ამ ლოგიკით, იანვარში ლადო დვალიშვილის ტრანსფერს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, "მაქაბის" სკაუტებს დვალიშვილის შემცვლელად ერთ-ერთი ლატვიელი თავდამსხმელი უკვე შერჩეულიც კი ჰყოლიათ. იანვრამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ვნახოთ...", - წერს ებრაული ვებგვერდი Ynet.co.il-ი. ისრაელში დვალიშვილისგან მასმედიაც კი გოლს ითხოვს. ებრაულ ვებგვერდებზე ჩვენებურის შესახებ, სტატისტიკური მასალაც გამოჩნდა:
"ლადო დვალიშვილმა ებრაულ ლიგაში სადებიუტო სეზონშივე გაიბრწყინა - 35 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. "მაქაბის"ფანები ქართველის გოლებს იმდენად შეეჩვივნენ, რომ მის მშრალ სერიას ვერ ეგუებიან. მეტიც, ლადოს გოლები ჟურნალისტებსაც მოენატრათ. მიმდინარე სეზონში დვალიშვილს 7 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს დვალიშვილმა 25 სექტემბერს გაიტანა, "მაქაბიმ" "ბნეი იეჰუდა" სტუმრად 3:2 სწორედ ლადოს მიერ გატანილი ბურთით დაამარცხა. როდისთვის უნდა ველოდოთ დვალიშვილის მორიგ გოლს?"
ზოგი ებრაული საიტის ინფორმაციით, "მაქაბი" ზამთარში არა მარტო ქართველ თავდამსხმელს, არამედ კიდევ 2-3 წამყვან ფეხბურთელს შეელევა, რადგან კლუბს ფინანსურად გაუჭირდა და მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ოქროს მედლისთვის ვეღარ იბრძოლებსო.
დვალიშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამ ათიოდე დღის წინ ვწერდით. სწორედ მაშინ გაცხადდა, რომ დონეცკის "მეტალურგი" მზად არის, ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო გაიღოს. გავიგეთ ისიც, რომ ლადოს მთხოვნელები საბერძნეთშიც ჰყავს. კერძოდ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ექტორ კუპერის "არისი" და სალონიკის პაოკ-ი. ცნობისთვის: ეროვნულ ნაკრებში დვალიშვილი პირველად სწორედ კუპერმა მიიწვია. არგენტინელი მწვრთნელი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გეგმავდა. კუპერს "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძის გადაბირება უნდოდა, მაგრამ ბერძნებმა მჭედლიძის მფლობელ "ემპოლისგან" მაშინ უარი მიიღეს. ჯერჯერობით ამ ბერძნულ კლუბებს დვალიშვილის გადაბირების სურვილი საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ, ჩვენ მხოლოდ სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ.
დვალიშვილის მსურველი კლუბების რაოდენობას გუშინ კიდევ ერთი დაემატა, ხარკოვის "მეტალისტი". უკრაინულმა ვებგვერდებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ქართველ თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის გადაბირებისთვის დონეცკის "მეტალურგს" ხარკოვის "მეტალისტი" გაუწევს მეტოქეობას. თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, რამდენს ჩამოდიან ხარკოველები ჩვენებურის სანაცვლოდ, დონეცკელთა მსგავსად 1.2 მილიონ ევროს თუ უფრო მეტს.
იმასაც გაცნობებთ, რომ დვალიშვილის მსურველი ორი უკრაინული კლუბიდან უკეთეს პოზიციაში "მეტალისტია". ხარკოველთა გუნდი, რომელსაც ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი მირონ მარკევიჩი წვრთნის, 14 ტურში მოგროვებული 28 ქულით მე-3 ადგილზეა და საფეხურით უსწრებს უჩა ლობჟანიძისა და ჯაბა კანკავას "დნიპროს". ისიც ცხადია, რომ "მეტალისტს" თავდასხმაში უჭირს. გუნდში 4 ნომინალური ფორვარდია და 26 გატანილი ბურთიდან მათზე მხოლოდ 7 გოლია. უფრო მეტიც, გუნდის 4 თავდამსხმელიდან ორს მიმდინარე სეზონში არ გაუტანია, ანდრეი ვორობეის რვა, ხოლო ბრაზილიელ ტაისონს სამი ბურთი აქვს გატანილი. დანარჩენი გოლებიდან 6 სერბული წარმოშობის უკრაინელმა მარკო დევიჩმა გაიტანა...
რაც შეეხება დონეცკის "მეტალურგს", ბულგარელ მწვრთნელ ნიკოლაი კოსტოვის გუნდი 18 ქულით მე-8 ადგილზეა. ხარკოველების მსგავსად, წინა ხაზში დონეცკელებსაც უჭირთ. მათ ბურთების ბალანსი უარყოფითი აქვთ და 17 გატანილი გოლიდან, ოთხ თავდამსხმელზე მხოლოდ 5 ბურთი მოდის.
ერთი სიტყვით, ებრაელი მიმომხილველები დვალიშვილის ტრანსფერს იანვარში ვარაუდობენ. მანამდე ორი თვე დარჩა და ჩვენც დაველოდოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"