ჩინებული დებიუტის შემდეგ დავით თარგამაძე მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა" ქართველ ნახევარმცველს რამდენიმე კითხვით მიმართა. ეს ინტერვიუ
- "ფრაიბურგში" იყავით და მოულოდნელად უკრაინის პერშა ლიგაში მოასპარეზე "ალექსანდრიაში" აღმოჩნდით. ეს როგორ ავხსნათ?
- გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს დამიმთავრდა. გერმანიიდან წასვლის ორი საფუძვლიანი მიზეზი მქონდა. პირველი - მსურდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა, რასაც "ფრაიბურგში" მოკლებული ვიყავი. მეორე - ევროკავშირის პასპორტი არ მაქვს და ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა ქვეყანაში გამიძნელდებოდა სტაბილურად თამაში. საქართველოს მოქალაქის პასპორტის დათმობაზე კი არც მიფიქრია. მით უმეტეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარ და მომავალში ეროვნულში მოხვედრაც მინდა. ჩემმა მენეჯერმა, ფიფას ლიცენზირებულმა აგენტმა ანდრეი ბილეიჩუკმა მირჩია, ასეთ ვითარებაში "ხმაურიან ტრანსფერს" არ გამოვკიდებოდი და მოკრძალებული კლუბი ამერჩია. მალევე მან "ალექსანდრიაში" გადასვლის ვარიანტი შემომთავაზეს. ისიც მითხრა, რომ აღნიშნული გუნდი უკრაინის უმაღლეს ლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია. "ალექსანდრიის" პრეზიდენტთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ყოველგვარი ეჭვი, მეთამაშა თუ არ ამ გუნდში, გამიქრა. ახლა მომდევნო მატჩებისთვის ვემზადები. თვის ბოლოს მთავარი ლიგის გუნდთანაც მოგვიწევს დაპირისპირება - თასის გათამაშებაში კიევის "არსენალს" ვუმასპინძლებთ.
- გერმანიაში როგორ მოხვდით?
- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვიყავი. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის შედეგად "ფრაიბურგის" სკაუტები ჩემით დაინტერესდნენ და თავისთან მიმიწვიეს.
- გერმანიაში ბოლო მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარეთ. ის თამაში რით დაგამახსოვრდათ?
- შინ 1:2 წავაგეთ, მე კი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვითამაშე. თუნდაც ეს ერთი მატჩი ჩემთვის დიდი სკოლა იყო, რადგან საკმაო გამოცდილება მივიღე. ევროგრანდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
- "ალექსანდრიაში" ჩინებული დებიუტი გქონდათ და კმაყოფილი უნდა იყოთ. უკრაინის პირველობაზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წარმატებული დებიუტი მქონდა. გატანილი ბურთი და საგოლე პასი, თან სულ რაღაც ნახევარ საათში, მართლაც კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებას, გერმანიის ჩემპიონატის დარად, უკრაინაში ასპარეზობის დროსაც მზად უნდა იყო ხისტი თამაშისთვის.
- "ლვივთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ტელეარხის მიმომხილველმა მესისაც კი შეგადარათ. რა თქმა უნდა, ეს თავისებური ავანსია. თქვენი კარიერიდან კიდევ რომელი გოლი დაგამახსოვრდათ?
- "ფრაიბურგში" 4 წელიწადი გავატარე და ამ პერიოდმა საკუთარი თავისადმი კრიტიკული მიდგომა მასწავლა. მიმომხილველის მიერ გაცემული ავანსი კი ჩემთვის სტიმულია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვნად მწვრთნელის შეფასებას მივიჩნევ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, დღემდე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი "ვოლფსბურგის" კარში გატანილი გოლია, რომლის წყალობითაც "ფრაიბურგი" 19-წლამდე ჭაბუკთა შორის გერმანიის ჩემპიონი გახდა.