გასულ უქმებზე "მიუნხენ 1860"-მა მეორე ბუნდესლიგაში მათე ღვინიანიძის გარეშე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურ მცველს მუცლის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც 8 და 12 ოქტომბრის სანაკრებო მატჩებზეც ვერ ჩამოვიდა. "ლომები" კი "ობერჰაუზენს" უგოლოდ დაუზავდნენ. როგორც ჩანს, კარის "მშრალად" შენახვის მიუხედავად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაინერ მაურერმა დაცვაში სისუსტეები დაინახა. ამ ჭრილში მან ქართველი მცველის პლუსებზე გაამახვილა ყურადღება.
"დაცვაში ღვინიანიძის არყოფნა იგრძნობა. მართალია, ობერჰაუზენში გოლი არ გაგვიშვია, მაგრამ სისუსტეები უკანა ხაზშიც გამოჩნდა. მათე მეტოქესთან ერთი-ერთზე ძალიან კარგად თამაშობს, ეს თვისება კი მცველის საიმედოობაზე
მეტყველებს. იმედი მაქვს, ღვინიანიძე მალე აღიდგენს ფორმას და ჩვენი გუნდის დაცვაც უფრო საიმედო გახდება", - თქვა მაურერმა აბენდზეიტუნგ.დე-სთან საუბარში.
"მიუნხენთან" დაკავშირებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მათეს გუნდს 2 ქულა დააკლო. საქმე ისაა, რომ ბავარიელებმა ლიცენზირებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაცია ვერ წარადგინეს. სანქციის შედეგი კი ასეთია - "მიუნხენი" 12 ქულით მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. 23 ოქტომბერს მაურერის სამწყსო მაჩანჩალა "არმინიას" უმასპინძლებს.