მენთეშაშვილი აშქელონში ჩაირიცხა

AutoSharing Option

ლადოს ისევ გააქვს. სად არის კაშია?

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა ისრაელის მთავარი ლიგის გასული სეზონი თელ ავივის "ჰაპოელში" ჩაამთავრა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ ოქროში ჩვენებურის წვლილიცაა. სეზონის დასრულებასთან ერთად ზურას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "ჰაპოელს" მენთეშაშვილის დათმობა არ უნდოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, თელავიველებმა ქართველს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს. მენთეშაშვილმა რუსეთს მიაშურა და სამარის "კრილიაში" ერთ საკონტროლო შეხვედრაში ("დიორი ეტოსთან" 0:1) პირველი ტაიმი ითამაშა.

სამარელებს ჩვენებური მოეწონათ, მაგრამ ზურას ტრანსფერი ერთ-ერთი სლოვაკი ნახევარმცველის გამო გაიწელა. ამასობაში, მენთეშაშვილს ისრაელში უხმეს.
უკვე გაცნობეთ, რომ მისით ორი ებრაული კლუბი იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ქვედა ლიგიდან მთავარ დივიზიონში აღზევებული აშქელონის "ჰაპოელია". ჩვენებურმა სწორედ ამ კლუბთან გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონისთვის უკვე ახალ გუნდთან ერთად ემზადება.

ებრაულ კლუბში მყოფ სხვა ჩვენებურებზეც უნდა გაცნობოთ. ვიცე-ჩემპიონმა ჰაიფას "მაქაბიმ" ავსტრიაში, "ზალცბურგის თასის" გათამაშებაზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჰაიფელთა გუნდმა, რომლის თავკაც ელიშა ლევის თანაშეწმე გიორგი დარასელიაა, ვენის "აუსტრია" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მხოლოდ ლადო დვალიშვილმა ითამაშა. "მაქაბიში" ტესტირებაზე მყოფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კი არ გამოჩენილა. ჰაიფელთაგან პირველი გოლი დვალიშვილმა გაიტანა - მან ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჰაიფელები ეფექტური გოლით დააწინაურა. სხვათა შორის, ეს ლადოს ზედიზედ მეორე გოლია ბოლო ორ მატჩში.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული