კალაძე ჯენოას დაუბრუნდა

AutoSharing Option
გუშინ გამართულ მატჩებში სამი ქართველის გუნდმა ითამაშა, თან ყველამ წარმატებულად და რაც მთავარია, სამივე ჩვენებურმა იასპარეზა. უფრო მეტიც, სამი ქართული გოლი გავიდა. ტრიოდან ყველას არ გაუტანია, თუმცა მესამესაც შეეძლო გოლის ავტორობა. ლეგიონის გუშინდელი ამბის მიმოხილვაც ამ მესამით - კახა კალაძით დავიწყოთ.

იტალიის თასის მესამე ეტაპზე კალაძის "ჯენოამ" სერია B-ს მე-14 ადგილზე მყოფ "გროსეტოს" უმასპინძლა. მოგეხსენებათ, სათასო დაპირისპირება სპეციფიურია, მით უმეტეს, როცა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთი მატჩი წყვეტს.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ნაკრების კაპიტანი პაუზის შემდეგ "ჯენოას" შემადგენლობაში, კვლავ სასტარტოში გამოჩნდა.
როგორც ჩანს, ქვედალიგოსანმა "გროსეტომ" სენსაციის ავტორობა ჩაიფიქრა. მართალია, მატჩი გენუელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ჩვენებურის გუნდს სტუმართა გატეხვა გაუჭირდა. "გროსეტო" კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, კონტრშეტევაზე მწვავედ "იკბინებოდა" და 52-ე წუთზე ჯანლუკა ფრედიმ ანგარიშიც გახსნა.

გასპერინიმ სამი მცველით ათამაშა გუნდი, უკანა ხაზზე კახა კალაძე მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა. ამ მატჩის ონლაინ რეპორტაჟიდანაც ნათლად ჩანს, რომ კახა დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და შეტევით ოპერაციაშიც აქტიურად მონაწილეობდა. მეტიც, ჩვენებურს საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ... მეორე ტაიმის შუაწელს ლუკა ტონის დარტყმული, სტუმართა მეკარემ მოიგერია და კალაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. გენუელები ისევ ტონიმ იხსნა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთში გამოცდილმა მეგოლემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადაზარდა. ის იყო საქმე პენალტებამდე მიდიოდა, რომ მეორე დამატებითი ტაიმის დამთავრებამდე წუთით ადრე ლუკა ტონიმ დუბლი გაიფორმა და "ჯენოა" თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

დანიის პირველი ლიგის ლიდერმა, დავით დევდარიანის "ორჰუსმა" მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. დევდარიანმა და კომპანიამ აუტსაიდერი "ფინი" იმსხვერპლეს, 4:1. დავით დევდარიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. გოლის გატანიდან 12 წუთში ქართველი შემტევი ნახევარმცველი კასპერ სლოტმა შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ეს დევდარიანის მე-5 გოლია. ჩვენებურის გუნდს 11 მატჩში 27 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ვეილეს" 3 ქულით უსწრებს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა გიორგი ადამიამ. ქართველმა თავდამსხმელმა ყოფილი გუნდი, "ბაკი" დუბლით "დააჯილდოვა". "ყარაბაღმა" 2:0 სწორედ გიორგის დუბლით მოიგო. ადამია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენებურმა გოლები 25-ე და 66-ე წუთებზე გაიტანა. ამ მოგებით "ყარაბაღს" 17 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული