სანდრო გურული: ნაკრებში რომ გამომიძახეს, ემოციების მოთოკვა გამიჭირდა

AutoSharing Option
სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის, ჩვენს ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხურთელთაგან უმრავლესობა გუშინდელ ნომერში გაგაცანით. ამჯერად კიდევ ორი ლეგიონერის ვინაობას დავამატებთ. ესენია, რუბინის "ყაზანის" მცველი დავით კვირკველია და ლვოვის "კარპატის" თავდამსხმელი სანდრო გურული. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის, გია გურულის ვაჟია და ეროვნულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული. მამამ ეროვნულ გუნდში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. ნაკრებში გამოძახებამ მისი ვაჟი, უსაზღვროდ გაახარა და ამას პრესასთან საუბარშიც არ მალავს. სანდრო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. მასთან ინტერვიუ, რომელიც უკრაინულმა ვებგვერდებმა გამოაქვეყნეს, ჩვენი მკითხველისთვისაც
არ უნდა იყო ინტერესმოკლებული და მცირედი შემოკლებით აქვე გთავაზობთ.

- ალბათ უკვე იცით, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში გამოგიძახათ...
- დიახ, ხარკოვის "მეტალისტთან" მატჩის შემდეგ გავიგე და უზომოდ გამეხარდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის მიზანი და ოცნებაა. შესაბამისად, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ამბავი რომ გავიგე, ემოციების მოთოკვა გამიჭირდა.

- ქეცბაია თქვენით როგორ დაინტერესდა?
- ზუსტად არ ვიცი და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, მან პსჟ-სთან "კარპატის" მატჩი ნახა და უკრაინის ჩემპიონატშიც დამაკვირდა. თემურ ქეცბაია მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და მას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც დიდად აფასებენ. მისი სამწვრთნელო დებიუტი კვიპროსულ "ანორთოსისში" შედგა და ყველამ ნახეთ თუ რამდენი შეძლო ამ უსახელო გუნდით. დიდი ხანი არ არის, რაც ქეცბაია საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელია. შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრები უფრო შედეგიანად თამაშობს.

- "კარპატიში" უკრაინის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გამოდიხართ. ასპარეზობთ ევროპის ლიგაზე. ალბათ, ამას ნაკრებში თამაშიც დაემატება. მზად ხართ ასეთი გიჟური რიტმისთვის?
- თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთელი გახდე, ამისათვის მზად უნდა იყო, სხვაგვარად არ შეიძლება. კარგად ვხედავ როგორ ბრუნდებიან ნაკრებიდან კლუბში ფედეცკი, ხუდობიაკი, კოჟანოვი, ზენიოვი... ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდი მათ ძალას მატებს. მჯერა, მეც ასე ვიქნები.

- ნაკრებში თამაში თუ მოგიწევთ, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ჰიმნი უნდა იმღეროთ. საფრანგეთში გაიზარდეთ და ალბათ ლოგიკურია თუ გკითხავთ, თქვენი ქვეყნის ჰიმნი თუ იცით?
- რა თქმა უნდა, ვიცი, ეროვნული ჰიმნი ძალიან მომწონს და ვიმღერებ კიდეც. ნაკრებში თუ დებიუტი მექნება, ამით ოჯახურ ტრადიციას გავაგრძელებ. მამაჩემმა, გია გურულმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებიც ითამაშა. ძალიან მინდა ეროვნულ გუნდში ფეხი მოვიკიდო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.





მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები.... გელით....
state
09:46 30-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული