თვალსაზრისი: ცას რუსეთიც ვერ გამოეკერება - გიორგი ჭანტურიას უკვე გააქვს

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა იყოს და ამიტომაც ყურადღებას იქცევს მისი ტრანსფერი ვლადიკავკაზის "ალანიაში".

ჭანტურიას იმიტომ მივიჩნევ ნაკრებისთვის სტრატეგიულ მოთამაშედ, რომ ჯერ არ ჩანს სხვა ისეთი გარემარბი, ფლანგზე თავგზას რომ აუბნევს რამდენიმე მეტოქეს და "სოლოს" ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინებს.

ჭანტურიას ჯერ არ იძახებენ ეროვნულ ნაკრებში და საამისო არგუმენტიც არსებობს - ბოლო დროს არნემის "ვიტესის" ძირითადში ჭანტურია არ თამაშობდა. ვლადიკავკაზის "ალანიამ" კი სხვანაირად მიმოიხილა ჭანტურიას სიტუაცია და "ვიტესისგან" იჯარით წაიყვანა.

"ალანიამ" ახლახან საკონტროლო მატჩი ითამაშა
ერთ-ერთ სერბულ გუნდთან და ჭანტურიამაც ლამაზი გოლით გამოიჩინა თავი.

"ალანიას" ტრანსფერებზე ვლადიმერ გუცაევი მუშაობს და ნიჭიერი ფეხბურთელის ყადრი ამ კაცმა ძალიან კარგად იცის. საკუთარი კავშირებით მან არაერთი ქართველი ფეხბურთელი მიიყვანა ოსურ კლუბში და მისი უკმაყოფილო, მგონი, არავინ დარჩენილა.

გუცაევს მანამდე საქართველოდან მიჰყავდა ფეხბურთელები რუსეთში, ახლა კი ჰოლანდიიდან ჩაიყვანა ქართველი ვლადიკავკაზში.

ჭანტურიას ამ დღეებში რუსული "სპორტ-ექსპრესი" ესაუბრა და ჩვენებურმა განაცხადა, იტალიურ "ჯენოას", გერმანულ "ჰამბურგსა" და მოსკოვის "სპარტაკს" ვუნდოდი, მაგრამ... მერაბ ჟორდანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ბოლო ხანს არც კი მელაპარაკებაო.

იმ გუნდებს, რომლებიც ჭანტურიამ ჩამოთვალა, წესითა და რიგით, არ უნდა ეშლებოდეთ ურთიერთობა სხვა კლუბთან და სასურველ ფეხბურთელთან. რაც შეეხება "ვიტესის" პრეზიდენტ ჟორდანიას, მის წარმატებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს პირადი კონტაქტები. ჟორდანიას აქვს იმის უნარი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დაალაგოს. მას ეს ყოველთვის კარგად არ გამოსდიოდა, თუმცა როგორც მენეჯერს, ადამიანებთან ურთიერთობის ალღო არ უნდა დაეწუნებოდეს.

მოკლედ, ნიჭიერი ჭანტურია ჯერ 20 წლისაც არ არის და უკვე ჰოლანდიიდან რუსეთში წავიდა. ამბობენ, ცვლილებები რუსეთშიც ხდებაო, იქ ისე აღარ არის, როგორც ადრე იყოო. ფაქტია, რუსული საკლუბო ფეხბურთი წინ მიდის, უფრო და უფრო მეტი ფული ჩნდება რუსულ კლუბებში, ფული კი ძალიან ბევრ რამეს აცამტვერებს, თუნდაც იმ მახინჯ ფორმებს, მენეჯერები რომ ხლართავენ ფეხბურთელის იქ მოსაწყობად.

ერთი შეხედვით, დასანანია, როცა ქართველი ტალანტი ჰოლანდიის ერთ-ერთი მოწინავე კლუბიდან ისეთ რუსულ გუნდში მიდის, არგავარდნისთვის რომ იბრძვის, თუმცა ისიცაა, რომ ჭანტურიას იჯარა სულ რამდენიმე თვეს ითვლის და "ალანია" ჩვენებურს თავისთან ვერ დააკავებს.

ჭანტურიას ახლა ყველაზე უფრო სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მერე მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას წინ, ალბათ, ვერაფერი დაუდგება.

აქეთ "ჯენოა", "ჰამბურგი" და "სპარტაკი", იქით კიდევ "ალანია" - ალბათობის თეორიით, ჭანტურიას ყველაზე ხშირად "ალანიაში" მოუწევს თერთმეტეულში ყოფნა. თუ გიორგი ნაკრებშიც მოიკიდებს ფეხს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის.

სწორი გადაწყვეტილება - ნიჭიერ ფეხბურთელს ამის უნარიც თუ აღმოაჩნდა, მისი ტალანტის ბოლომდე წარმოჩენას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

მე მაინც მგონია, რომ "ალანია" არ არის ურიგო ვარიანტი ჭანტურიასთვის. მერე რა, რომ ვლადიკავკაზია? ფეხბურთში ბევრი რამ სწრაფად იცვლება და ბოლოს და ბოლოს, ვერც ეს რუსეთი გამოეკერება ცას.

ქართველი ფეხბურთელებისგან გამიგონია, რომ "ალანიას" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი "საჩუქარი" ნამდვილად არ არის. ერთხელ ისეც მოხდა, რომ მატჩის შემდეგ გასახდელში ერთ-ერთი ქართველის თამაშით უკმაყოფილომ მის ჩანთას გამეტებით ამოარტყა ფეხიო.

ჭანტურიას ფეხბურთის თამაშზე უფრო სხვა რამე რომ აინტერესებდეს, ალბათ, არ წავიდოდა ჰოლანდიიდან ოსურ კლუბში. "ალანიაში" კარგი ქართველის ფასი იციან და ჭანტურიამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

რუსული პრემიერლიგა 9 მარტს განახლდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი აზროვნება ღუპავს ჩვენს ფეხბურთს...
Walkabout
00:36 07-02-2013
0
შეკვეთილ სტატიას გავს.
გადაეცით დედამისს რომ ჭანტურიას ზედმეტი და უსარგებლო ქება ღუპავს.
ramo
18:57 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული