ლადო დვალიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ "ლეგიაში" გადადის!

AutoSharing Option
პოზნანის "ლეხი", ნიქოზიის "ჰაპოელი", სამარის "კრილია სოვეტოვი" - ეს ის გუნდებია, რომლებიც საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "პოლონიას" თავდამსხმელს, ლადო დვალიშვილს იწვევდნენ.

მეტიც, ერთ-ერთი პოლონური ინტერნეტგამოცემა ირწმუნებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი მოლაპარაკებას პოზნანის "ლეხთან" მართავდა, რაც მართალიც იყო, მაგრამ...

"ლადოს ახლა დავუკავშირდით და გვითხრა, რომ ვარშავის "ლეგიაში" ითამაშებს. ეს ასი პროცენტით გადაწყვეტილია, თუმცა, კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, "პოლონიას" პრეზიდენტის ჩასვლას ელის", - გვითხრეს 12 თებერვალს გვიან, დვალიშვილის ოჯახში.

ორიოდე დღის წინ თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე 26 წლის ქართველის გუნდთან ამხანაგურად ითამაშა, მაგრამ
"პოლონიაში" დვალიშვილს არ უთამაშა. თურმე, მან და კიდევ 5-მა ფეხბურთელმა შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვეს - ლადოს 4 თვეა, ხელფასი არ აუღია.

"პოლონიას" პრეზიდენტი ირენეუშ კროლი ადვოკატს შეპირდა, რომ დავალიანებას 31 იანვრამდე დაფარავდა, შემდეგ ბოლო დღედ 6 თებერვალი დათქვა, მაგრამ სიტყვა კვლავ გატეხა.

ახლა დვალიშვილმა წერტილი დასვა და კლუბიდან წავიდა. მას მაშინვე დაუკავშირდნენ ზემოთ დასახელებული კლუბები, მაგრამ ყველაზე მეტად პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერის, ვარშავის "ლეგიას" ახალმა პრეზიდენტმა ბოგუსლავ ლესნოდორსკიმ იაქტიურა, რომელიც "პოლონიას" პრეზიდენტს, დვალიშვილის საფასურად, სხვა მოთამაშეების დავალიანების გასასტუმრებლად გარკვეულ თანხას სთავაზობს.

ტრანსფერს საბოლოოდ წერტილი უახლოეს დღეებში დაესმება. პოლონეთის ექსტრაკლასაში სეზონი 22 თებერვალს განახლდება.

პირველ წრეში "ლეგიამ" 33 ქულა დააგროვა, ჩემპიონატს ლიდერობს და "ლეხს" 4 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული