ასათიანი შეიწყალეს

AutoSharing Option
ცსკას-თან რუსული პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩი ჩვენი ნაკრების მცველ მალხაზ ასათიანისთვის ცუდად მოსაგონარი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" 1:0 მოიგო, ასათიანი კი, არმიელთა ჩილელ ნახევარმცველ მარკ გონსალესთან ერთად ჩხუბის გამო, არბიტრმა მოედნიდან გააძევა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყეტილებით, ორივე ფეხბურთელს 4-4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. რაკი რეგლამენტი საშუალებას იძლეოდა, კლუბებმა საფეხბურთო კავშირს დისკვალიფიცირებულთა შეწყალებისა და სასჯელის განახევრების თხოვნით მიმართეს. თხოვნა დაკმაყოფილებულია და რაკი ასათიანმაც და გონსალესმაც ორ-ორი მატჩი უკვე გამოტოვეს, უახლოეს ტურში უკვე შეეძლებათ თამაში.

"მოჩხუბარი არ ვარ და რუსეთში ეს ყველამ კარგად იცის.
კმაყოფილი ვარ, რომ ეს ამ გადაწყვეტილებაშიც აისახა. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდებოდა იმისი დაჯერება, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ორი მატჩის გამოტოვება, ჩემთვის ისედაც დიდი სასჯელია. ადრე ჩხუბის გამო არასდროს ვყოფილვარ გაძევებული. მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი... მეკითხებიან, შეძლებ თუ არა 3 თვე გაძევების გარეშე ითამაშოო. მჯერა ეს ჩემთვის შეუძლებელი ნამდვილად არ არის. დისკვალიფიკაციის მიუხედავად ვარჯიში არ შემიწყვეტია. ახლა უკვე გაორმაგებული მონდომებით მოვემზადები უახლოესი მატჩისთვის. უკვე შემიძლია თამაში და მომიწევს თუ არა მოედანზე გასვლა, ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გადაწყვეტს", - აღნიშნა მალხაზ ასათიანმა პრესასთან საუბარში.

დაბოლოს, ასათიანის "ლოკომოტივი", რომელიც 30 ქულით მე-7 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კვირას, 3 ოქტომბერს გამართავს. რკინიგზელები რამენსკოეს "სატურნს" სტუმრად ეთამაშებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მალტასა და ლატვიასთან მატჩებამდე ასათიანს რუსეთის ჩემპიონატში თამაშისა და ფორმის აღდგენის საშუალება ექნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული