ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კაჭარავა ყაზანის ”რუბინის” 72-ე ნომერია

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავა ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი გახდა: 18 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი (194 სმ) 27 თებერვალს გუნდის განაცხადში შეიყვანეს და 72-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"დინამოს" ყოფილი ფეხბურთელისა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ვაჟის ტრანსფერზე რუსული კლუბის ვებგვერდზე მითითებულია, რომ მისი ბოლო კლუბი თბილისის "დინამო" იყო.

თუმცა ნიკა დიდი ხანია, რაც თბილისელთა შემადგენლობაში აღარ ვარჯიშობს - ის გაზაფხულამდე თბილისის "დინამო 2"-ში მართლაც ირიცხებოდა, მაგრამ შარშან რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა; თავიდან ჩელენჯლიგის "კიასოში" ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო "ვანდიშში" გაანათხოვრეს. ეგაა, სამოყვარულო
გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს და ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო.

შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველი ლიგის "გაგრაში" ჩაირიცხა.

ნიკა კაჭარავა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ხორვატიაში გამართულ ელიტრაუნდის შესარჩევ ეტაპზე სამივე მატჩი ითამაშა ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებებთან. ამ ბოლო შეხვედრაში ბაჩანა არაბულს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სხვათა შორის, ნიკა თურქეთში "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის პირველი შეკრების დასრულებამდე ოთხი დღით ადრე ჩავიდა. ამის შემდეგ ორიოდე დღე ინდივიდუალურად ემზადებოდა და ყაზანელებმა მასზე დაკვირვების გაგრძელება მეორე შეკრებაზე გადაწყვიტეს.

შედეგად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი დაიტოვა.

შევიტყვეთ, რომ ნიკამ კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა, ზაფხულში კი მხარეები ხელახლა დაილაპარაკებენ.

ქართველი 19-წლამდელები მალე ბელგიაში ელიტრაუნდის შეხვედრებს გამართავენ და ეს ამბავი ამიტომაც გვახარებს: ინგლისთან, ბელგიასა და შოტლანდიასთან შეხვედრამდე რაც მეტი კარგად მომზადებული მოთამაშე გვეყოლება, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მით მეტი რეალური შანსი გაგვიჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"