი" ზურაბ ხიზანიშვილსა და ოთარ ხიზანეიშვილსაც დაიმატებსო. სხვა ქართველს თუ ვიხილავთ თქვენს გუნდში?
- არა, ზურაა და ოთარის დამატებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ქართველი ფეხბურთელის დამატების საკითხი ნამდვილად არ განიხილება.
- რამდენადაც გავიგე, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის მიზნად ხუთეულში მოხვედრა დაგისახათ. ეს რამდენად შესაძლებელია?
- ბოლოს ჩატარებულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, "ქაისერისფორი" თურქულ სუპერლიგაში ყოველთვის მოწინავე 5-6 გუნდს შორის იყო. ჩვენ ამ მიზნისთვის უნდა ვიბრძოოთ. იმედი მაქვს, კიდევ დავიმატებთ ფეხბურთელებს, გუნდს კიდევ გავაძლიერდებით და ჩემპიონატში წარმატებით ვიასპარეზებთ.
- რომელ სათამაშო რგოლებზე აპირებთ გუნდის გაძლიერებას?
- ნახევარდაცვასა და თავდასხმაში გვინდა გაძლიერება.
- ბრიტანულ პრესაში განაცხადეთ, თუ კრის ბოიდი ქაისერში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩამოვა, მზად ვართ, მას პერსონალური თვითმფრინავიც კი გავუგზავნოთო. შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერის საკითხზე ახალი ხომ არაფერია?
- ჯერჯერობით არაფერია. უშუალოდ კრის ბოიდსა და მის აგენტს არაერთხელ ვესაუბრე, მისაღები პირობები შევთავაზეთ. მისი გადაბირება ინგლისურ და სხვა თურქულ კლუბებსაც უნდათ... კიდევ მაქვს იმედი, რომ ბოიდი არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს და ვნახოთ...
- ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვისაუბროთ. რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
- უკვე წლებია არგენტინის გულშემატკივარი ვარ. ამ ნაკრებს ჩემი კერპი, ლეგენდა დიეგო მარადონა წვრთნის და ძალიან მინდა მსოფლიოს თასი მოიგოს. არგენტინას ძლიერი ნაკრები ჰყავს. მთავარია იღბალმა ზურგი არ აქციოს და ამ გუნდის ტრიუმფს ვიხილავთ.
- სხვა რომელი ნაკრების თამაშმა მოგხიბლათ?
- ჩემპიონატი კარგად დაიწყო გერმანიამ, ესპანეთისგან სასტარტო ტურში მარცხს ნამდვილად არ ველოდი. ასევე არ ველოდი, თუ იტალია ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდოდა. ინგლისი ნაკრები შემეცოდა... ჰოლანდია და ეპანეთი კიდევ მოუმატებს, არგენტინაც უკეთ ათამაშდება.
- რამდენად გაამართლა მსოფლიოს ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში ჩატარებამ?
- სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მთლიანად ამ კონტინენტზე ფეხბურთის პოპულარიზაციას დიდად შეუწყობს ხელს. მატჩები შუაევროპული დროით იწყება, სტადიონები კარგია, ორგანიზებაც. ასე რომ, ვფიქრობ, ამან გაამართლა.
- დაბოლოს, ისევ "ქაისერისფორზე" გკითხავთ. რამდენადაც ვიცი, მალე უცხოურ შეკრებაზე მიგყავთ გუნდი... სეზონი როდის იწყება?
- დიახ, ჯერ თურქეთში მოვემზადებით, 17 ივლისს კი ავსტრიაში, გრაცში გავემგზავრებით შეკრებაზე. რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. თურქეთის სუპერლიგაში სეზონი 15 აგვისტოს იწყება.



P.S.ინტერვიუ მომზადებულია მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩებამდე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული