რუსული პრემიერლიგის წინა ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) ნალჩიკის "სპარტაკის" რიგებში ორი ქართველიდან მხოლოდ დავით სირაძემ ითამაშა. ნალჩიკელებს გოგიტა გოგუა ლავიწის ტრავმის გამო გმოაკლდა. როგორც ირკვევა, კავკასიურ "სპარტაკს" კვლავაც გოგუას გარეშე მოუწევს თამაში. რუსული წყაროების ინფორმაციით, "ტომთან" 23 ოქტომბრის მატჩში გოგიტა გოგუას თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, გოგუას ნალჩიკელთა კლუბთან საკონტრაქტო ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. იმავე სააგენტოების ცნობით, კლუბმა ქართველ ნახევარმცველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, მაგრამ გოგიტასგან თანხმობა ჯერ არ მიუღია.
გავიგეთ, რომ გოგუა უკეთესი წინადადებების მოლოდინშია და ამიტომ არ ჩქარობს. გოგუათი მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიური "ვიტესი", შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და კიდევ ერთი მოსკოვური კლუბია დაინტერესებულა.
პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. გოუასა და სირაძის გუნდი 36 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროტურნირებზე საასპარეზო საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, რისი მიღწევაც ნალჩიკელებმა წესით უნდა შეძლონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"