ვის ჩააბარებს ჟორდანია ვიტესს?

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი", რომლის მეპატრონეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, გასულ უქმეებზე ისევ დამარცხდა. გუნდი, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები, ეროვნული გუნდის მცველი გურამ კაშია და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია არიან, "უტრეხტთან" შინ 1:4 წააგო და ჰოლანდიურ ერედივიზიონში გასავარდნ ზონაში, ბოლოდან მესამე, მე-16 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" ამ მატჩის წინა ტურშიც ამავე ანგარიშით დამარცხდა და კლუბის ქართველმა მფლობელმაც არ დააყოვნა - ჟორდანიამ გუნდის მთავარი მწვრთნელი თეო ბოსი პოსტიდან გადააყენა და დროებით გუნდი ჰანს ვან არუმს ჩააბარა. თუმცა
იქვე, საჯაროდ განაცხადა, რომ კარგი მწვრთნელის გადაბირებისთვის დრო სჭირდებოდა.

"ვიტესის" თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურის ვინაობა უკვე გაცხადდა და სწორედ ეს უნდა გაცნობოთ. როგორც ირკვევა, კანდიდატთა შორის ქართველიც არის, თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე. მის გარდა, ჰოლანდიური წყაროები, კანდიდატთა სიაში ერვინ კუმანს, ჟელკო პეტროვიჩს, სტენლი მენცოსა და სხვებს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ "ქაისერისფორი" მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. შოთას ქაისერში კარგად მისდის საქმეები, მისმა გუნდმა ბოლოს "ბეშიქთაშს" სძლია და 20 ქულით ცხრილში მესამე ადგილზეა. შესაბამისად, თურქეთიდან შოთა არველაძის "ვიტესში" გადაბარგების შანსს ჰოლანდიელი მიმომხილველები მიზერულად მიიჩნევენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული