ჩვენი ინფორმაციით, ღვინიანიძის გადაბირებით მთავარ ბუნდესლიგაში მოასპარეზე ორი კლუბია დაინტერესებული.
ბუნებრივია, მათეს პირველ ბუნდესლიგაში თამაში სურს, მაგრამ მისით დაინტერესებული "კიოლნი" და "კაიზერსლაუტერნი" შეინარჩუნებენ თუ არა ადგილს გერმანიის მთავარ ლიგაში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. რჩეულ დივიზიონში გადასასვლელი შანსებით ღვინიანიძის გუნდი თავს ვერ მოიწონებს, "ლომები" 13 ქულით მე-9 ადგილზე არიან და ერთბაშად 10 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს, ლევან კობიაშვილის "ჰერტას". გავიგეთ ისიც, რომ ღვინიანიძით მთავარ ბუნდესლიგაში გადასვლის ერთ-ერთი პრეტედენტი "დუისბურგიც" დაინტერესდა. "დუისბურგი", რომელსაც ხორვატი მილან შაშიჩი წვრთნის და მეორე ბუნდესლიგაში21 ქულით მეორე ადგილზეა.
მათე ღვინიანიძეს "მიუნხენ 1860"-თან საკონტრაქტო ვადა გაისად, 30 ივნისს ეწურება. ასეთ შემთხვევაში, თუ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 თვით, მასთან ახალ კონტრაქტზე იწყებს მოლაპარაკებას. როგორც გავიგეთ მიუნხენური კლუბის მესვეურებს, ღვინიანიძესთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ. თუ ჩვენებურთან მოლაპარაკება ზამთარშიც არ წამოიწყეს, შესაძლოა, ქართველმა მცველმა კლუბიც შეიცვალოს. იმასაც გაცნობებთ, რომ მათეს სატრანსფერო ფასი 900 ათასი ევროა.
საინტერესოა თავად ფეხბურთელის პოზიციაც.
"არ დავმალავ, რომ "მიუნხენ 1860"-ში ხელშეკრულების გაგრძელებაზე ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამთ. რატომ, არ ვიცი. თუ ჩემი კლუბი უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, დარჩენზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს მიუნხენს შევეჩვიე, გულშემატკივარსაც ვუყვარვარ და მათ მიმართ მეც პატივისცემით ვარ განწყობილი. არც იმას დავმალავ, რომ ბუნდესლიგაში მინდა ვითამაშო და კარგი იქნება, თუ ამას "მიუნხენ 1860"-ის მაისურით შევძლებ", - განაცხადა მათე ღვინიანიძემ.
თვეზე მეტია, მათე ღვინიანიძე ტრავმირებულია. ჩვენებურმა "მიუნხენ 1860"-ის რიგებში, ბოლოს 26 სექტემბერს "აუგსბურგთან" (2:1) ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ღვინიანიძეს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრავმის გამო კი ოქტომბრის მატჩებში ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშა.