ღვინიანიძე კიოლნში, კაიზერსა თუ დუისბურგში?

AutoSharing Option
უკვე ოთხ წელზე მეტია, 23 წლის ქართველი მცველი მათე ღვინიანიძე მეორე ბუნდესლიგის "მიუნხენ 1860"-ში ასპარეზობს. ის "ლომებში" მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და გერმანულ ფეხბურთსაც კარგად შეეწყო. თუმცა შესაძლოა, მათემ ზამთრის პაუზისას მისამართი შეიცვალოს. მის შესაძლო ტრანსფერზე ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყებამდე, ზაფხულში ალაპარაკდნენ. პირეოსის "ოლიმპიაკოსი" ღვინიანიძის სანაცვლოდ 900 ათას ევროს სთავაზობდა მიუნხენელებს. ბავარიელები უარს არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თავად ჩვენებურმა საბერძნეთში, "ლომების" ყოფილ მწვრთნელ ევალდ ლინენის გუნდში გადაბარგებას გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.

ჩვენი ინფორმაციით, ღვინიანიძის გადაბირებით მთავარ ბუნდესლიგაში მოასპარეზე ორი კლუბია დაინტერესებული.
ორივე ცხრილის ბოლოშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებად დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ. როგორც გავიგეთ, მათეს გადაბირება, 5 ქულით ბუნდესლიგის ცხრილის ფსკერზე მყოფ "კიოლნს" უნდა, რომლის მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ და ერთ-ერთ კანდიდატად ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი კლაუს ტოპმიოლერია დასახელებული. ტოპმიოლერის კიოლნელთა გუნდში მისვლა, მათეს სავარაუდო ტრანსფერთან არაფერ შუაშია, "კიოლნი" ღვინიანიძით უფრო ადრე დაინტერესდა. ჩვენებურის მსურველი მეორე ბუნდესლიგური კლუბი "კაიზერსლაუტერნია", რომლის თავკაცი მარკო კურტსია. "კაიზერსაც" არ ულხინს, 7 ქულით მე-15 ადგილზეა და საფეხურით უსწრებს გასავარდ ზონაში მყოფ სამეულს.

ბუნებრივია, მათეს პირველ ბუნდესლიგაში თამაში სურს, მაგრამ მისით დაინტერესებული "კიოლნი" და "კაიზერსლაუტერნი" შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს გერმანიის მთავარ ლიგაში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. რჩეულ დივიზიონში გადასასვლელი შანსებით ღვინიანიძის გუნდი თავს ვერ მოიწონებს, "ლომები" 13 ქულით მე-9 ადგილზე არიან და ერთბაშად 10 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს, ლევან კობიაშვილის "ჰერტას". გავიგეთ ისიც, რომ ღვინიანიძით მთავარ ბუნდესლიგაში გადასვლის ერთ-ერთი პრეტედენტი "დუისბურგიც" დაინტერესდა. "დუისბურგი", რომელსაც ხორვატი მილან შაშიჩი წვრთნის და მეორე ბუნდესლიგაში21 ქულით მეორე ადგილზეა.

მათე ღვინიანიძეს "მიუნხენ 1860"-თან საკონტრაქტო ვადა გაისად, 30 ივნისს ეწურება. ასეთ შემთხვევაში, თუ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 თვით, მასთან ახალ კონტრაქტზე იწყებს მოლაპარაკებას. როგორც გავიგეთ მიუნხენური კლუბის მესვეურებს, ღვინიანიძესთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ. თუ ჩვენებურთან მოლაპარაკება ზამთარშიც არ წამოიწყეს, შესაძლოა, ქართველმა მცველმა კლუბიც შეიცვალოს. იმასაც გაცნობებთ, რომ მათეს სატრანსფერო ფასი 900 ათასი ევროა.

საინტერესოა თავად ფეხბურთელის პოზიციაც.

"არ დავმალავ, რომ "მიუნხენ 1860"-ში ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამთ. რატომ, არ ვიცი. თუ ჩემი კლუბი უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, დარჩენზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს მიუნხენს შევეჩვიე, გულშემატკივარსაც ვუყვარვარ და მათ მიმართ მეც პატივისცემით ვარ განწყობილი. არც იმას დავმალავ, რომ ბუნდესლიგაში მინდა ვითამაშო და კარგი იქნება, თუ ამას "მიუნხენ 1860"-ის მაისურით შევძლებ", - განაცხადა მათე ღვინიანიძემ.

თვეზე მეტია, მათე ღვინიანიძე ტრავმირებულია. ჩვენებურმა "მიუნხენ 1860"-ის რიგებში, ბოლოს 26 სექტემბერს "აუგსბურგთან" (2:1) ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ღვინიანიძეს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრავმის გამო კი ოქტომბრის მატჩებში ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშა.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლიმპიაკოსზე როგორ თქვა უარი არაა სასაცილო?
bizina
15:10 06-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული