ლევან კობიაშვილი ბრუნდება! - ეს ფოტო ისტორიას ბარდება

AutoSharing Option
დიუსელდორფის სკანდალური მატჩის შემდეგ, რომელსაც ბუნდესლიგის ისტორიაში ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვა, შვიდ თვეზე მეტი გავიდა.

ის ფეხბურთელი, სამწუხაროდ, ჩვენებური ლევან კობიაშვილი იყო - ბუნდესლიგის რეკორდთან ძალიან ახლოს მყოფ ლევანს დიუსელდორფის სტადიონის კატაკომბებში მსაჯ ვოლფგანგ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა დააბრალეს და შვიდთვენახევრიანი დისკვალიფიკაცია მისცეს...

ახლა კი დისკვალიფიკაციას ვადა გასდის და ლევანის ბრწყინვალე კარიერის მუქი პერიოდი მთავრდება.

25 დეკემბერს "კიკერმა" ლევანს ვრცელი სტატია მიუძღვნა - კობიაშვილმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, 2012 წელი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოო.

"ურთულესი პერიოდი გამოვიარე. ამ შვიდი
თვის მანძილზე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და იმ ზომამდეც კი მივედი, რომ ხანდახან ვარჯიშზე წასვლის სურვილიც არ მქონდა",
- უთხრა კობიმ "კიკერს".

ეს "ჰერტას" მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმაც შეამჩნია და სექტემბერში კობის ერთკვირიანი შვებულება მისცა, ლევანი საქართველოში გამოუშვა.

"ეს შვებულება კობის ძალიან სჭირდებოდა. საქართველოდან ლევანი ძველებურად მოტივირებული და სიცოცხლით აღსავსე დაბრუნდა", - ეს ბერლინელთა მენეჯერ მიხაელ პრეეტცის სიტყვებია.

"კარიერას ასე ნამდვილად არ დავამთავრებდი! ვალდებული ვარ კლუბისა და საკუთარი თავის წინაშე, რომ დავბრუნდე და საფეხბურთო გერმანიას ისეთი ლევან კობიაშვილი დავამახსოვრო, როგორსაც ბუნდესლიგაში მანამდე იცნობდნენ, "ფორტუნასთან" საპასუხო მატჩამდე",
- აცხადებს კობი "კიკერთან" საუბრისას.

პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა 25 დეკემბერს კიდევ ერთხელ წერდა იმას, რაც გერმანიაში ადრეც არაერთხელ უთქვამთ და დაუწერიათ - კობიაშვილი დიუსელდორფის სკანდალურ მატჩამდე ბუნდესლიგაში ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო სპორტსმენად მიიჩნეოდაო.

VideoSportall.Ge
არეულობა ლევან კობიაშვილის მატჩში


შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიცირებულ ლევანს "ჰერტამ" კონტრაქტი ნაადრევად გაუგრძელა 2014 წლამდე და კობის კარიერის დასრულების შემდეგ ბერლინურ კლუბში დაასაქმებენ.

კობიაშვილის მიზანი ახლა "ჰერტას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებაა. "ჰერტა" ცხრილში მეორე ადგილზეა და წესით, პირველ ბუნდესლიგაში უნდა დაბრუნდეს.

მის არყოფნაში გუნდის კაპიტანი პეტერ ნიმაიერი გახდა, რომელიც ამბობს:

"კობი მეორე წრეში მაგრად გაგვაძლიერებს! ელიტაში უნდა დავბრუნდეთ, "ჰერტას" ადგილი იქაა!"


სტატიას ლევანის სიტყვებით დავასრულებთ - კობიმ "კიკერს" კიდევ ერთხელ გაუმეორა ის, რაც ადრეც არაერთხელ თქვა:

"შტარკისთვის არ დამირტყამს. გაწევ-გამოწევაში ხელი მკრეს და მას მხოლოდ დავეჯახე, მერე კი კიბეზე დავეცი. ამას ყოველთვის გავიმეორებ, იმიტომ, რომ დამნაშავე არ ვიყავი".

35 წლის კობი ამბობს, რომ კარგ ფორმაშია. ლევანი "ჰერტასთან" ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 3 იანვარს დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი გერმანიაში 60 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ "კობის"
სააკაძე
11:32 26-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული