ლეგიონერები: ალექსანდრე იაშვილი და სანდრო კობახიძე საგოლე პასებს არიგებენ

AutoSharing Option
ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვიტესმა" "აიაქსი" ორჯერ დაამარცხა და არნემული კლუბის გულშემატკივრებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ეს შედეგი თასის გათამაშებაშიც განმეორდებოდა. თუმცა, ამჯერად გამარჯვება ამსტერდამელებს დარჩათ.

ეს გუნდები ერთმანეთს თასის მეოთხედფინალში გადაეყარნენ და "აიაქსმა" არნემში გამანადგურებელი სხვაობით, 4:0 მოიგო.

"ვიტესის" შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა - გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.

ამგვარად, "ვიტესი" ევროსაგზურისთვის ბრძოლას მხოლოდ ჩემპიონატში გააგრძელებს, სადაც დღეისთვის მეოთხე ადგილზეა, თუმცა არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის, არამედ ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს.

* * *
1 თებერვალს სამი მატჩით გერმანიის მეორე ბუნდესლიგა განახლდა და ითამაშა "ბოხუმმაც", რომლის ღირსებასაც ორი ქართველი იცავს.

"ბოხუმი" სტუმრად "ალენს" დაუზავდა - 2:2. ქართველთა გუნდი შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ალექსანდრე იაშვილი თამაშში 23-ე წუთზე ჩაერთო, იმ დროისთვის ანგარიში გახსნილი არ იყო, ზუსტად 2 წუთში კი ქართველის პასით ანგარიში ჟატკოვსკიმ გახსნა.

ნიკოლოზ გელაშვილმა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი.

* * *
სამარის "კრილია სოვეტოვი", რომელთანაც რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ალექსანდრე ამისულაშვილმა გააფორმა, თურქულ შეკრებაზე პოლონურ "ზაგლებეს" შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადში გამწესებული ფეხბურთელების უმრავლესობის მსგავსად, შესვენებაზე შეცვალეს. ორივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა.

* * *
უკრაინული "დნიპრო" ასევე შეკრებაზე გაეჯიბრა რუმინულ "კლუჟს" და 2:1 სძლია. ჯაბა კანკავა და ალექსანდრე კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

პირველი მათგანი 69-ე წუთზე შეცვალეს, მეორე კი - 62-ეზე. კობახიძის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა.

* * *
ყაზანის "რუბინში" დაბრუნებულმა საბა კვირკველიამ ბუქარესტის "რაპიდთან" გამართულ საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

საბა თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, "რაპიდმა" კი შეხვედრა 76-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

* * *
რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "მორდოვიაში" სინჯებს განაგრძობს აკაკი ხუბუტია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 1 თებერვალს პოლონურ "კორონასთან" ტესტ-მატჩში მეორე ტაიმი ჩაატარა. "კორონამ" მე-40 წუთზე გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძე "დნიპროში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ალექსანდრე იაშვილი: საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე
ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრილია სოვეტოვთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული