ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

AutoSharing Option
საქართველოსა და ეგვიპტის ნაკრებების ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ "ლელო" საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისულაშვილს ელაპარაკა.

ჯაბა კანკავას არყოფნაში, რომელიც საფრანგეთთან შესარჩევი ციკლის პირველივე შეხვედრას გამოტოვებს, თემურ ქეცბაიამ კაპიტნობა სწორედ "კრასნოდარის" მცველს ჩააბარა.

ალექსანდრე ამისულაშვილს განვლილი შეხვედრის და, საერთოდ, წლის შეფასება ვთხოვეთ:

- საკმაოდ მძიმე და დაძაბული შეხვედრა იყო, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე მომენტში გაგვიმართლა, ლორიამ კარგად ითამაშა და გადაგვარჩინა.

- მოგების იმედი არ გქონდათ?
- შეხვედრა ისე წარიმართა, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ბევრი გამოუცდელი მოთამაშე
გვყავდა და გოლი რომ ვერ გავიტანეთ, ალბათ, ამის მიზეზი შემადგენლობის შეუთამაშებლობაც იყო.

- შენი აზრით, რატომ უჭირს გუნდს შეტევა?
- არაკორექტული იქნებოდა, ამაზე მეპასუხა. ეს მწვრთნელის პრეროგატივაა და დარწმუნებული ვარ, თემურ ქეცბაია მუდამ ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობს. ჩვენ ვცდილობთ, უფრო დაცვიდან, კონტრშეტევებზე ვითამაშოთ, მაგრამ შეტევის ორგანიზებას ნებისმიერ მეტოქესთან ვცდილობთ.

- ეს ლოგიკურიც არის. საქართველოს ისეთი ნაკრები ჰყავს, შეტევით ბევრ მეტოქეს ვერ დავუპირისპირდებით.
- ეს ცოტა უხეში შეფასებაა. მაგრამ გრანდი ნაღდად არ ვართ და ჯერ მაღალი მიზნებისთვის ვერ ვიბრძვით. თუმცა, მჯერა, რომ ნაკრებში საკმაოდ დიდი პოტენციალის ფეხბურთელები გვყავს და დროთა განმავლობაში, მას გამოვავლენთ.

- ნაკრებში ზურაბ ხიზანიშვილის არყოფნაზე რას იტყვი?
- ესეც მწვრთნელის პრეროგატივაა და ზუსტად არც ვიცი, ხიზანიშვილი რატომ არ გამოიძახეს. შესაძლოა, ამხანაგურ შეხვედრაში მწვრთნელს სხვების ნახვა სურდათ.

ისე, პირადად მე მიმაჩნია, რომ 30-31 წლის მოთამაშეები ჩამოსაწერები არ არიან და არც ჩამოწერენ. ეროვნული ნაკრები იმიტომაც ჰქვია, რომ ეროვნულია და არა - ახალგაზრდული. ნიჭიერი ახალგაზრდებიც უნდა იყვნენ, მაგრამ ზომიერად.

დარწმუნებული ვარ, ქეცბაიაც ასე ფიქრობს, რადგან მას ყველაზე მეტად სურს ნაკრების წარმატება და გაძლიერება. ამიტომაც ატარებს ექსპერიმენტებს და ცდის ხალხს.

- "კრასნოდარის" კაპიტანი ხარ, მაგრამ ბოლო დროს შემადგენლობაში აღარ თამაშობ, ბოლო ტურში კი განაცხადშიც არ იყავი - რა ხდება შენს თავს?
- ბოლო ტურში იმიტომ არ ვითამაშე, რომ მოვიწამლე და მოედანზე გასვლა ფიზიკურად ვერ მოვახერხე. ისე, მანამდეც, რატომღაც, ბოლოს აღარ ვთამაშობდი.

- სწორედ ამის მიზეზი გვაინტერესებს.
- რაც ხდება, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ჯერ-ჯერობით, ამ თემაზე კომენტარი არც მსურს. მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი.

- მართალია, რომ "კრასნოდარიდან" წასვლა გსურს?
- ჯერ წასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიმთავრდება.

- მაგრამ კონტრაქტის გაწვეტაც არ არის წარმოუდგენელი.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთ ასაკში ვარ, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა არ მსურს.

ჯერ ყველაფერი უნდა შევაფასო, რა და როგორ იქნება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული