შოთა არველაძე: რაც მე აქ ვარ, "ქაისერმა" 20 მილიონი იშოვა

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის ემზადება შოთა არველაძის და ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორიც". ჩვენებურთა გუნდი თურქეთის ჩემპიონატში ევროპალიგაზე გასვლისთვის იბრძოლებს და უკვე გაძლიერდა რამდენიმე ფეხბურთელით.

არველაძისთვის ეს მესამე ქაისერული სეზონი იქნება. მას უკვე აქვს იქ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება და, ალბათ, უკეთეს შედეგსაც მიაღწევს.

"ქაისერის" ამბების გარდა, შოთას სხვაზეც ვესაუბრეთ. მასთან ინტერვიუს დროს ძნელია, რომ მხოლოდ ერთ თემაზე ილაპარაკო...

ერთი სიტყვით, "ლელოს" კითხვებს შოთა არველაძე პასუხობს.

- რა ეტაპზეა სეზონისწინა მზადება? შეკრებაზე სხვა ქვეყანაში წასვლას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით "ქაისერში" ვართ და უკვე ერთი ამხანაგური
მატჩიც ვითამაშეთ, ქვედალიგელ გუნდს 8:1 მოვუგეთ. კიდევ ერთ ასეთი რანგის მეტოქესთან ვითამაშებთ და 21 ივლისს უკვე ავსტრიაში ჩავალთ შეკრებაზე, სადაც უკვე ძლიერ გუნდებს უნდა შევხვდეთ.

- ევროტურნირზე მოხვედრა თუ უნდა "ქაისერს", გაძლიერებაც დასჭირდება - რა სატრანსფერო სიახლეებია გუნდში?
- ბრაზილიელი თავდამსხმელი კლეიტონ სილვა დავიმატეთ "პანათინაიკოსიდან". უკან დახეული ფორვარდი, ასევე, ბრაზილიელი ბობოც ჩვენთან ითამაშებს. ის ჯერ "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავდა, მერე ბრაზილიაში დაბრუნდა და ჩვენც იქიდან წამოვიყვანეთ. ორივე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად გააძლიერებენ "ქაისერს".

ალბათ, იცით, რომ გუნდი დატოვა შეტევის ლიდერმა ნორდინ ამრაბატმა, რომელიც თურქეთის ჩემპიონ "გალათასარაიში" გადავიდა.

- უკვე ორი წელიწადია, რაც "ქაისერში" მუშაობ. სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი ხარ?
- რაც "ქაისერის" მწვრთნელი გავხდი, კლუბმა სუფთად დაახლოებით 20 მილიონი ევრო იხეირა ტრანსფერებიდან. მარცხენა მცველი ჰასან ალი, რომელიც ადრე იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ჩემი მოსვლის შემდეგ "ქაისერის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და "ფენერბახჩეში" 3,7 მილიონად გაიყიდა. ქეშიმალი "ფენერში" 5 მილიონად გავუშვით; ამრაბატი, რომელიც ჩემს მოსვლამდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, "გალათასარაიმ" 10,5 მილიონად შეიძინა.

- ახლა ყველაზე უფრო რომელ პოზიციაზე სჭირდება "ქაისერისფორს" გაძლიერება?
- დაცვის ცენტრში ზურაბ ხიზანიშვილის მეწყვილეს ვეძებთ...

- სხვა თემაზეც გკითხავ. რამდენიმე წლის წინათ სანაძლეოს ჩამოდიოდი, თუ მიშელ პლატინი გახდება უეფას პრეზიდენტი, ერთი კარგი ფინალი თბილისში გაიმართებაო. ამას წინათ უეფამ გადაწყვიტა, რომ 2015 წლის სუპერთასი თბილისში ჩატარდება - ნაძლევი მართლა დაგიდეს?
- ნაძლევი ამით უკვე მოგებული მაქვს, მაინცდამაინც რამე უნდა მომცენ?! გული იმაზე მწყდება, ქართველები საკუთარ ქვეყანას რომ დასცინიან, არაფრის შანსი არ გვაქვსო. ჯერ კიდევ როდის ვიხვეწებოდი, რომელიმე ასაკობრივ დონეზე ელიტრაუნდი თბილისში ჩავატაროთ-მეთქი და როცა ამის ნება დაგვრთეს, ფინალური ეტაპის ნახევარფინალამდეც მივედით.

რაც საქართველოში ხდება, ბევრი რამე მეც არ მომწონს, მაგრამ ამის გამო ჩვენი საქმე არ უნდა ვაკეთოთ? ვასილ მაისურაძეს და გიორგი დევდარიანსაც არ მოსწონდათ რაღაც-რაღაცეები, მაგრამ საქმეს ხელი მოჰკიდეს და დაგვანახეს, რომ წარმატების მიღწევაც შეუძლიათ - მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, დევდარიანის ხელში გამოზრდილ ფეხბურთელებს უკვე ევროპის წამყვანი კლუბები უყურებენ.

- როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართველმა სპორტსმენებმა განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ სპორტი საქართველოში პოლიტიზირებულია. შენც შემოგთავაზეს ამ განცხადებაზე ხელის მოწერა, მაგრამ უარი თქვი...
- ეს არ იყო მხოლოდ სპორტსმენთა განცხადება. როცა ამ წერილს ხელს ისინიც აწერენ, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატად იყრიან კენჭს, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა. ეს წერილი მე ლევან ყიფიანმა გამომიგზავნა. ამ განცხადებაზე ხელის მოწერა, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე პოლიტიკური მხარე ხარ.

- დავანებოთ თავი იმას, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაშია და ისე გკითხავ - ფეხბურთი საქართველოში პოლიტიზირებული არ არის?
- ფეხბურთი საქართველოში პოლიტიზირებულია, მაგრამ ასე ხდება ყველა სფეროშიც, თეატრშიც კი.

- ვისი და რისი ბრალია ეს?
- ეს ყველას ბრალია. ყველას რაღაც ინტერესი აქვს, ყველა ცხვირს ჰყოფს ისეთ რაღაცაში, რაც მისი საქმე არ არის. საქართველო ჯერ დალაგებული ქვეყანა რომ არ არის, ამიტომაც ხდება ასე.

- თურქეთიდან, ალბათ, თვალყურს ადევნებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამას წინათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს არცთუ სასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ერთ-ერთ აქციაზე...
- კალაძის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მეც იგივე სიტყვებს გამოვიყენებდი, რა სიტყვებიც მან თქვა, როცა მას საკუთარი ძმის ტრაგედიაზე ძალიან ცუდი რამე უთხრეს (იხილეთ ვიდეო).

აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, შენ ფეხბურთელი ხარ, პოლიტიკოსი თუ სხვა ვინმე - კალაძე, პირველ რიგში, ადამიანია და ადამიანურად მესმის მისი. ასეთ მძიმე ტრაგედიაზე სპეკულაცია დაუშვებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოთა არველაძე აზერბაიჯანელებს: "ნეფთჩის" "ზესტაფონთან" იოლი დღე არ ელის
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი კაცი ხარ შოთა და მართალი
levan
10:32 17-07-2012
0
კარგი ადამიანი, წესიერი კაცია და მართლა ძლიერი ფეხბურთელი იყო.ასეა- ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს რაც უკეთ გამოსდის
nukri
00:38 17-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული